პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

მორიგი სამუშაო შეხვედრა

სამუშაო ვიზიტით ასოციაცია ,,ტოლერანტი“ გორში წითელუბანში რეპატრირებულ მესხებს შეხვდა.
გორში, კერძოდ კი წითელუბანში რეპატრირებულული მესხების 12 ოჯახი ცხოვრობს, აქედან ახალი ჩამოსახლებული ერთი ხასან ოსმანოვის ოჯახია. ოსმანოვებიცა და სხვა რეპატრირებული მესხები სალიმ ისკანდეროვის ოჯახში იყვნენ შეკრებილები და ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებს ელოდნენ. .
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა ახალ ოჯახს ,,ტოლერანტის“ მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მათი ისტორიაც მოისმინა.

ხასან ოსმანოვმა და მისმა მეუღლემ ნასიბა ოსმანოვმა თავის ისტორიული გვარი არ იციან, თუმცა იმედოვნებენ, რომ გაიგებენ და გვარს დაიბრუნებენ. ხასან ოსმანოვის წინაპრები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ცხოვრობდნენ.
შეხვერდაზე ცირა მესხიშვილმა რეპატრირებული მესხების პრობლემები მოისმინა.
,,ტოლერანტის“ იურისტმა ნელი ღონღაძემ კი იურიდიული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა რეპატრირებულ მესხებს და მათი პრობლემები ჩაინიშნა.
წითელუბანში მცხოვრებ ფარმან დურსუნოვს (ისტორიული გვარი სანიკიძე) აზერბაიჯანის მოქალაქეობის მოხსნაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი, თუმცა აზერბაიჯანში მას მოქალაქეობა არ მოუხსნეს.
იურისტმა განუმარტა, რომ მოიძიებს აზერბაიჯანში მოქმედ კანონს მოქალაქეობის მოხსნის თაობაზედ და მას დაეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ რეპატრირებულ მესხებს ჩაუტანა ახალი გაზეთი ,,ფესვები", რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია ფარგლებში იბეჭდება.
სალიმ ისკანდეროვის ოჯახში ეს შეხვერდა პირველი არ იყო. ოჯახის დისახლისის მავლუდა ისკანდეროვას თქმით ის ყოველთვის მზადაა მიიღოს ასოციაცია ,,ტოლერანტი“.
სწორედ მავლუდა იკსანდეროვამ გააცნო წითელუბანში მცხოვრები მოსახლეობის სურვილი ისწავლონ ქართული ენა ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯგუფის შეკრება. 12 მსურველის შემთხვევაშიც კი უკვე მოხდება ფართის დაქირავება და პედაგოგის მოძიება.