ბავშვთა დაცვის დღე ,,ტოლერანტმა” იანეთშიც აღნიშნა

ianeti axali 089ასოციაცია ,,ტოლერანტმა” 1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” წარმომადგენლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მეცხრე უბანში რეპატრირებულ მესხ ბავშვებთან ერთად გაატარეს.

ადგილობრივების თხოვნა იყო სოფელ იანეთის მეცხრე უბნის საბაზო სკოლის ბაზაზე ცეკვის, სიმღერისა და ფეხბურთის გუნდები ჩამოყალიბებულიყო.


ასოციაცია ,,ტოლერანტი” ამჯერად ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” პროექტს ახორციელებს და მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში არ შედის მსგავსი გუნდების შექმნა - დაფინანსება, ასოციაცია ,,ტოლერანტმა” გამოიჩინა კეთილი ნება და ამჯერად სკოლაში სამივე ჯგუფი ფუნქციონირებს.

სწორედ ცეკვისა და სიმღერის ჯგუფების დამსახურება იყო 1 ივნისს სოფელ იანეთის მეცხრე უბნის საბაზო სკოლის მოსწავლეების გააქტიურება.

რეპატრირებულმა მესხმა ბავშვებმა ამ დღეს სკოლის სააქტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართეს.

,,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, - ისმოდა სკოლის დარბაზიდან.

სამშობლოს სიყვარულზე, თავდადებაზე, მამულიშვილობაზე დაწერილ ქართულ ლექსებს რეპატრირებული მესხი ბავშვები მთელი მონდომებით ყვებოდნენ.

მათ მიერ ნამღერი ,,მრავალჟამიერი”, ,,მზე შინა და მზე გარეთა”, მესხური სიმღერა ,,მჭედელო” სხვანაირად ჩაგვესმოდა თითქოს ყურში.

რაჭული სიმღერის ,,ტაში ბიჭო გიორგუნას” ფონზე შესრულებულმა ცეკვამ კი დამსწრე საზოგადოება აატირა.

,,გვინდოდა ეს ლამაზი დღე თქვენთნ ერთად გაგვეტარებინა. ჩამოგიტანეთ წიგნები, სხვადასხვა საჩუქრები. დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის და კონცერტისთვის”, - უთხრა ადგილობრივებს ასოციაცია ,,ტოლერანტის” ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.

ფეხბურთის გუნდს საჩუქრად საფეხბურთო ფორმები, კედები და ბურთები გადაეცა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველამ ცალ-ცალკე დაათვალიერა საჩუქრები. იყო უამრავი სამადლობელო სიტყვა, თუმცა მთავარს პატარების ანთებული და სიხარულით აციმციმებული თვალები ამბობდნენ.

1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში სხვა პატარა მხატვრებთან ერთად რეპატრირებული მესხი ბავშვების გამოფენაც მოეწყო.

,,ბავშვობიდან ვხატავ ძირითადად პეიზაჟებს”, - გვეუბნება ანა კამილოვა, რომელმაც გამოფენაზე, ნომინაციაზე - საუკეთესო პოეტური ნახატი პრიზი მიიღო, თუმცა დაჯილდოებაზე ვერ გამოცხადდა, რადგან სკოლაში გამართულ კონცერტზე იღებდა მონაწილეობას.

ასოციაცია ,,ტოლერანტის” მეშვეობითა და დახმარებით უახლოეს მომავალში ანა კამილოვას და მისი მეგობრების პერსონალური გამოფენა როგორც სამტრედიის, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.

ასოციაცია ,,ტოლერანტის” ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა კონცერტის ბოლოს ბავშვებთან ერთად საქართველოს ჰიმნი იმღერა.