კეთილი ნებით დაგვირგვინებული კარგი საქმე

,,ბავშვებს ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა არც ბურთი აქვთ, არც სპორტული ფეხსაცმელები“, - ეს ფრაზა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მკვიდრმა ალიხან იბრაგიმოვმა სოფელში ჩასულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილსა და ასოციაციის მენეჯერს გოჩა ნათენაძეს უთხრა და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენციას“ ფარგლებში არ იყო დაგეგმილი საფეხბურთო გუნდის შექმნა, გადაწყდა, რომ ასოციაცია ამ მხრივ ბავშვებს მაინც დახმარებოდა.

,,ბავშვებს შეუძინეთ და გადავეცით ბურთები, სპორტული ფეხსაცმელები და ფორმები. ამასთანავე მოზარდებს დაენიშნათ მწვრთნელი, რომელსაც ხელფასს ჩვენი ასოციაცია უხდის . ეს არის ,,ტოლერანტის“ კეთილი ნება“, - განაცხადა გოჩა ნათენაძემ.
ფეხბურთის სწავლება იანეთის მე-9 უბანში მარტის თვიდან დაიწყო. სულ დარეგისტრირებულია 7-დან 18 წლამდე ასაკის 23 ბიჭი. მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში სამი დღე 3-4 საათის ხანგრძლივობით, 17 საათიდან 20-21 საათამდე.
ფეხბურთის მწვრთნელი ალიხან იბრაგიმოვი ამბობს რომ პატარა ფეხბურთელები ძალიან მონდომებულები არიან.
,,უნდა აღვნიშნო ბავშვებთან სწავლება ელემენტარულიდან დავიწყე, როგორიცაა ბურთის ფეხით ტარება და გადაწოდება. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. მთავარი მაინც სურვილი და მონდომებააა ეს კი ნამდვილად შეიმჩნევა ბავშვებში, ისინი ცდილობენ შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოიყენონ და გააკეთონ ის რასაც ვასწავლი“, - გვითხრა ფეხბურთის მწვრთნელმა.
მოზარდები ახლა სპორტულ ფორმებში გამოწყობილები სკოლის ეზოს ამწვანებულ სტადიონზე ვარჯიშობენ. პატარა ფეხბურთელები ერთხმად უცხადებენ მადლობას ასოციაცია“ ტოლერანტს“.
ვინ იცის მათ შორის რამდენი დიდი ფეხბურთელი გაიზრდება.