ასოციაცია “ტოლერანტი” ახალი პროექტით

2011 წლის იანვრიდან ახალციხის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტი” შეუდგა ახალი პროექტის, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, განხორციელებას. ასოციაცია “ტოლერანტი” უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს პროექტებს რეპატრიანტ მესხთა ჰუმანიტარულ-სოციალური დახმარების მიზნით. მაჰმადიან მესხთა რეპატრიაცია XXI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მის მნიშვნელობას ამძაფრებს ევროკავშირის მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებიც. საქართველოში რეპატრიაციის თანმხლები მოვლენა გახდა თვითნებურად შემოსული, “თვითრეპატრირებული”, დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემა. მათ არ აქვთ რეპატრიანტის სტატუსი და ძალიან უჭირთ ახალ გარემოში სამართლებრივ-სოციალური ადაპტაცია. საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრება სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ახალი პროექტი, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, სწორედ მათ დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მიეწოდოს ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფ იმ მესხებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რეპატრიანტის სტატუსის მიღებას არ დაელოდნონ და ისე შემოვიდნენ საქართევლოში. პროექტი განხორციელდება 30 თვის განმავლობაში და ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს: 1. საქართველოში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხთა სრული მონაცემთა ბაზის შექმნა, მათი ადაპტაცია-ინტეგრაციაასთვის ხელის შეწყობა, ჰუმანიტარული დახმარება (რაც ითვალისწინებს განათლებას, ჯანდაცვას, იურიდიულ მომსახურებას) და მათი საჭიროებების კვლევა; 2. რეპატრირებული მოსახლეობის საქრთველოში უსტატუსო ცხოვრების პრევენცია, პრაქტიკულად არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი მესხების ლეგალიზაციის ხელშეწყობა; 3. საინფორმაციო კამპანიის წარმოება იმისთვის, რომ შეფერხდეს საქართველოში მესხების თვითნებური რეპატრიაცია; ასოციაცია “ტოლერანტის” დირექტორი ქალბატონი ცირა მესხიშვილი: “აქამდე განხორციელებული პროექტები უშუალოდ ორიენტირებული იყო მესხ რეპატრიანტთა ინტეგრაციაზე. ნაწილობრივ ეს ახალი პროექტიც იმავეს ეხება, თუმცა, რადგან ჩვენ შევიტანეთ განაცხადი მიგრაციის საერთაშორისო პროგრამაში, მთავარ მიზნად დავისახეთ საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი მესხების ჰუმანიტარული დახმარება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ მოქალაქეობა, არც რაიმე სამართლებრივი სტატუსი, არანაირი სოციალური პროგრამა მათზე არ ვრცელდება. საქართველოში მათ მხოლოდ სახლ-კარის ყიდვის უფლება აქვთ. თუ არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი მესხი ბავშვი ქართულ სკოლაში სწავლობს, ატესტატის ასაღებად მან უნდა გადაიხადოს ფული, რადგან სკოლის ვაუჩერები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. ასეთ ადამიანებზე შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ და თან არ არსებობენ. ასეთ ვითარებაში ჩვენი ორიენტირი იქნება უსტატუსო მდგომარეობაში მყოფ მესხებს გავუწიოთ სამედიცინო დახმარება, ჩავუტაროთ იურიდიული კონსულტაციები და შესაბამის ორგანოებთან გადავამისამართოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენისა და საქრთველოს ისტორიის სწავლა, რადგან კონსტიტუციაში სხვა ჩამონათვალთან ერთად პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს მოქალაქე გახდება პირი, რომელმაც იცის ქართული ენა და საქრთველოს ისტორია.” წლების განმავლობაში ასოციაცია ცდილობს ხელი შეუწყოს რეპატრიანტების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. ახალი პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი და უკვე საქართველოს მოქალქეობა მიღებული მესხების დასახმარებლად, რათა მათ იგრძნონ, რომ სამშობლოსთვის ისინი საჭირონი არიან.