შაბათი, 28 დეკემბერი 2024

შეხვედრები რეპატრიანტთა დასახმარებლად

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი, რეპატრიანტთა წარმომადგენლები მამუკა ხუციშვილი და ოლადდინ ხამდიევი შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თედორაძეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს ირაკლი კოკაიას. საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტების პრობლემებს, სირთულეებს, რომელთაც ისინი აწყდებიან საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში დოკუმენტების არქონა ან მოუწესრიგებლობა რეპატრიანტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის:
მოკლებულნი არიან სოციალურ დახმარებებს, რომელიც ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს, ცხოვრობენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, აწყდებიან დაბრკოლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრაზე რეპატრიანტებს განემარტათ, რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, აეხსნათ მათი მოთხოვნების შესაბამისობა კანონთან.
ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორმა ცირა მესხიშვილმა რეპატრიანტთა დახმარების მიზნით ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. სოზარ სუბარისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია:„ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ რეპატრიანტების ესოდენ მძიმე და გაურკვეველი მდგომარეობა და დაგვეხმაროთ, რათა მათ უახლოეს ხანებში შეძლონ მოქალაქეობის მიღება, უკიდურეს შემთხვევაში განემარტოთ და მიეწოდოთ დამაჯერებელი და ობიექტური არგუმენტები შესაბამისი უწყებებიდან მოქალაქეობის უარის მიღების მიზეზებზე“.