,,ჩვენ ქართველები ვართ”
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 08:29
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2260
გურჯამალ მურსალოვა - ,,გეკითხებით ჯავახიშვილი და ბერიძე სადაური თურქია?”
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ახალმოსახლე რეპატრირებულ მესხებს ვესტუმრეთ. ხის ღობით გარშემორტყმულ გასალეს სახლს ფანჯრების ნაცვლად ორმაგი პოლიეთილენის პარკი აქვს აკრული. ეზოში ყველაფერია; ძველი ტრაქტორი, მორყეული ხის კარადა, საოჯახო ნივთები და კიდევ ვინ მოთვლის რა. ისინი ერთი თვეა რაც ოზურგეთის რაიონიდან სოფელ ნასაკირალიდან ჩამოვიდნენ. აქ ალიხან ყურაძე და მისი შთამომავლები ცხოვრობენ.
ნასაკირალში სახლი გაყიდეს თუ არა მშობლიურ სოფელს დაუბრუნდნენ. 30 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. სახლი, რომელიც აქ სოფელ აბასთუმანში შეიძინეს მთლიანად გასარემონტებელია. უჭერო ოთახში თითქმის არაფერი დგას, ხის კოჭებზე ლოგინებია გასანიავებლად გადაკიდებული, ოთახის კუთხეში ჯერ ისევ ამოულაგებელი ბარგია ალბათ, აქ არც იატაკია ჯერ დაგებული.
. - ,,მობრძანდით მობრძანდით”, - გვიღიმის გურჯამალ მურსალოვა, ეს ალიხან ყურაძის შვილია პირველი ქმრის გვარით.
წინა ოთახთან შედარებით აქ ჭერი მაინც აქვთ, თუმცა არა იატაკი. ასევე გასალესი კედლები და ხალიჩით გატიხრული ოთახი. ხალიჩის იქითა მხარეს ალიხან ყურაძე წევს, ავადაა. აქ ჯერ მათ არც მიწის ნაკვეთი და არც პირუტყვი არ ჰყავთ. მათი ერთადერთი შემოსავალი მამის პენსიაა.
,,გავრისკეთ რომ ჩამოვედით, ნასაკირალში ამდენი წლის ნაშრომი დავტოვეთ,მაგრამ მშობლიურ სოფელში ვართ”, - ამბობს გულჯამალ მურსალოვა ღიმილით.
,,1944 წელს მამა რომ გადაასახლეს ცხრა წლის იყო, წლების მანძილზე ყაბარდო-ბალყარეთში ვცხოვრობდით. მე იქ დავიბადე. მთელი ცხოვრება საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობდით და 1969 წელს როგორც კი შევძელით გალში ჩამოვედით. სამწუხაროდ რამდენიმე თვის შემდეგ სამართალდამცავები მოვიდნენ და გვითხრეს რომ სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებულებს უფლება არ გვქონდათ საქართველოში ცხოვრების და ჩვენ ისევ იძულებით დავტოვეთ საქართველო",- იხსენებს გულჯამალი.
გალიდან ხელმეორედ გასახლების შემდეგ აზერბაიჯანში, ყაზახლიში დასახლდნენ. ეს დასახლება საზღვართან ახლოსაა, თუმცა ცუდი გარემო პირობების გამო ყურაძეების ოჯახმა მალევე დატოვა აზერბაიჯანის ტერიტორია და ისევ ყაბარდო-ბალყარეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამ გადადგილებას მათი ერთი შვილის სიცოცხლე შეეწირა.
,,ყაზახლიში ძალიან ცუდი წყალი და მალარიის გადამტანი კოღოები იყო, ჩემი ერთი ძმა მენინგიტით დაავადდა და მამაჩემმა გადაწყვიტა ყაბარდო- ბალყარეთში გადავსულიყავით. ამ მგზავრობამ ჩემს ძმას ავადმყოფობა უფრო გაურთულა. მეორე პატარა ძმა კი, რომელიც 40 დღის იყო გზაში დაგვეღუპა, ჩემი ძმა კი ინვალიდი დარჩა გადატანილი ავადმყოფობების გამო. მას აღარც ესმოდა და ვეღაც ლაპარაკობდა. დედამ ის ინვალიდთა თავშესაფარში მიიყვანა სადაც 21 წლის ასაკში დაიღუპა კიდეც",- ყვება გულისტკივილით გულჯამალ მურსალოვა.
ყოველივე ამის მიუხედავად 1977 წელს ალიხან ყურაძე ოჯახთან ერთად კიდევ ბრუნდება საქართველოში, კერძოდ კი ოზურგეთის რაიონ სოფელ ნასაკირალში და აქვე სახლდება კიდეც, მისი ორი შვილი ამჟამად გორის რაიონში სოფელ წითელუბანში ცხოვრობს, ორი ოზურგეთში, ერთი თბილისში და ერთიც რუსეთში. თვითონ კი ოცნება აისრულა და ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა აბასთუმანში დაბრუნების მცდელობა მას უფრო ადრე, 1988 წელსაც ქონდა.
,,1988 წელს მამა ჩამოვიდა აქ და კარავი დადგა, სადაც ერთი თვე ვიცხოვრეთ მხოლოდ. ერთ დღეს ხალხმა მოიყარა თავი კარავთან, უნდოდათ რომ წავსულიყავით. კარავი მთლიანად დაგვინგრიეს და ნივთები გადმოგვიყარეს. მამას გული მაშინ ძალიან დაწყდა, ესაა ჩემი სამშობლოო ამბობდა. თუმცა ისიც მინდა ვთქვა რომ მას შემდეგ ხალხი ძალიან შეცვლილია, ახლა ძალიან კარგად მიგვიღეს. კარგი ურთიერთობა გვაქვს მეზობლებთან ", – ყვება გულჯამალი.
თვითონ გურჯამალს ორი შვილი ყავს; 10 წლის ფრიდონ შამშიდოვი და 24 წლის ვენერა მურსალოვი. ვენერას მამა ყაბარდო -ბალყარეთში გაიცნო და იქ შეუღლდნენ კიდეც. ფრიდონის მამა კი როსტოვში ცხოვრობდა. სადაც მხოლოდ ექვსი წელი იცხოვრეს. 2006 წელს კი იმ ორიათას ქართველს შორის აღმოჩნდა, რომლებიც რუსეთიდან საბარგო თვითმფრინავით იძულებით დაბრუნდნენ საქართველოში, ამიტომაც გურჯამალს შვილებთან ერთად მოუწია ჩამოსვლა.მეუღლე კი როსტოვში დარჩა.
,,ჩვენთან ერთად როსტოვში ბერიძეები და ჯავახიშვილები ცხოვრობდნენ. მათთან სულ ვკამათობდით როდესაც ვამბობდით რომ ჩვენ ქართველები ვიყავით, ისინი თავს თურქებად თვლიდნენ. გეკითხებით ჯავახიშვილი და ბერიძე სადაური თურქია? ",- ბრაზობს ის.
გურჯამალს ეამაყება, რომ მისმა უმცროსმა შვილმა ქართული მასზე კარგად იცის. ფრიდონს მოსწონს აბასთუმანში ცხოვრება, ამბობს რომ ნასაკირალისგან განსხვავებით აქ სკოლა შედარებით ახლოსაა და გზებიც კარგია.
,,ვცდილობ კარგად ვისწავლო, მინდა რომ პოლიციელი გამოვიდე და პატრულის მანქანა ვმართო",- ამბობს ფრიდონ შამშედოვი.