,,ფესვების" მე-17 ნომერი

გამოვიდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ყოველთვიურ გაზეთ „ფესვების“ მე–17 ნომერი, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო სიახლესთან ერთად მკითხველს შეუძლია გაეცნოს შემდეგ სტატიებს:

• „თანმიმდევრულობა და გულწრფელობა წარმატებას განაპირობებს“ – სტატიაში პროექტის დირექტორი ცირა მესხიშვილი წარმოადგენს და განიხილავს პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისათვის“ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ პროექტით ასოციაცია საქმიანობის კიდევ უფრო სერიოზულ ეტაპზე გადადის.
• სტატიაში სახელწოდებით – „აქ ყველგან ჩვენი მიწაა – ქართული“ – გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრები რეპატრიანტი სეფად დურსუნოვი ძალზე საინტერესოდ მოგვითხრობს მათი გადასახლების ტკივილიან ისტორიას და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ყოფას.
• საინფორმაციო შეხვედრა „ტოლერანტში“ – „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფს მიაჩნია, რომ რეპატრიანტთა ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სწორედ მათი ინფორმირებით უნდა მოხდეს, ამიტომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაცია ხშირად მართავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. ამ სტატიაში გაეცნობით მორიგი, სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრის დეტალებს.
• „ჩვენი საქართველო“ – სტატიაში მოთხრობილია 2009 წლის 26 მარტს სამტრედიის პირველ საჯარო სკოლაში გამართული მესხი რეპატრიანტებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ. ღონისძიებაზე მესხეთიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლები მიიწვიეს. მონაწილეებმა შეძლეს ეჩვენებინათ, როგორ ესმით და სისხლხორცეულად შეიგრძნობენ მესხთა ბედს.