იქ რეპატრიანტი მესხები ცხოვრობენ

dscn0369ახალციხეში, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ოფისში შტაფფ რვა საათზე შეიკრიბა. ცხრის ნახევრისთვის უკვე სამცხე-ჯავახეთის ცენტრალური ქალაქი დავტოვეთ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში პირველად მივდივარ, ამ სოფელზე მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ რეპატრიანტი მესხები ცხოვრობენ.

შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალს უნდა ვესტუმრო, ის სოფელიც რეპატრიანტებითაა დასახლებული.


ბორჯომში მზე დავტოვეთ, სურამში გვერდებშებრაწული ნაზუქები, რიკოთის უღელტეხილზე თოვლი. სამტრედიაში კი წვიმა დაგვხვდა.

,,მარშუტკით” ვმგზავრობთ, ვიცი, რომ ,,ტრაფარეტით’’ მივაგნებთ რეპატრიანტი მესხების სოფელს, ეგრეთწოდებულ IX უბანს, რატომღაც ფილმი ,,მეცამეტე რაიონი” მაგონდება.

,,ტრაფარეტი” გზაზე არ ჩანს, ამიტომაც IX უბნისჩასახვევს ვერ ვპოულობთ.

,,ტრაფარეტი” გადაბრუნებული აღმოჩნდა. გაჩნდა ვარაუდები: ქარმა მოგლიჯა, ძალითაა ამოგლეჯილი. ჩაუხვიეთ. ცუდი ამინდია და ტალახიანი ორღობეები უფრო მძაფრად გეჩხირება თვალებში.

იზოლირებული IX უბანი

იანეთი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 30 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი.

სოფელ იანეთი ცხრა უბნისგან შედგება. მოსახლეობის რაოდენობა 820 კომლსა და 2525 მოსახლეს შეადგენს.

I უბნის მისახლეობა _ 124 კომლი;
II უბნის _ 90 კომლი;
III უბნის _ 124 კომლი;
IV უბნის _ 112 კომლი;
V უბნის _ 72 კომლი;
VI უბნის _ 93 კომლი;
VII უბნის _ 63 კომლი;
VIII უბნის _ 61 კომლი;
IX უბნის _ 30 კომლი;

სოფელ იანეთის ცხრა უბნიდან, შეიძლება ითქვას ყველაზე იზოლირებული IX უბანია. ირგვლივ, რასაც თვალი წვდება სოფლები არ ჩანს. IX უბანში მოსახლეობის რაოდენობა 162 კაცს შეადგენს. სკოლაში კი 28 მოსწავლე დადის.

,, იანეთის IX უბანში, სადაც რეპატრირებული მესხები ცხოვრობენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის" დაფინანსებით და ხელშეწყობით, მესხი მოსწავლეები სწავლობენ სხადასხვა ხელსაქმეს: თექა, ხეზე კვეთა, რეწვა, ჭრა-კერვა, გობეილნი და სხვა”, - ვკითხულობთ გოოგლე.ცომ საძიებლიდან ნაპოვნ ინფორმაციებში.

IX უბანში სახლები ორსართულიანია და ყველა ერთნაირი, განსხვავება მხოლოდ შეფერილობაშია. ზოგი მწვანეა და ზოგი ცისფერი.
სკოლაში მივდივართ, იქ უნდა დაგვხვდნენ. წიგნები მიგვაქვს, კომპიუტერიც.

კვირა დღეა, ირგვლის სიწყნარეა. სკოლის შენობა ძველია, გასარემონტებელი, ნაცრისფერი კდელებითა და ხის ამოცვენილი იატაკით. ფანჯრები ალაგ-ალაგ ჩამსხვრეული. ქართული ენის კაბინეტში პატარა ღუმელი დგას, დაბლა მთელ სიგრძეზე ფიცარია ჩავარდილი. იქ ალბათ ხურდა ფულისა და პასტების საბადოა. სამასწავლებლოში რუსული თ ფორმითაა განლაგებული მაგიდები. თაროზე წიგნები დევს: პატრიკ ზუსკინდის ,,სუნამო’’ და ყურბან საიდის ,,ალი და ნინო”.

ბევრი ფული, რომ მქონდეს ვფიქრობ და ვიწყებ ოცნებას . . .

სკოლას გავარემონტებდი, ისე კარგად, რომ სხვა უბნების ბავშვებსაც აქ ევლოთ.

საბავშვო ბაღს გავაკეთებდი, ბევრი, ბევრი სათამაშოებითა და გასართობებით. საბავშვო ბაღში ადგილობრივებს დავასაქმებდი აუცილებდად!

გზას დავაგებდი, არა სოფელს კი უხდება ტალახიანი ორღობეები, მაგრამ ცენტრალურ გზის გაკეთება მიმაჩნია, რომ მაინც საჭიროა.

სკოლაში ლაშა ერისთავი გვხვდება. მასპინძლობას ის გვიწევს. მაღალია, თხელი ,,ნამდვილი ერისთავია”, - ამბობენ მასზე.
სოფელს ვათვალიერებ. გარეთ არავინაა. მინდა კარდაკარ ვიარო და ოჯახებს ვესტუმრო, თუმცა ნასაკირალში ვართ წასასვლელები და ვერ ვახერხებ.სკოლაში აპარატურას ვტოვებთ და მივდივართ.

dscn0452სოფელი ნასაკირალი

ნასაკირალი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში. მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესართავთან.

სოფლის შესახებ არსებობს გადმოცემა , რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ,,ნასაკირალი" . ეს ტერიტორია ტყით იყო დაფარული, რომელსაც თავს აფარებდნენ ფირალები და აგრეთვე "გურიის ჯანყის" მონაწილენი.

მოუვლელი ჩაის ბუჩქები, კოჭდაბალი მანდარინის ხეები და მიხვეულ-მოხვეული გზები. ერთ –ერთ მოსახვევში მთიდან პატარა ჩანჩქერი გადმოდის. ულამაზესი სანახავია. მაღლობიდან დაბლა ვეშვებით და ნასაკირალში შევდივართ. აქ 30 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 130 სულს შეადგენს და სკოლში 40 ბავშვი დადის. იოსებ ხოზრევანისის ოჯახში მივდივართ, გველოდებიან. მთელი სოფელი აქაა. საუბრობენ პრობლემებზე, რომელიც ძირითადად არაინტეგრირებულობითაა გამოწვეული.
ეზოში ბევრი ყვავილებია და ბამბუკის ჯოხებით მაღლა აყვანილი ვაზის ტალავერი.

- რითი ერთობა ახალგაზრდობა? – ვეკითხები ასლან ხოზრევანიძეს.

- მოტოციკლეტით დავქრივართ, - მპასუხობს სერიოზულად. ვაააა გყავთ მიხარია მეე, მაგარია ვამატებ და ვფიქრობ, რა კარგი გასართობი მოუგონებიათ, ალბათ დაქრიან გოგო-ბიჭები აღმა-დაღმა, თუმცა ფიქრიდან ასლანის სიცილმა გამომარკვია.
- "ვიხუმრეე, რა უცებ დაიჯერე”, - მეუბნება ის.

ასლანის მეუღლე ფერიდე 25 წლისაა, თუმცა 17 წლის მეგონა. ფერიდე ლამაზია, შავგვრემანი, სოფელ იანეთიდან აქ გათხოვდა.
მათ ერთი შვილი ჰყავთ ანა, რომელიც ოთახში შემორბის შავ თვალებს აბრიალებს, დედას ჰგავს, ზურგზე დაკიდებულ სათამაშო ჩანთას იხსნის და მეორე ოთახში გვემალება. მასპინძლები სუფრას შლიან, ჩაიც მოგვართვეს სხვადასხვა ხილის არომატით და ქადა ზეთით.

,,რადგან მარხვაა ზეთიანი, ამიტომაც გავაკეთეთ”, - გვიხსნის ოჯახის დიასახლისი. რამდენიმე საათი ვჩერდებით, აქაც ვტოვებთ სხვადასხვა აპარატურას, წიგნებს. მთელი სოფელი გვაცილებს.

,,სანამ თვალს არ მოვეფარეთ, მანამდე გარეთ იდგნენ, გავხედეო”, - თქვა დაბრუნებისას ადვოკატმა რეზო კაჭკაჭიშვილმა.

ნასაკირალიც დავტოვეთ, ბევრი კითხვა დამრჩა დასასმელი, თუმცა პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში”კიდევ ბევრჯერ მომიწევს ამ სოფლებში სტუმრობა და კითხვებს ნელ-ნელა პასუხებიც გაეცემა.

გულო კოხოძე, იანეთი - ნასაკირალი