სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის იდენტობის შესახებ

უჩა ბლუაშვილი

სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს `მესხეთელ თურქად” მიიჩნევს. საქართველოში დამკვიდრებული თვალსაზრისის მიხედვით კი ისინი არა `თურქი მესხები”, არამედ მაჰმადიანი მესხები არიან. ამ თვალსაზრისს საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია: ისტორიული დოკუმენტები სრულიად ერთმნიშვნელოვნად მოწმობენ, რომ დეპორტირებული მოსახლეობის 80-85 პროცენტი ეთნიკური ქართველია. კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც ამ თვალსაზრისის ავტორები აპელირებენ, ასეთია: ტერმინი `თურქი მესხი” ნონსენსია. `თურქი მესხი” ბუნებაში არ არსებობს. ადამიანი ან თურქია, ან მესხი, ანუ ქართველი...მოდით წყნარად, ემოციების გარეშე განვიხილოთ ორივე არგუმენტი. დავიწყოთ უკანასკნელით. ისინი, ვინც ნონსენსად მიიჩნევენ ტერმინ `თურქ მესხს”, რატომღაც არ აპროტესტებენ სიტყვათა ასეთ შეთანაწყობას: `ქართველი ებრაელი”, `რუსი ებრაელი”, პოლონელი ებრაელი” და ა. შ. თუ შეიძლება არსებობდეს ქართველი ებრაელი, რატომ არ შეიძლება დავუშვათ `თურქი მესხის” არსებობა? ქართველ ებრაელს მხოლოდ მშობლიური ენა აქვს დაკარგული. 26 საუკუნის მანძილზე მან შეძლო საკუთარი სარწმუნოების, და რაც მთავარია, ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება. ჩვენს ე. წ. თურქ მესხს კი არა მხოლოდ სარწმუნოება, ენაც და ეროვნული იდენტობაც დაკარგული აქვს. XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე ეს ადამიანები კითხვაზე, თუ რომელ ეროვნებას ეკუთვნოდნენ, თავდახრილნი პასუხობდნენ: ჩვენ იერლი მუსლიმები, ე. ი. ადგილობრივი მუსლიმები ვართო. ასე ცდილობდნენ ისინი როგორც ქრისტიანი მესხებისგან, ისე ეთნიკური თურქებისგან დისტანცირებას. დღეს ეს ადამიანები ამაყად აცხადებენ, რომ `მესხეთელი თურქები” არიან. თუ მათ არჩევანის წინაშე დავაყენებთ _ თავიანთი იდენტობის განმსაზღვრელ ტერმინად ან მესხობა ან თურქობა აირჩიონ, ისინი უყოყმანოდ მესხობაზე იტყვიან უარს...

მოდით წყნარად, ემოციების გარეშე განვიხილოთ ორივე არგუმენტი. დავიწყოთ უკანასკნელით. ისინი, ვინც ნონსენსად მიიჩნევენ ტერმინ `თურქ მესხს”, რატომღაც არ აპროტესტებენ სიტყვათა ასეთ შეთანაწყობას: `ქართველი ებრაელი”, `რუსი ებრაელი”, პოლონელი ებრაელი” და ა. შ. თუ შეიძლება არსებობდეს ქართველი ებრაელი, რატომ არ შეიძლება დავუშვათ `თურქი მესხის” არსებობა? ქართველ ებრაელს მხოლოდ მშობლიური ენა აქვს დაკარგული. 26 საუკუნის მანძილზე მან შეძლო საკუთარი სარწმუნოების, და რაც მთავარია, ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება. ჩვენს ე. წ. თურქ მესხს კი არა მხოლოდ სარწმუნოება, ენაც და ეროვნული იდენტობაც დაკარგული აქვს. XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე ეს ადამიანები კითხვაზე, თუ რომელ ეროვნებას ეკუთვნოდნენ, თავდახრილნი პასუხობდნენ: ჩვენ იერლი მუსლიმები, ე. ი. ადგილობრივი მუსლიმები ვართო. ასე ცდილობდნენ ისინი როგორც ქრისტიანი მესხებისგან, ისე ეთნიკური თურქებისგან დისტანცირებას. დღეს ეს ადამიანები ამაყად აცხადებენ, რომ `მესხეთელი თურქები” არიან. თუ მათ არჩევანის წინაშე დავაყენებთ _ თავიანთი იდენტობის განმსაზღვრელ ტერმინად ან მესხობა ან თურქობა აირჩიონ, ისინი უყოყმანოდ მესხობაზე იტყვიან უარს...

დიახ, სამწუხაროდ, ეროვნული იდენტობის განსაზღვრის თვალსაზრისით, მათი ასიმილაციის პროცესი დასრულებულია. ისინი დღეს თავს თურქებად მოიაზრებენ. ცნება სამშობლოს ქვეშ მათ თურქეთი წარმოუდგენიათ, მათი პატრიოტიზმი თურქულია და არა ქართული. 

ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის ეთნიკური იდენტობის განსაზღვრა მხოლოდ მისი წარმოშობის მიხედვით?

აქსიომატური ჭეშმარიტებაა. ადამიანი იმ ეროვნებისაა, რომელადაც თვითონ მიიჩნევს თავს. ვინ იყო, მაგალითად, კახთა მეფის _ ალექსანდრე მეორის უმრწმესი შვილი _ კონსტანტინე? შაჰ-აბასის კარზე მანქურთად გაზრდილი, კახეთში ის კოსტა მირზად დაბრუნდა, ხელის აუკანკალებლად გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი მამა და ძმა და ირანის პროვინციად კახეთის გადაქცევის აბასისეული გეგმის განხორციელებას შეეცადა. სისხლით ის ქართველი, თანაც, ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელი, ეროვნული ცნიბიერებით კი უკვე თხემით ტერფამდე გასპარსელებული იყო, ამიტომაც ვეღარ მივიჩნევთ მას ქართველად. ისევე, როგორც ვერ მივიჩნევთ `წმინდა” რუსად ნიკოლოზ დერიუგინს, `წმინდა” გერმანელად ანი გიუნტერს და ა. შ. ახალციხის რაიონში ცხოვრობენ გოროხოვები, მარტინენკოები, შევჩენკოები, პანიატოვსკები, რომელთა წინაპრები ორი საუკუნის წინათ დასახლდნენ ამ მიწაზე. სისხლით ისინი, ცხადია, რუსები (გოროხოვები), უკრაინელები (შევჩენკოები, მარტინენკოები), პოლონელები (პანიატოვსკები) არიან, მაგრამ მათი ცნობიერება რადიკალურად განსხვავდება თანატომელთა ცნობიერებისგან. ამასთან, ეს ადამიანები ბოლომდე ქართველებიც არ არიან, რადგან გენი ძალზე სიცოცხლისუნარიანი რამ არის. ამიტომაც მათ მიმართ უპრიანია `ქართველი რუსის,” `ქართველი უკრაინელის,” `ქართველი პოლონელის” და ა. შ. გამოყენება. ასევე ითქმის ეთნიკურად ქართველ, მაგრამ ეროვნულ ცნობიერებადაკარგულ დეპორტირებულებზე. ისინი სწორედაც რომ `თურქი მესხები” არიან _ თურქები ცნობიერებით, სარწმუნოებით, ენით და მესხები გენეტიკურ კოდში ჩაკირულ-ჩადუღაბებული ქართული თვისებებით...

რატომ მოილტვიან ისინი მაინცდამაინც საქართველოსკენ და არა `თავიანთი დიდი სამშობლოსკენ”, როგორც ისინი თურქეთს უწოდებენ? იმიტომ, რომ მათ ისტორიულ მეხსიერებას შემონახული აქვს ცოდნა სამშობლოს შესახებ. ეროვნული ცნობიერება კი საუკუნეების განმავლობაში უხეში ზეწოლის შედეგად წაშლილია. 

როგორ შეიძლება მიწაზე, რომელიც მესხეთად იწოდება, მკვიდრ მოსახლეობას (ისინი თავიანთ თავს ასეთებად მიიჩნევენ) თურქები შეადგენდნენ? საკმარისია ამ ადამიანებმა თავიანთ თავს დაუსვან ეს კითხვა და მაშინვე ცხადი გახდება საკუთარ ეროვნულ იდენტობაზე და წარმომავლობაზე მათი წარმოდგენების სრული აბსურდულობა. ამ მადლიან მიწას სახელწოდება აქ უხსოვარი დროიდან მცხოვრებმა მესხებმა მისცეს. მაშასადამე, თურქი ამ მიწაზე მხოლოდ მოსული შეიძლება იყოს. ხოლო თუ ამ მიწის მკვიდრი ხარ, ე. ი. მესხი, ანუ ქართველი ხარ. ეს მარტივი ლოგიკაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათანადო ახსნა-განმარტებების შედეგად დეპორტირებულთა ეს ნაწილი მალე გააცნობიერებს ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას. ჩვენ არ ვმალავთ, რომ რეპატრიანტებთან სერიოზულ მუშაობას ჩავატარებთ მათი გაუკუღმართებული ცნობიერების გამოსასწორებლად. ჩვენ მათ მივაწვდით ისტორიულ დოკუმენტებს, გავაცნობთ არა გაყალბებულ-დამახინჯებულ, არამედ ნამდვილ ფაქტებს თავიანთი ჭეშმარიტი ისტორიის შესახებ. ეჭვი არაა, რომ ასეთი მუშაობა შედეგს გამოიღებს და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ ფესვებს. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს უკვე ჩამოსახლებული რეპატრიანტების გამოსწორებული ეროვნული ცნობიერება გვაძლევს. Bბევრი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა აშკარად გამოხატული თურქული ცნობიერებით, თუმცა ისტორიული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მალევე გააცნობიერა, თუ ვინ იყო სინამდვილეში.

მაშასადამე, სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავისი ეროვნული ცნობიერებით დღეს თურქი მესხია.

რამდენად გამართლებული იქნება ამ ტერმინის დეპორტირებულთა მთელი მასის მიმართ გამოყენება?  

ამ კითხვას უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ. დეპორტირებულთა მასა ერთგვაროვანი არ გახლავთ. მესხური წარმომავლობის დეპორტირებულთა ერთ ნაწილს შენარჩუნებული აქვს ქართული ცნობიერება. ამიტომ ისინი მაჰმადიანი მესხები არიან. დეპორტირებულებს შორის არის შედარებით მცირე, მაგრამ მაინც  

ეთნიკური თურქების რაღაც ნაწილი, რომელთა მიმართ ტერმინ `მესხს” ვერანაირ კონტექსტში ვერ გამოვიყენებთ. ასევე ითქმის დეპორტირებულთა იმ ნაწილზე, რომელიც გამაჰმადიანებულ-გათურქებული სომეხია (ჰემშილი), ან ასევე გათურქებული ქურთია. 

ამიტომაც, ერთადერთი ტერმინი, რომელიც კრებსითად გამოხატავს დეპორტირებულთა მთელ მასას, ამასთან, ეთნიკური თუ კონფესიური თვალსაზრისით ნეიტრალიტეტის შემცველია, გახლავთ _ სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობა. ( მოკლედ _ დეპორტირებული მოსახლეობა).

ვფიქრობ, ოფიციალურ დოკუმენტებში ამ ტერმინის გამოყენება მოხსნის იმ უხერხულობას და გაუგებრობას, რომელიც დეპორტირებულთა დიდ ნაწილში დამკვიდრებული ტერმინის _ `მესხეთელი თურქების”, ან კიდევ საქართველოში დამკვიდრებული ტერმინის _ `მაჰმადიანი მესხების” შედეგად წარმოიქმნება ხოლმე.