პარასკევი, 26 აპრილი 2024

რეპატრირებული მესხი ბავშვები ,,Brave Kids" ფესტივალზე

საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული ბავშვები ,,Brave Kids"-ის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.
ზაფარ ცაცანიძე, თემურ ბექაძე, საბა კამალოვი, აბას მეხრიევი და აიდა ლაზიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებულ ანსამბლ, „ფესვების“ წევრებიან არიან. ბავშვები ფესტივალზე სწორედ ასოციაცია „ტოლერანტმა“ გააგზავნა.
ანსამბლ „ფესვების“ წევრები უკვე სამი კვირაა ევროპის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს მართავს. გარდა ქართველებისა, ფესტივალში კიდევ 14 ქვეყნის 100-მდე ბავშვი მონაწილეობს. ისინი ფესტივალზე თავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს წარმოადგენენ.
მესხმა ბავშვებმა ქართული ცეკვები (,,აჭარული", ,,მთიულური")  სხვა ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, ასობით მაყურებლის წინაშე პოლონეთის ქალაქებში - ვროცვავსა და კროშნიცაში უკვე წარადგინეს. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა.
„როცა ქართვეელი ბავშვები სცენაზე გამოდიან ტანში ჟრუანტელი მივლის“, - ამბობს პოლონური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი.
ფესტივალი „Brave Kids“ უინესკოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით უკვე მესამე წელია ტარდება. ჩინელ, უგანდელ, პოლონელ, ქართველ, ებრაელ, რუმინელ, ტანზანიელ, ნორვეგიელ, ბულგარელ, ყირგიზ, ჩეხ, ზიმბაბვეველ და ბერძენ ბავშვებს ერთობლივი ვორქშოფებიც ჩაუტარდათ, სადაც ისინი ერთმანეთს თქავიანთ ნაციონალურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ.
ფესტივალის დასკვნითი საღამო დღეს, 10 ივლისს პარიზში იუნესკოს შენობაში გაიმართება. ამ წუთისთვის დარბაზში საფინალო კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს.
„ცოტა ვღელავ, იუნესკოში ამდენი მაყურებლის წინაშე გამოსვლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და მაყურებელს აქაც მოვაწონებთ თავს“, - ამბობს ფესტივალის ქართველი მონაწილე თემურ ბექაძე.