"ტოლერანტის" სამუშაო შეხვედრა

worcshops pictures 141ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -,,საქართველოში რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, "თვითრეპატრიაციის" პრევენცია", რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" ახორციელებს, 18-დან 20 თებერვლამდე ბაკურიანში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა.

ასოციაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის განმარტებით, პროექტი ხორციელდება "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა" და აზერბაიჯანული ორგანიზაცია "ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოების" პარტნიორობით.

 

"ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავაზ ჰასანოვია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დიალოგით ყარაბაღის პრობლემასაც აგვარებს. ამდენად, მისი მონაწილეობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანიანია, - ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ პროექტი ხორციელდება ყველა იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომლებიც ასევე მუშაობენ ამ მიმართულებით, - რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება ამ პროექტის განხორციელება სახელმწიფოსთან კოორდინაციის გარეშე".

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების გარდა, სამდღიან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან (ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია), საქართველოს განათლების სამინისტროდან (სამოქალაქო განათლების კურსის ხელმძღვანელი ლელა ცქიტიშივილი), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან (ბექა მინდიაშვილი და ჟურნალ "სოლიდარობის" რედაქტორი ნინო ცინცაძე), საქართველოს უშიშროების საბჭოდან (უმცირესობათა საკითხების სპეციალისტი, იურისტი ანა ფაშალიშვილი); იანეთში მცხოვრები მესხები, რესურსცენტრის წარმომადგენელი და პედაგოგები; სოფელ აბასთუმნის სკოლის წარმომადგენლები (სადაც ასევე ცხოვრობენ მესხები), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი; მესხების ახალშექმნილი ორგანიზაცია "ახალგაზრდა მესხების კავშირი", ესპანური ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", რომელიც ასევე ახორციელებს პროექტს მესხთა თემაზე და ასე შემდეგ.

სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს: რეპატრიანტის სტატუსის მიღება, - განცხადებების რაოდენობა, პრობლემები და სტატუსის მინიჭების პროცედურები; განათლების პრობლემები – მოქალაქეობის არმქონე მესხების დაფინანსებისა და ატესტატების პრობლემა; ხელისუფლების ხედვა დეპორტირებული მესხთა საკითხებზე; აზერბაიჯანში მცხოვრები დეპორტირებული მესხების მდგომარეობა; მედიის როლი დეპორტირებული მესხების პრობლემების მოგვარებაში; ტერმინის საკითხი – რა უნდა ვუწოდოთ იმ დეპორტირებულ მესხებს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა ჩამოვიდნენ არალეგალურად, არ აქვთ მოქალაქეობა და არც შეუტანიათ განაცხადი სტატუსის მისაღებად და ასე შემდეგ.
"შევთანხმდით, რომ მათ "თვითრეპატრიანტი" მესხები ვუწოდოთ", - განმარტავს ცირა მესხიშვილი.

ამჟამად სამცხე-ჯავახეთში 48 ოჯახი ცხოვრობს; ამათგან, 83 კაცს, 22 ოჯახს, ვინც ბოლო 2 წელიწადში ჩამოვიდა მოქალაქეობა არ აქვს. ცირა მესხიშვლის თქმით, ამ ოჯახებიდან განაცხადი სტატუსის მისაღებად მხოლოდ 3-4-მა ოჯახმა შეიტანა. განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოწურულია, შესაბამისად, დარჩენილი ოჯახებს აღარ აქვთ საშუალება მიიღონ ჯერ სტატუსი, ხოლო შემდეგ მოქალაქეობა გამარტივებული წესით. მათზე იგივე კანონი გავრცელდება, რაც ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება.

"პროექტის მიზანი ზუსტად ისაა, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ განახორციელონ თვითრეპატრიაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებიან ისეთივე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ კანონის გვერდის ავლით დაბრუნებულები. იქნებიან საქართვლოში, მაგრამ კანონმდებლობა არ მისცემს უფლებას მიიღონ მოქალაქეობა, განათლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწა და ასე შემდეგ", - განმარტავს პროექტის მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ორწელიწადნახევარი გაგრძელდება. ორგანიზატორების დახმარებით, სხვა აქტივობების გარდა, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა.

ასოციაცია "ტოლერანტი" 2001 წლიდან არსებობს, მესხების საკითხებზე 2005 წელს დაიწყო მუშაობა და დღემდე რვა პროექტი განახორციელა.