შაბათი, 28 დეკემბერი 2024

რეპატრიაციის შესახებ კანონის დასამარება

გამოქვეყნებულია ჟურნალ  “კავკასკი აქცენტში” #1, 2010 წელი.

მარატ ბარათაშვილი

2009 წლის 31 დეკემბერს რეპატრიაციის სტატუსის მაძიებელი დეპორტირებული მესხების დოკუმენტების მიღების ვადა ამოიწურა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვამაყობ ჩემი ქვეყნით. მიყვარს და ყველანაირად ვიცავ მას. როცა ხელისუფლება ჩემი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მე მას მხარს ვუჭერ. თუ ის ჩემზე ცუდად მუშაობს, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვთქვა ამის შესახებ. ...

როდესაც ისტორიული ფაქტები ისეთი არ არის, ან სულაც არ არის ისეთი, როგორიც გვსურს რომ იყვნენ, პოლიტიკოსები მიმართავენ მითებს. ეს არც ახალია და არც ჩვენს პოლიტიკოსებს მოუგონიათ. ეს პრაქტიკა დიდი ხანია, არსებობს. ქვემოთ ნახსენები მითის საავტორო უფლებები კი ჩვენს პარლამენტარებს ეკუთვნის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოდის და დიდი წარმატებით ახლანდელ დროშიც ცოცხლობს. ასე, რომ არსებობს ცხოველი მითი იმის შესახებ, რომ მესხების გასახლება მოხდა საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების გარეშე, რომ ამის შესახებ მათ გაიგეს მხოლოდ ბოლო მომენტში, რომ მათ სურდათ შეწინააღმდეგებოდნენ ამას, მაგრამ ვერ შეძლეს.

ამავე დროს არქივში შენახულია ბევრი საინტერესო დოკუმენტი. მაგალითად, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივნის კ. ჩარკვიანისა და საქართველოს სსრ-ის საბჭოთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარის ბაქრაძის წერილი ლ. ბერიას სახელზე გრიფით `საიდუმლო~, დათარიღებული - 5.05.1944. # 1500. კერძოდ, ისინი წერენ: `განსახილველად წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას საქართველოს სასაზღვრო რაიონებიდან შიდა რაიონებში მოსახლეობის გადასახლების შესახებ... მოსახლეობის აღრიცხვის მონაცემებიდან გამომდინარე 1944 წლის 1 იანვარს გადასახლებას ექვემდებარება: ახალციხის რაიონიდან – 4200 მეურნეობა, 23 000 მოსახლით, "ადიგენიდან" 5 650 – 30 000; ასპინძიდან 4220 -21 000; ახალქალაქი 790 - 35000 – სულ: 14 860 მეურნეობა 77 500 მოსახლით...".

ხოლო შემდგომ, როდესაც მათ ზემოდან მიიღეს თანხმობა და შეთავაზება, რომ გადაესახლებინათ არა საქართველოს შიდა რაიონებში, არამედ საერთოდ ქვეყნის გარეთ, ისინი 3. 06. 1944 (#1805) წელს იმავე ბერიას წერდნენ მეორე წერილს, რომელსაც ხელს აწერენ იგივენი და ასევე ა. რაფავა _ საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. მასში ნათქვამია: `1. რადგანაც სპეცკონტიგენტის გადასახლება ხდება საქართველოს გარეთ, აუცილებლად მივიჩნევთ გადასახლდნენ ასევე:

ა) ქურთები ახალციხის, ადიგენის და ასპინძის რაიონებიდან 1030 მეურნეობა და თურქები ბოგდანოვკის რაიონიდან 250 მეურნეობა.

ბ) ქურთები და ჰემშილები, რომლებიც ცხოვრობენ აჭარის საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკაში და გაურბიან კოლმეურნეობის წევრობას, აძოვებენ საქონელს სასაზღვრო რაიონებში და ამავდროულად არიან ჯაშუშების ხელშემწყობები. ასე, რომ სპეცგადასახლებას დაქვემდებარებული კონტინგენტი დაახლოებით შეადგენს: ..."შემდეგ არის აჭარის ხუთი რაიონის ჩამონათვალი, მეურნეობები და ხალხის რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარებიან გადასახლებას და საბოლოო ფრაზა: `სულ 16 630 მეურნეობა 86 000 სული მოსახლით". აქ, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იმყოფებოდნენ.

მოტანილი ამონარიდიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს სსრ-ს მთავრობამ მშვენივრად იცოდა მოსახლეობის მოსალოდნელი გადასახლების შესახებ. მეტიც, ამის ინიციატორები ისინი იყვნენ.

ჩვენს კანონმდებლებს განსაკუთრებული ლოგიკა აქვთ

ახლა ვნახოთ, რა გამოდის.

ერთი მხრივ, პარლამენტში მსხდომთა უმრავლესობა 1944 წლის დეპორტაციის შესახებ ბეჯითად იმეორებდა და იმეორებს, რომ ეს გადასახლება კრემლმა, მოსკოვმა, სტალინმა, სსრკ-მ ჩაიდინა და რომ ახლანდელი დამოუკიდებელი საქართველო ამაზე პასუხს არ აგებს. რატომ მივიღეთ ჩვენ (ქართულმა სახელმწიფომ) კანონი იმ ადამიანთა რეპატრიაციის შესახებ, რომლებიც გავასახლეთ არა ჩვენ, არამედ საბჭოთა ხელისუფლებამ?

მეორე მხრივ, დამოუკიდებელი საქართველოს დროს 1991 წლის მაისიდან 1992 წლის შუამდე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გააძევეს სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის ათასობით წარმომადგენელი. ასევე 200 ოჯახზე მეტი მესხი რეპატრიანტი.

შეგახსენებთ, რომ 15. 10. 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველო შეუერთდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ჰელსინკის დასკვნით აქტს. შეუერთდა და გააგრძელა დეპორტაცია. ვინ არის პასუხისმგებელი ამ დეპორტაციაზე, რომელი სახელმწიფო?

აშკარაა, რომ ამაში ვერ დავადანაშაულებთ ვერც მოსკოვს, ვერც ჩინგიზ-ხანს... რატომ არ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქმედებებზე. რატომ არ მივიღეთ კანონი უმცირესობათა შესახებ და მესხებზე, რომლებიც გაძევებულ იქნენ, ან აიძულეს, დაეტოვებინათ ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დროს. და ამავდროულად, მივიღეთ კანონი მათ რეპატრიაციაზე, ვინც გაასახლა საბჭოთა რეჟიმმა. ამ საკითხებზე საჭიროა დაფიქრება. თუ ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვით, მაშინ ჩვენი ქვეყნის სხვა პრობლემების გადაწყვეტასაც შევძლებთ. სამართლიანობის აღდგენა? აქ მსგავსი არაფერია. უბრალოდ ევროსაბჭოს წინაშე არსებული ვალდებულბები ეხება მხოლოდ სსრკ-ს დროს გადასახლებულ მესხებს. მაშ, ვნახოთ რამდენად სრულდება ეს ვალდებულება.

რეპატრიაციის შესახებ კანონმა დიდხანს სიცოცხლე ბრძანა

ჩვენთან ახლა დაკრძალვაა. ჩვენ ვმარხავთ კანონს. ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვახსოვს. სწორედ რომ მსგავსი. რადგანაც ის კანონპროექტები იყო. ჩვენ უკვე დავმარხეთ მესხების რეპატრიაციის შესახებ ორი კანონპროექტი. ორივე ნაადრევად გარდაიცვალა. ვერ მიიღეს საგზური ევროპის საბჭოდან. საწყლები, ვერც კი მოხვდნენ ჩვენი პარლამენტარების მაგიდაზე.

მაგრამ დღევანდელი შემთხვევა განსაკუთრებულია. დოკუმენტმა, ჯერ კიდევ კანონპროექტობის ასაკში სხვადასხვა ეშმაკობის გზით მიიღო სასიცოცხლო საგზური კანონპროექტების ხაზით ევროპის საბჭოს მთავარი ჩინოვნიკისგან ან მან, უბრალოდ, თვალი ჩაუკრა თვალთმაქცს. ასე იყო თუ ისე, თვალთმაქცმა მოახერხა ეს კანონპროექტი ჩვენი პარლამენტარების მაგიდაზე მოხვედრილიყო. მეტიც, ამ უკანასკნელებმა ის კანონის რანგში აიყვანეს. ისიც ამაყობდა თავისი წარმატებით. მთელს მსოფლიოში ხომ ათეულ ათასობით კანონპროექტი მზადდება და მხოლოდ მცირედთა ხვედრია კანონად ქცევა.

მაგრამ ჩვენს გმირს აშკარად არ გაუმართლა.

შეხედეთ, ყველა კანონი, როგორც კანონი, ხანგრძლივად ცოცხლობს. ზოგიერთი ძალიან ხანგრძლივადაც კი. სახელმწიფოები კვდებიან, კანონები კი სიცოცხლეს აგრძელებენ. ისეთი სახელმწიფო, როგორიც იყო სსრკ, მოკვდა, ხოლო იმდროინდელი ზოგიერთი კანონი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა რესპუბლიკაში. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი გმირი მოკლე ვადით გააჩინეს. მართალია, რეანიმაციის განყოფილებში ორჯერ მოხერხდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივება – ორივეჯერ ნახევარ-ნახევარი წლით, მაგრამ ლეტალური დასასრული გარდაუვალი იყო. და აი, საცოდავი ახლა საფლავის ქვის ქვეშ განისვენებს.

რას წარმოადგენდა ჩვენი გმირი _ “საქართველოს კანონი ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ~, სიცოცხლეში? `საქართველოს პარლამენტმა იგი 11.07.2007 წელს მიიღო.

დოკუმენტის შინაარსი არ შეესაბამება მის სათაურს. უფრო სწორად, ეს კანონი არის არარეპატრიაციის შესახებ. და, აი რატომ: ჯერ ერთი, საჭიროა კანონი რეაბილიტაციის შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში, დეკლარაცია მაინც. უნდა გამოცხადებულიყო, რომ დეპორტირებული მესხები დამნაშავეები კი არა, მსხვერლნი არიან და რომ დამნაშავეები 1944 წლის საქართველოს სსრ-სა და სსრკ-ს მთავრობებია. შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი. მეორეც, ნორმალური, ღირსეული რეპატრიაცია უნდა იყოს განცხადებითი და არა ნებართვითი. ანუ ადამიანი აცხადებს, რომ არის დეპორტირებული პირი, ან მისი შთამომავალი, და სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ღირსეულ დაბრუნებას. ამის მაგივრად მსხვერპლს აიძულებენ, დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ხოლო ღირსეულ დაბრუნებაზე ლაპარაკიც არ არის.

სხვათა შორის სახელმწიფომ არც ინება პოტენციურ რეპატრიანტებამდე დაეყვანა მათთვის მიღებული კანონი. ამიტომ დეპორტირებულთა უმრავლესობამ ვერც კი შეიტყო მისი არსებობის შესახებ. ყველაფერი, რასაც ახლა ვწერ - მე არ მომიგონია. მე მივეჩვიე, პასუხი ვაგო ჩემს თითოეულ სიტყვაზე. იმაზე საშინელი, რაც მესხებისთვის კანონმდებელმა გამოიგონა, ძნელი წარმოსადგენია. მე მხოლოდ მოკლედ და გასაგებ ენაზე გადმოვცემ იმას, რაც კანონშია დაწერილი. ზოგიერთი მისი მუხლის მაგალითზე ვაჩვენებ, რომ ეს კანონი არის არა რეპატრიაციისთვის, არამედ მის საწინააღმდეგოდ.

პოტენციური რეპატრიანტების ფილტრაცია

იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეეფერხებინათ რეპატრიაცია, კანონში ჩადებულია ფილტრების მთელი კასკადი. აი რამდენიმე მათგანი:

ფილტრი 1. კანონში განსაზღვრულია, კონკრეტულად ვის აქვს უფლება, შემოიტანოს განაცხადი რეპატრიაციაზე. მესამე მუხლიდან გამომდინარეობს შემდეგი: ვთქვათ მესხი, რომელსაც აქვს განაცხადის უფლება, გარდაიცვალა, ან არ უნდა მისი შეტანა. ამ შემთხვევაში მისი მეუღლე და შვილები ავტომატურად კარგავენ განაცხადის შეტანის უფლებას იმისთვის, რომ გახდნენ რეპატრიანტები.

ფილტრი 2. რას აკეთებს ნორმალური სახელმწიფო, როცა სურს, განახორციელოს ნორმალური რეპატრიაცია? ის პოტენციური რეპატრიანტების კომპაქტურად განსახლების ადგილებში ხსნის თავისი წარმომადგენლობების დროებით ოფისებს, ან ქმნის მოძრავ ოფისებს. სწორედ ეს ოფისები არიან დაკავებულები რეპატრიანტებისგან სახელმწიფოსთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვებით.

ამგვარი ოფისების თანამშრომლები ფოტოებს უღებენ ადამიანებს, იღებენ სხვადასხვა საბუთების ასლებს, ამოწმებენ საჭირო დოკუმენტებს. თუ სახელმწიფოს კიდევ სხვა რომელიმე დოკუმენტი სჭირდება სხვა ქვეყნიდან, მათ ის მოიპოვებს თავისი დიპლომატიური არხებით. ამის მაგივრად წინამდებარე კანონი ითხოვს, რომ მესხმა თვითონ შეაგროვოს დოკუმენტები და ჩააბაროს საქართველოს წარმომადგენლობაში იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს (მუხლი 4.1. ა) მაგალითად, თუ ის ცხოვრობს ვლადიკავკაზში (200 კმ. თბილისიდან), ის დოკუმენტების შესატანად უნდა ჩავიდეს მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობაში. ხოლო თუ ცხოვრობს აზერბაიჯანში, ყაზახის რეგიონში (100 კმ. თბილისიდან), მაშინ დოკუმენტების წარსადგენად უნდა წავიდეს მხოლოდ ბაქოში, საქართველოს წარმომადგენლობაში. ხოლო თბილისში სამინისტროში, მის დოკუმენტებს უბრალოდ, არ მიიღებენ.

ფილტრი 3. თვით განაცხადი, უფრო ზუსტად "ანკეტა პირებისთვის, რომლებსაც სურთ რეპატრიაციის სტატუსის მინიჭება", უშველებელი, აღსაქმელად ურთულესი დოკუმენტი, შეიცავს 33 პუნქტს, რომელთა უმრავლესობა შედგება თავისი ქვეპუნქტებისგან. ამავდროულად ყველა გრაფის შევსება აუცილებელია და არ არსებობს არანაირი ინსტრუქცია ან ნიმუში მისი შევსებისთვის. თანაც მთელი ანკეტა უნდა იყოს ნათარგმნი ორი ენიდან ერთ-ერთზე - ან ქართულად, ან ინგლისურად, რაც მესხების უმრავლესობას ხელთ არ ეწიფება ...

ფილტი 4. რა სურს პოტენციურ რეპატრიანტს? მას სურს, დაბრუნდეს საქართველოში. მას საქართველოს საზღვრის გადმოსალახავად არ სჭირდება არანაირი დოკუმენტი პასპორტის გარდა. ყველა დოკუმენტი, ჩამოთვლილი 4.2 პუნქტში სჭირდება სახელმწიფოს. მესხს აიძულებენ, იპოვოს ათობით სხვადასხვა დოკუმენტი. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სულაც არ არის საჭირო. მაგრამ მოითხოვენ ისეთ დოკუმენტებსაც, რომელთა წარდგენა მესხისთვის რთულია, ან სრულიად შეუძლებელია.

ფილტრი 5. დეპორტაციის დროს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი არანაირ დოკუმენტს არ გასცემდა იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ მიზეზის გამო გადასახლებულია. მაგრამ მუხლი 4.2.ა. ითხოვს დეპორტირებულისგან სწორედ ამას - `დოკუმეტი, რომელიც ადასტურებს იძულებითი გადასახლების ფაქტს~. დარწმუნებული ვარ, კანონმდებლებმა თვითონ არ იციან, სად უნდა აიღონ ამგვარი დოკუმენტი.

ფილტრი 6. მაშინაც კი, თუ რომელიმე მესხი შეძლებს შეუძლებლის წარდგენას, მოიპოვებს ყველა დოკუმენტს, მაშინ მუხლი 7. 1 მას ეუბნება: "საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები...".

ფილტრი 7. კანონში საუბარია "გასაუბრების პროცედურის" მიმდინარეობაზე ან "ტესტირებაზე" (მუხლი 7. 2). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც შეადგინა ყველა დოკუმენტი და შეასრულა `დამატებითი მოთხოვნები", შეუძლიათ "ჩაჭრან" გასაუბრებაზე თუ ტესტირებაზე. სხვაგვარად რა საჭიროა ასეთი რამეების მითითება კანონში.

ფილტრი 8. "კანონში" ჩაწერილია, რომ "უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას" (მუხლი 7.3). თქვენ უკვე მიხვდით, რაზეა საუბარი?

შემაფერხებელი ბარიერები

შესაძლო რეპატრიაციის წინაშე შიში იმდენად დიდია, რომ კანონმდებელი მხოლოდ ფილტრებით არ შემოისაზღვრა. რეპატრიაციის არდაშვების მეტი გარანტიისთვის კანონით გათველისწინებულია ორი ძლიერი წინაღობა.

ბარიერი 1.

ეს არის დოკუმენტების ჩაბარების თარიღი. რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ის დაინტერესებულია რეპატრიანტების ნაკადით? როგორც მინიმუმი, ის არ აწესებს არანაირ შეზღუდვებს Dდროში. ავიღოთ სახელმწიფო ისრაელი, რომელიც დაინტერესებულია რეპატრიანტებით. `დაბრუნების შესახებ კანონი~ ისრაელმა მიიღო 1950 წლის 5 ივლისს. ის დღემდე მოქმედებს და შემდგომშიც იმოქმედებს. მე აღარაფერს ვამბობ რეპატრიანტებისთვის ძალიან ხელმისაწვდომ პროცედურაზე. იმაზე, რომ ის პრაქტიკულად ისრაელში ჩასვლისთანავე აეროპორტში იღებს ისრაელის მოქალაქეობას...

ახლა ავიღოთ საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო, რომელიც არ არის დაინტერესებული რეპატრიანტებით. საბუთების მიღება განხორციელდა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე. კანონმდებელმა დააწესა პირობა, რომ ერთი ადამიანი, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ რესურსებზე გათვლით გაამზადებს ათზე მეტ სხვადასხვა დოკუმენტს (მათ შორის არარსებულებსაც). თანაც ზოგიერთი დოკუმენტის ასაღებად მესხი იძულებულია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში.

შევნიშვათ, რომ იმავე კანონმდებელს, რომელიც განაგებს კადრებს, არქივს, ბიუჯეტს და სხვა სახელმწიფო რესურსებს, დასჭირდა მთელი რვა წელიწადი (ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ), რომ თავის კაბინეტში მჯდომს შეედგინა მხოლოდ ერთი, სამფურცლიანი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის ხარისხს ჩვენ თქვენთან ერთად ამჟამად განვიხილავთ.

ახლა შევეცადოთ წარმოვიდგინოთ არარეალური სიტუაცია. დავუშვათ, რომ მესხს არ დაუკარგავს ცხოვრებაში არცერთი პირადი დოკუმენტი. დავუშვათ, მას აქვს ბევრი დრო და ფული, გაემგზავრა და მოიძია დანარჩენი დოკუმენტები. დავუშვათ, მშვენივრად ფლობს ქართულსა და ინლისურს. დავუშვათ მან შეძლო და დროის მანქანა შექმნა. გაემგზავრა 1944 წელში და მიიღო – ლავრენტი ბერიასგან დოკუმენტი, "დამადასტურებელი იძულებითი გადასახლების" შესახებ. და ფანტასტიკა! – მან გადალახა ყველა 8 ფილტრი და ბარიერი 1. მან ყველაფერი სწორად და დროულად გააკეთა, და საფუძვლიანად ელის ნანატრ რეპატრიანტის სტატუსს. მაგრამ მას მიზეზების ახსნის გარეშე ატყობინებენ, რომ რეპატრიანტის სტატუსზე უარს ეუბნებიან. როგორ უნდა მოიქცეს მესხი ამგვარ სიტუაციაში? სწორია. Mან უნდა გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მაგრამ როგორც ჩანს, კანონმდებელმა გაითვალისწინა თვით ამგვარი სიტუაცუიაც. ამ დროს მესხს გზაზე ბარიერი 2 ეღობება.

ბარიერი 2 "კანონის~"8.3. მუხლში წერია: " რეპატრიატის სტატუსის მინიჭების ან უარის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 177 და მე-3 ნაწილის 178 მუხლების მოქმედება.” ვერ გაიგეთ? გთხოვთ, წაიკითხეთ კიდევ ერთხელ. კიდევ ვერ გაიგეთ? მეც ვერ გავერკვიე თავიდან. იმიტომ რომ კანონმდებელმა აქ სპეციალურად შენიღბა ყველაფერი, გადაფარა მზაკვრული შინაარსი ბუნდოვანი ფრაზით. უბრალო ენაზე ეს ზედმიწევნით ნიშნავს შემდეგს: ჩვენი ძმა მესხი რეპატრიაციის სტატუსზე უარის გასაჩივრებას ვერ შეძლებს. არც ზემოჩამოთვლილ ადმინისტარციულ ინსტანციებში და არც სასამართლოში. არსად!

დავარღვიოთ, რომ შევასრულოთ? საქართველოს ხელმძღვანელებს ეს, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ რეპატრიაციის წინა ორი კანონპროექტი არ გავიდა იმიტომაც, რომ შემუშავებული იყო საქართველოში მოღვაწე მესხების ორგანიზაციების გარეშე. მესამის შემუშავებისას კი, რომელიც კანონად იქცა, გამოხცადებული იყო, რომ ეს ხდება ორგანიზაცია “ვათანის” მონაწილეობით და თანამშრომლობით, რომელიც საქართველოში არ ფუნქციონირებდა. გამოდის, რომ ან “ვათანი” არის ჩვენი მთავრობის ჯიბის ორგანიზაცია და არ იზიარებს მესხების ინტერესებს, ან ამგვარი თანამშრომლობის განცხადება იყო აშკარა ტყუილი. კანონის მიღების წინადღესვე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სიტყვასიტყვით განაცხადა შემდეგი: “ჩვენ თავზე არ ავიღებთ არანაირ ვალდებულებას, ჩვენ გავაკეთებთ იმას რაც შედის ჩვენს ინტერესებში..” (წყარო: ჰტტ://ცაუცასუსჯოურნალისტს.ნეტ.იტემ.იტემ.ასპ?იდ=175). შედეგად, ეს კანონი მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის მთელი რიგი საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ისეთების როგორიცაა:

• ზოგადი დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.

• სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საეთაშორისო აქტი.

• საერთაშორისო კონვენცია ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ.

დამატებით ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად (გვ.14).

გავიხსენოთ, რომ ეს "კანონი” თითქოს მიღებულ იქნა ევროსაბჭოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად. გავიხსენოთ ისიც, რომ ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომლის საფუძველიც ევროპიულ სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვაა, ამიტომ ევროსაბჭოს კანონთა მიხედვით ადამიანს უფლება აქვს გაასაჩივროს მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, არა მარტო ქვეყნის შიდა ინსტანციებში, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მას ასევე უწოდებენ `სტრასბურგის” სასამართლოს, რადგან ის მდებარეობს ამავე სახელის ქალაქში და განთავსებულია ევროსაბჭოს შენობასთან ახლოს. არსებობს ცნობილი ოქმი 14, რომლის რატიფიცირებაც, სხვათა შორის, საქართველომაც მოახდინა. ამგვარად, საქართველოს მთავრობას საშუალება მიეცა, დაერღვია ევროსაბჭოს მთვარი პრინციპები და იმავე ევროსაბჭოს წინაშე ეს წარმოედგინა, როგორც ვალდებულებათა შესრულება. ამ ეტაპზე მათ ეს გამოუვიდათ.

ვინ რა მიიღო მემკვიდრეობად ამ გარდაცვლილი `კანონისგან”?

მესხები, გარკვეულწილად თვითშთაგონების მსხვერპლნი გახდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ისინი თავიანთ თავს შთააგონებდნენ, რომ მათ სჭირდებათ კანონი. ისინი არაფერს მოიმოქმედებდნენ, გარდა კანონთან დაკავშირებული თხოვნისა, მიმართვებისა და მოთხოვნისა. დიახ, მეხების შესახებ გამოთქვამენ ცეცხლოვან ფრაზებს. დიახ, მათ შესახებ წერენ ლამაზ და ზოგჯერ ძალზე მართალ ფურცლებს. ამ ფურცლებს ხმაურიან სახელებს არქმევენ: ბრძანებას, დადგენილებას, რეკომენდაციას, რეზოლუციას და კანონსაც კი. მაგრამ უკანასკნელის მიღებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთ სასარგებლოდ მისი გამოყენება.

2009 წლის ბოლოს 3500-ზე მეტმა დეპორტირებულმა მესხმა განცხადება შეიტანა რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად. ახლა მათ განიხილავენ. აქ ყველაფერი ჩინოვნიკებზეა დამოკიდებული და განმცხადებლებს აქვთ დიდი შანსი, რომ მიიღონ რეპატრიანტის სტატუსზე უარი. ამ ადამიანებმა დაკარგეს დრო, ძალა, დარჩენილი ფული, რათა თუ გაუმართლებდათ, მიეღოთ რეპატრიანტის სტატუსი. თუ საჭირო გახდა, გაიარონ ტესტირება ან გასაუბრება, რომლებზეც საუბარია ,,კანონში”, ნუთუ მთავრობის წარმომადგენლები მივლენ მათთან? რა თქმა უნდა, არა. 2010 წლის საქართველოს ბიუჯეტში რეპატრიაციისთვის არანაირი თანხები არაა გათვალისწინებული და ის არც განიხილება. ეს ნიშნავს იმას, რომ მესხს დასჭირდება საკუთარი ფულით სადმე სხვაგან წასვლა. ან რას მისცემს მათ რეპატრიანტის სტატუსი? არც ფინანსური დახმარება, არც უძრავი ქონება და მეურნეობა, არც მოქალაქეობა. საერთოდ არაფერი. Fფულსაც კი გადაადგილებისთვის არავინ მისცემს. ასეთია კანონი. ასე, რომ მესხებმა პრაქტიკულად არაფერი არ მიიღეს, გარდა ადამიანული ღირსების შელახვისა. იქნებ ევროსაბჭომ მიიღო რამე? დიახ, მიიღო. კიდევ ერთი წევრი შეუსრულებელი ვალდებულებით.

მაშინ ალბათ, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ის, რაც უნდოდა, მაგრამ მე აქ სხვა შენაძენს ვერ ვხედავ, გარდა შელახული რეპუტაციისა. ვფიქრობ, არც ერთი მოქალაქე არ ისურვებდა საკუთარი სახელმწიფოსთვის ამგვარ რეპუტაციას. არსებობს თუ არა რაიმე გამოსავალი არსებული სიტუაციიდან? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. კონკრეტულად რისი გაკეთებაც შეიძლება, ამის შესახებ ჟურნალის მომდევნო ნომერში მოგითხრობთ.

სახელმწიფოთა ბოდიში. გამოჩნდება, თუ არა საქართველო ამ სიაში?

არსებობს მონანიება პირადი და არსებობს პოლიტიკური მონანიება, სახელმწიფოს მობოდიშების ფორმით ძველი ან ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ საკუთარი (ან სხვა ხალხების) მიმართ ჩადენილი შეცდომების, ცოდვების და დანაშაულობების გამო. ვსაუბრობთ სწორედ ზნეობრივ მონანიებაზე. კაცობრიობის თანამედროვე ისტორია იცნობს ასეთ საჯარო მონანიებებს. აი, მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი:

1998. აშშ-ს მოქალაქეთა უფლებების აქტში ამერიკელი ხალხის სახელით მოხდილია ბოდიში მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქეების გადასახლების გამო.

1998. ვატიკანმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს არაფერი მოიმოქმედა ებრაელთა დასაცავად. არც ისე დიდი ხნის წინ გარდაცვლილმა ვატიკანის ხელმძღვანელმა რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ამასთან დაკავშირებით თქვა: "ეს მეტია, ვიდრე ბოდიში. ეს მონანიებაა ... ეკლესიის წევრები თანამონაწილენი ვართ მისი შვილების ყველა ცოდვისა და კეთილი საქმეებისა.”

1998. კანადის მთავრობამ ქვეყნის მთელი მკვიდრი მოსახლეობის მიმართ დიდი სინანული გამოთქვა წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო.

1996. ჩეხეთის რესპუბლიკამ ბოდიში მოიხადა 1945-46 წლებში `სუდეტელი გერმანელების” გასახლების გამო.

12. 07. 1970. გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი მუხლებზე დადგა ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალის წინაშე და პატიება ითხოვა ნაციზმის მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამო. შევნიშნავთ, ომისშემდგომი გერმანია არ არის ფაშისტური გერმანია, ის სულ სხვა სახელმწიფოა. სოციალ-დემოკრატ ვილი ბრანდტს კი არც ჰიტლერთან, არც ნაციზმთან საერთო არაფერი აქვს. და მაინც, ის მუხლებზე დაეცა. ბევრი გერმანელი ფიქრობს: როცა ის ვარშავის გეტოს მემორიალის მსხვერპლთა წინაშე მუხლებზე დაეცა, გერმანია ფეხზე წამოიმართა.

როდისღა გავაკეთებთ ჩვენც იგივეს?