პარასკევი, 19 აპრილი 2024

თემა, რომელიც აქტუალური, თუმცა არა პოპულარული

მუსლიმი მესხების თემა - მათი ყოფა, ,,თვითრეპატრიაცია“ წინაპრების სამშობლოში, გაურკვევლობა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. სირაქლემის პოზა და ღიად საუბრის სურვილი. საეთაშორისო ფესტივალი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მიერ იყო ორგანიზებული ამ კითხვებისა და ფაქტების ანალიზს ეხებოდა.
17 მაისს, თბილისში, საერთაშორისო სამეცნიერეო თემატური კონფერენცია - ,,დეპორტირებული მესხები წარსული და დღევანდელობა" ჩატარდა.
კონფერენციას როგორც საქართველოდან, ასევე რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან მოწვეული ექსპერტები, ისტორიკოსები, პროფესორები ესწრებოდნენ.

მოწვეული იყვნენ ასევე ევროდელეგაციის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებებლი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა და მოწვეულ საზოგადოებას ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შედეგები გააცნო.
,,რეპატრირებულ მესხებს ,,ტოლერანტი“ ეიმედებათ, ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ასევ სასიამოვნოა, რომ ამ თემის ირგვლივ ამდენი საინტერესო ადამიანის შეკრება მოვახერხეთ“, - განაცხადა მან.
გაწეული მუშაობის შედეგების წარდგენის შემდეგ მისასალმებელი სიტყვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჭავჭავაძემ გააკეთა.
მან საზოგადოებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია მუსლიმ მესხებზე გააცნო.
ამჯერად სამინისტროში რეპატრიაციის მსურველთა 8900 განაცხადია შესული, აქედან 1053 პირს უკვე მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი.
პროექტის მენეჯერი ოლივერ რაისნერი ამბობს, რომ დეპორტირებული მესხების პრობლემა ათეული წლების განმავლობაში ღია არ იყო. ამ საკითხზე ბევრი სამუშაოა მომავალშიც.
სამეცნიერო მოხსენებები სექციების მიხედვთ უნდა დაყოფილიყო, თუმცა დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი დიდი ინტერესის გამო გადაწყდა, კონფერენცია ერთ დარბაზში ჩატარებულიყო.
მოსხენებები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერსო იყო.
რეპატრიაცია, როგორც პოლიტიკური ამოცანა - მოხსენება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ წაიკითხა.
,,საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანებს ბევრად უფრო რაციონალური და რელისტური წარმოდგენა აქვთ მუსლიმი მესხების პრობლემაზე. ეს არის მისი გადაწყვეტის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი გზა. ძალიან ბევრი სამუშაოა საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, ასევე მათი დახმარების თვალსაზრისითაც ვისაც სურს საქართველოში რეპატრიაცია“, - განაცხადა გია ნოდიამ.

თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის ლავრენტი ჯანიაშვილის მოხსენება - საქართველოში თურქთა ინფილტრაციის ისტორია და მესხეთიდან დეპორტირებულთა იდენტობის საკითხს სამეცნიერო ლიტერატურაში ეხებოდა.
თსუ პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი თემა კი - ,,რელიგიური და ეთნიკური ფაქტორების ურთიერთმიმართების პრობლემა ისტორიული სამცხის მოსახლეობაში“ გახლდათ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ საზოგადოებას -,,ქართველთა გამუსლიმება და გვარის შეცვლა მესხეთში“ გააცნო.
საინტერესო იყო თსუ ფსიქოლოგიის დოქტორის ეკატერინე ფირცხალავას მოხსენება - ,,მუსლიმი მესხები-ინტეგრაცია თუ სეპარაცია, აბსტრაქტი“.
ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოც. პროფესორი ვალერი მოდებაძის თემა გახლდათ - ეთნიკური იდენტობის კრიზისი და მესხების იდენტობის ცვალებადი ხასიათი.
,,რუსეთის მზაკვრულმა პოლიტიკამ გამოიწვია მაჰმადიანი მესხების სრული გაუცხოება ქართველი ერისაგან, რომელთანაც მათ საერთო ისტორიული მემკვიდრეობა აკავშირებდა. რუსეთის მიზანი ყოველთვის იყო ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობის სტიმულირება საქართველოში. მაჰმადიანი მესხების თაობები ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანულ სკოლებში იზრდებოდნენ და მათ არ ჰქონდათ საშუალება მშობლიურ ენაზე მიეღოთ განათლება. რომ არა რუსეთის მიზანმიმართული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში სავსებით შესაძლებელი იქნებოდა საერთო იდენტობის კონსტრუირება და მაჰმადიანი მესხების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. მაგრამ ხშირი გადასახლებები და დეპორტაციები სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდა საერთო იდენტობის ფორმირებისათვის. რუსეთი კავკასიაში ყოველთვის “დაყავი და იბატონეს” პოლიტიკას ატარებდა და მაჰმადიანი მესხების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში მის ინტერესებში არასოდეს არ შედიოდა“.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ავთანდილ ჯოხაძემ - ,,დეპორტირებული მესხების იდენტობაზე’’ წაიკითხა მოხსენება.
,,ეროვნული იდენტობა მესხებს ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოუყალიბდათ და ის არა თურქული - არამედ ქართული გახლდათ. მაიძულებელი გარემოპირობების მიზეზით ამ იდენტობამ ტრანსმუტაცია და ერთგვარი დეგრადაცია დიახ განიცადა, მაგრამ სხვა, მის გარეთ არსებულ იდენტობად ის მაინც ვერ გადაკეთდებოდა და არც გადაკეთებულა. სხვა (თურქული, ამერიკული) იდენტობა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს ჩამოუყალიბდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მათი ასიმილაცია. თვითონ იდენტობა ატომის, მონადის ბუნებისაა და არ იხლიჩება. მისი სახეცვლის და გაფერმკრთალების მიუხედავად, ძველისძველი მესხური იდენტობა ვერც თურქულ, ვერც ამერიკულ და ვერც ვერანაირ სხვა იდენტობას ორგანულად ვერ შეერწყმება, ის შეიძლება მხოლოდ საერთოქართულ პოლიტიკურ იდენტობას დაემთხვეს (გაგახსენებთ - ქართული და მესხური იდენტობა - იდენტურია: "მესხი" და "ქართველი" ერთი და იგივე პოლიტიკური შინაარსით იხმარებოდა წარსულში)“.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვათანის“ ( რუსეთი) წარმომადგენელის ფუად პეპინოვის მოხსენება კი ,,რეპატრიაციის სირთულეები: პროცესი მხარეებს შორის დიალოგის გარეშე, საერთო მიზნების არარსებობა“ იყო.
ჰუმანიტარული კვლევის ცენტრის ( აზერბაიჯანი) წარმომადგენლის ქერიმ ქერიმლის მოხსენება ,,მესხების გადასახლების ეტაპები სამცხე-ჯავახეთიდან ხოჯალამდე“ ეხებოდა.
საქართველოს სახელმწიფოს პრობლემები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში და 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალთა რეპატრიაციის საკითხები; დეპორტირებული მესხების ისტორიისა და დღევანდელი პრობლემების სწავლების საკითხი საჯარო სკოლებში; პოლიტიკური მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში 1917-1921 წ; დეპორტირებული მესხების ეთნიკური იდენტობის პრობლემა( დას.საქართველოს მაგალითზე); ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც კონფერენცაზე წაიკითხეს მომხსენებლებმა.
გამოიკვეთა, ადრე რომ ყოფილიყო მსგავსი შეხვედრები, საუბრები და დისკუსია უკეთესი იქნებოდა. წლებია ეს თემა იყო დახურული და სახელმწიფოს სირაქლემის პოზა ქონდა აღებული- ითქვა დისკუსიის დროს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ამ საკითხით დაინტერესებული ჟურნალისტები.
კონფერენციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.