ფესტივალი ,,Brave Kids"- ანუ 100-ით მეტი ბედნიერი ბავში სამყაროში

საქართველოში მცხოვრებმა რეპატრირებულმა მესხმა ბავშვებმა პოლონეთსა და საფრანგეთში, ,,Brave Kids"-ის ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა.
ზაფარ ცაცანიძე, თემურ ბექაძე, საბა კამალოვი, აბას მეხრიევი და აიდა ლაზიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ფესვების“ წევრებიან არიან. ბავშვები ფესტივალზე სწორედ ასოციაცია „ტოლერანტმა“ გააგზავნა.
ფესტივალი ,,Brave Kids"  პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 2009 წლიდან ტარდება. წელს მასში მონაწილეობა 14 ქვეყნის 100-ამდე ბავშვა მიიღო. ,,,,Brave Kids"  2012"-ის დასკვნითი კონცერტი პარიზში, იუნესკოს შენობაში გაიმართა.

ჩინეთი, უგანდა, ტანზანია, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, ნორვეგია, ბულგარეთი, ყირგიზეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ზიმბაბვე, საქართველო - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალზე მონაწილეობდნენ.
ფესტივალი მონაწილე ბავშვებს, საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების დიდ სცენაზე რეპრეზენტირების საშუალებას აძლევს.
ქართველმა მონაწილეებმა ასობით მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვები -მთიულური და აჭარული წარმოადგინეს .
„ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ჩემი ბავშვები სცენაზე გამოდიოდნენ. აუდიტორია მათ ყოველთვის დიდი ოვაციებით ხვდებოდა. მაყურებლის დიდ სიმპატიასა და სიყვარულს თავად ბავშვებიც გრძნობდნენ. იმ აპლოდისმენტებმა და ოვაციებმა, რაც ჩვენი ჯგუფის გამოსვლას მოჰყვებოდა ხოლომე, დიდი სტიმული მისცა ბავშვებს, თითქოს უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ“ - ამბობს ქართული ჯგუფის ლიდერი ნინო ბეგიშვილი.
„წელს საქართველოდან მართლაც ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული მონაწილეები გვყავს. ჩვენ გვინდა, ეს ჯგუფი ფესტივალზე მომავალ წელსაც მოვიწვიოთ. მე ვისურვებდი, რომ ქართული სიმღერისა და ცეკვის არაჩვეულებრივი ტრადიცია არასოდეს დაიკარგოს“ - ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი გრეგორი ბრალი.
„ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ - ეს არის ფესტივალის მთავარი იდეა და ის, რაც ამ ფესტივალს ყველა სხვა ფესტივალისგან განასხვავებს. სამკვირიანი საფესტივალო პერიოდის განმავლობაში, მონაწილე ბავშები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურას, ცეკვასა და სიმღერებს ასწავლიან... და ასე იქცევა ,,Brave Kids"  ფესტივალი სხვადასხვა კულტურათა თანხვედრის, გადაკვეთის სივრცედ.
„ მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ღირსება, ამ ფესტივალისა არის ის, რომ ბავშვები სწავლობენ როგორ ასწავლონ სხვებს. სამწუხაროდ, ეს უნარი დღევანდელ სამყაროში მივიწყებას მიეცა“ - ამბობს ივონა სტანკოვა, ფესტივალის მთავარი პროდიუსერი.
“უცხოელ ბავშვებს ქართული ცეკვები ვასწავლეთ. სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. თავიდან უჭირდათ ქართული ილეთების შესრულება, თუმცა ბოლოს ყველაფერი მოგვარდა. ჩვენც ბევრი რამ გვასწავლეს, ყველაზე საინტერესო, ჩემთვის აფრიკული ცეკვების ილეთებისა ებრაული სიმღერის „შალომის“ შესწავლა იყო.“ - ამბობს საბა კამალოვი, ფესტივალის მონაწილე საქართველოდან.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ მონაწილე ბავშვების უმეტესობა ე.წ. მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან.


„მონაწილე ბავშვებიდან ზოგი ომგამოვლილი, ზოგი კი ეკომიგრანტი ოჯახების შვილები არიან. გვყავს ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ და ოჯახები არასოდეს ჰყოლიათ. ჩვენ ასეთი ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფესტივალზე მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, რომ ერთმანეთისთვის საკუთარი კულტურა და ტრადიცია გაეზიარებინათ. ეს ფესტივალი მათთვის უდიდესი გამოცდილებაა. რაც მთავარია, აქ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციას ეცნობიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური, კულტურული განსხვავებებისა. და მე მჯერა, რომ ამ მეგობრობას, ამ ურთიერთობებს, რაც ყოველწლიურად ,,Brave Kids"-ის წყალობით, 100-ამდე ბავშვს შორის ყალიბდება, მომავალში სამყაროს შეცვლა შეუძლია"-ამბობს ივონა სტანკოვა, ფესტივალის მტავარი პროდიუსერი.
ეს ფესტივალი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას პოზიტიური სოციალური ცვლილებების განხორციელება. როგორც ერთ-ერთი არტისტული ლიდერი გვიყვება, კულტურული განსხვავებების გამო, თავდაპირველად, მარტივი არ იყო ბავშვების ერთმანეთთან დაახლოება, თუმცა პრობლემები მალევე გადაიჭრა და ყველანაირი ზღვარი, რომელიც ბავშვებს ერთმანეთთან დამეგობრებაში ხელს უშლიდა, წაიშალა.
პოზიტიურ ცვლილებებზე ქართული ჯგუფის ლიდერი ნინო ბეგიშვილიც გვესაუბრა:


„ამ სამი კვირის განმავლობაში ვამჩნევდი როგორ იცვლებოდნენ ბავშვები. თავიდან ძალიან მორცხვები, ჩაკეტილები იყვნენ. წარმოიდგინეთ, მათი უმეტესობა დიდ სცენაზე არასოდეს გამოსულა, ამ ფესტივალზე კი დიდი აუდიტორიის წინაშე მოუწიათ გამოსვლა. აქ ჩატარებულმა კონცერტებმა ბავშვებს თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა შემატა.“ - ამბობს ნინო ბეგიშვილი, ქართული ჯგუფის ლიდერი.


ტანზანიური ჯგუფის ლიდერი ალის მაკულიც აღნიშნავს, რომ ეს ფესტივალი მონაწილე ბავშვებისთვის უდიდესი გამოცდილებაა:
„აი, წარმოიდგინეთ, რომ მათი უმეტესობა არათუ ევროპაში, უბრალოდ დიდ ქალაქშიც კი არ იყო ნამყოფი. თავიდან, როცა მითხრეს, რომ მე ჯგუფის ლიდერი უნდა ვყოფილიყავი და ბავშვები პოლონეთსა და საფრანგეთში ფესტივალზე უნდა წამეყვანა, ცოტათი შევშინდი, ვიფიქრე, ბავშვებს კულტურული შოკი, ან რაიმე მსგავსი არ დაემართოთ-მეთქი. და პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ბავშვებს ხელი მოვკიდე და ტანზანიის დედაქალაქში წავიყვანე, კარგად დავათვალიერებინე ქალაქი, რომ ენახათ ზოგადად როგორ გამოიყურება დიდი ქალაქები“ - ამბობს ალის მაკული.
წლევანდელი ,,Brave Kids" იმითაც იყო განსაკუთრებული და გამორჩეული რომ ის იუნესკოს ეგიდით ჩატარდა. ფესტივალის მონაწილეებმა საფინალო კონცერტიც სწორედ პარიზში, იუნესკოს შენობაში წარმოადგინეს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მომავალ წელს ფესტივალი უფრო მაშტაბური იქნება. ქართველმა მონაწილეებმა კი, Bრავე Kიდს-2013 ის მოსაწვევი უკვე მიიღეს.