,,ფესვები“ - ხიდი ჩამოსულებსა და დარჩენილებს შორის

18 ივლისს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკრებულოში, სამხარეო ადმინისტრაციაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაზეთი ,,ფესვები“ დაარიგეს.

შეგახსენებთ, რომ გაზეთი ,,ფესვები“ გამოდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში.
გაზეთი სამენოვანია: ქართული, რუსული და აზერბაიჯანული. ვრცელდება უფასოდ, როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში, კერძოდ კი იმ რაიონებში სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული დეპორტირებული მესხები.

,,ეს არის ერთგვარი ხიდი საქართველოში უკვე რეპატრირებულ და აზერბაიჯანში დარჩენილ დეპორტირებულ მესხებს შორის. ნათესავებმა ისედაც იციან ერთმანეთის მდგომარეობა, მაგრამ გაზეთი საშუალებას აძლევს მათ გაიგონ რა ხდება სხვაგან, თუნდაც, მეზობელ სოფელში. მაგალითად, საათლის რაიონის სოფელ ნასიმიკენდში, საინფორმაციო ცენტრში, რომელიც ასევე ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიხსნა მიმდინარეობს ქართული ენის გაკვეთილები. ყველა მსურველელს შეუძლია წინაპრების ენა ისწავლოს უფასოდ. ასევე საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ აზერბაიჯანშიც არის სოფელი სახელწოდებით ვარხანი ( ვარხანი არის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი). მოსახლეობას აინტერესებს როგორ ცხოვრობენ რეპატრირებული მესხები იანეთში ( სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ნასაკირალში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ახალციხეში, აბასთუმანში, საათლის რაიონში (აზერბაიჯანი) ამიტომაც გაზეთში იბეჭდება რეპორტაჟები ამ სოფლებიდან“, - ამბობს გაზეთის რედაქტორი გულო კოხოძე.
,,ფესვები“ სამ თვეში ერთხელ გამოდის და ოთხგვერდიანია.