პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

საქმიანი საუბარი რეპატრიანთთა პრობლემებზე

17 ნოემბერს თბილისში, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში ,,ტოლერანტის” ინიციატივით სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის დეპორტაციის მორიგი, უკვე 68 წლისთავის აღსანიშნავი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, აგრეთვე, სხვა რესპუბლიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. .

საუბარი მწვავე გამოვიდა. ,,ტოლერანტის” ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა ემოციურად ისაუბრა მაჰმადიან მესხთა 25 ოჯახზე, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობენ თავიანთი ყოფითი პრობლემების: უძრავი ქონების გადაფორმების, მოქალაქეობის მიღების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მიღების და სხვათა გადაწყვეტას.

ნებისმიერი ეს პრობლემა აწყდება გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერებს. ,,რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ 78 წლის მოხუცს, რომელიც რამდენიმე დღით გადავიდა აზერბაიჯანში, უკან მობრუნებისას უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე? ან რით შეიძლება აიხსნას, რომ 12 წლის მესხ გოგონას, რომელსაც მშობლები საქართველოს მოქალაქეები ჰყავს, არა თუ მოქალაქეობაზე ეუბნებიან უარს, მას თანამემამულის სტატუსსაც კი არ აძლევენ?”_ აღნიშნა მესხიშვილმა. მისი თქმით, დღეს აღარ არსებობს ადგილობრივ მოსახლეობასთან რეპატრიანთთა ურთიერთობის პრობლემა, სამაგიეროდ, პრობლემები იქმნება სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. ,,შესაძლოა, ამის მიზეზია ცალკეულ მოხელეთა ბიუროკრატიზმი, თუმცა ფაქტია, რომ რეპატრიანტები პრობლემებს ყველა, მათ შორის უმაღლეს _ სამონისტროების დონეზეც აწყდებიან,”–განაცხადა მესხიშვილმა.

ქალბატონი ცირას გამოსვლას გულგრილი არავინ დაუტოვებია. გაიმართა ცხარე კამათი. შეხვედრის მონაწილენი ცდილობდნენ პასუხი გაეცათ კითხვისთვის: რით აიხსნება სახელმწიფო მოხელეთა ასეთი გულქვაობა?

მართლაცდა, რატომ ეუბნებიან ჩვენი მესაზღვრეები უარს მოხუც ადამიანს, შეუერთდეს თავის ოჯახს? ან რატომ არ აძლევენ მოქალაქეობას 12 წლის გოგონას, რომელსაც ეს სტატუსი, თითქოს, ავტომატურად ეკუთვნის?

საკითხის ყველაზე გამარტივებული ახსნა სახელმწიფო მოხელეთა ბიუროკრატიზმისკენ ხელის გაშვერაა. მაგრამ, მოდით კითხვა ასე დავსვათ: საქართველოში დღეს ათასზე მეტი რეპატრიანტია დამკვიდრებული. მართალია, მათი უმრავლესობა გასული საუკუნის 80-90-იან წლებშია დაბრუნებული, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ორი-სამი წლის წინ ჩამოვიდა. მათ კი არც საზღვრის გადმოკვეთისას, არც მოქალაქეობის მიღებისას პრობლემები არ შექმნიათ. რატომ ხდება ასე? მესაზღვრეები რეპატრიანტებს საკუთარი სიმპატიის მიხედვით არჩევენ, ვინც მოეწონებათ ატარებენ, ვინც არა – უკან აბრუნებენ? იმავე მოხუცის მეუღლე საზღვარზე დაუბრკოლებლად გამოატარეს, მოხუცს კი უკვე მერამდენედ ეუბნებიან უარს.

ეს მესაზღვრეთა სიმპატია-ანტიპატიის შედეგია, თუ მიზეზი სხვაგანაა საძიებელი?

რახან ხსენებული მოხუცის შემთვევისგან განსხვავებული შემთხვევებიც გვაქვს, სახელმწიფოს მხრივ წინასწარგანზრახულ ანტირეპატრიანტულ პოლიტიკაზე ლაპარაკი უადგილოა. ხომ არ შეიძლება სახელმწიფოს ერთი რეპატრიანტის მიმართ სხვა პოლიტიკა ჰქონდეს და მეორის მიმართ სხვა?

რა რჩება? კანონი, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის პროცესს არეგულირებს.

მე არც იურისტი ვარ და არც მოცემულ შემთხვევას ვიცნობ ისე ღრმად, რომ მასზე კომპეტენტურად ვიმსჯელო. ვფიქრობ, ,,ტოლერანტის” იურისტების მოვალეობაა უფრო ღრმად გაერკვნენ საქმის არსში, ბოლომდე ჩაწვდნენ მესაზღვრეების ასეთი პოზიციის ჭეშმარიტ მოტივებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ დასკვნები. თორემ გამარტივებული ახსნა უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოშობს, ასეთ დროს კი ძნელია ვინმე შენს სიმართლეში დაარწმუნო.

იგივე ითქმის 12 წლის გოგონას შემთხვევაზეც. ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეობის მიღების წესს განსაზღვრავს. ხშირად კანონი ვერ მოიცავს ყველა შემთხვევას. და თუ ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნებით ვიღაცას მოქალაქეობა არ ეკუთვნის, ის სახელმწიფო მოხელე კი არ უნდა შევაჩვენოთ, ანდა, ნამუსზე შევაგდოთ, რომელიც თავის გადაწყვეტილებას მოქმედი კანონის საფუძველზე იღებს –ეს მისი პირდაპირი მოვალეობა, არამედ ზემდგომ ორგანოებს, პირველ რიგში კი პარლამენტს მოქმედ კანონში ისეთი ცვლილების შეტანა შევთავაზოთ, რომელიც ჩვენს შემთხვევას გაითვალისწინებს.

დღეს კი ჩვენ სახელმწიფო მოხელეს კანონის დარღვევას ვთხოვთ, რაც, ცხადია, არასწორია.

შეხვედრაზე საუბარი მაჰმადიან მესხთა საოცარ შრომისმოყვარეობაზეც ჩამოვარდა. ითქვა ისიც, რომ მესხებში თითქმის არ გვხვდება კრიმინალი. ეს ერთმა ახალგაზრდა, სიმპატიურმა გოგონამ გააპროტესტა: არ არსებობენ კრიმინალური ან არაკრიმინალური ერები, არსებობენ კრიმინალი ადამიანებიო.

ჩემთვის ამ გოგონას პათოსი სავსებით გასაგები და მისაღებია. ზოგადად ეს, რა თქმა უნდა, ასეცაა. მაგრამ ყველა ერს გააჩნია თავისი სპეციფიკური თვისებები. მაგალითად, ქართველებისთვის, ზოგადად კავკასიელებისთვის, სტუმართმოყვარეობა დამახასიათებელი თვისებაა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ერები ამ თვისებას საერთოდ არიან მოკლებულნი. აქ საუბარი მხოლოდ დომინანტობაზეა. ასევეა მაჰმადიან მესხთა შემთხვევაშიც. კრიმინოგენული თვალსაზრისით, ათას სულ მოსახლეზე საშუალო მაჩვენებლით, ამ ხალხს მართლაც საუკეთესო მონაცემები აქვს. რა არის ამის მიზეზი? მახსოვს, ერთხელ ამ თემაზე საუბრისას, ვიღაცამ იხუმრა–ალკოჰოლს ეგენი არ ეკარებიან და ჩაის სმის დროს არც ქრისტიანი ქართველები ვამტვრევთ ერთმანეთს ცხვირ-პირსო.

ამ ხუმრობაში სიმართლის საკმაო დოზა უნდა იყოს. ალბათ არის სხვა უფრო სერიოზული და ღრმა მიზეზებიც. მაგრამ მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე კი მინდა კვლავ სახელმწიფო მოხელეთა მიერ რეპატრიანტთა მიმართ დამოკიდებულებას მივუბრუნდე. რატომ არის, ხშირ შემთხვევაში, ეს დამოკიდებულება ნეგატიური? ამას ,,ზემოდან” წამოსული ინსტრუქცია განსაზღვრავს, თუ პიროვნების მიერ პრობლემის სუბიექტური აღქმა?

იანეთელმა მესხმა, ალიხან ჩხეიძემ, ასეთი დამოკიდებულების გამო გულისტკივილი შემდეგნაირად გამოხატა: საქართველოში ჩამოსულ ჩინელებს არანაირი პრობლემები არ ექმნებათ, ჩვენ კი, თქვენს სისხლს და ხორცს, ამ მიწის ჭეშმარიტ მკვიდრნთ, ეჭვის თვალით გვიყურებთო.

ბატონი ალიხანი მართალია. ჩინელებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ჯერჯერობით კეთილგანწყობილი თუ არა, ნეიტრალური მაინცაა. რასაც ვერ ვიტყვით მაჰმადიანი მესხებისადმი დამოკიდებულებაზე.

ერთი შეხედვით, თითქოს, პარადოქსია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. საკითხის არსში გარკვეულ კაცს კი ასეთ დამოკიდებულებაში კანონზომიერების დანახვა არ გაუჭირდება.

ჯერ კიდევ VII საუკუნის 40-იანი წლებიდან, ვიდრე XVIII საუკუნის მიწურულამდე, ქართველებს ისლამური ქვეყნების აგრესიის წინააღმდეგ მძიმე თავდაცვითი ომების წარმოება გვიწევდა. ამის გამო ჩვენს შეგნებაში მყარად გაჯდა ისლამის მიმდევრის, როგორც ჩვენი უპირველესი მტრის სტერეოტიპი. სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ცოცხალი არიან 1919-1920 წლებში მაჰმადიანთა მიერ არნახული სისასტიკით ჩადენილი ქრისტიანი მოსახლეობის დარბევების თვითმხილველნი. დაუმატეთ ახლა ამას დეპორტირებული მოსახლეობის თურქული ცნობიერების მქონე ნაწილის ცალკეულ წარმომადგენელთა ანტიქართული გამონათქვამები, გასული საუკუნის 80-90-იან წლების მიჯნაზე საქართველოში გაჩაღებული ანტიმესხური კამპანიის შედეგად მოსახლეობის შეგნებაში დალექილი ნეგატიური განწყობა ... აი, რას ეფუძნება მაჰმადიანი მესხებისადმი ქრისტიანი ქართველების ფრთხილი, ეჭვნარევი დამოკიდებულება.

ასეთი განწყობის ადამიანები კი სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება იყვნენ. ამ ადამიანებს ნამდვილად არ დაჭირდებათ ზემოდან წამოსული დირექტივები რეპატრიანტთა მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გამოსახატად. ისინი ამას საკუთარი ინიციატივით დიდი სიამოვნებით გააკეთებენ.

ჩემი ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებს დაემთხვა. ჰოდა, ომობანას თამაშისას, ჩვენთვის, იმდროინდელი ბავშვებისთვის, მტერი გერმანელი იყო. ცხადია, ეს გერმანელების სიძულვილით არ მოგვდიოდა _ ამაში ჩვენი მამების მიერ გადახდილი სასტიკი ომის გამოძახილი აირეკლებოდა.

მაჰმადიანი მესხებისადმი ქრისტიანი ქართველების ფრთხილი, ეჭვნარევი დამოკიდებულებაც იმ ზემოხსენებული განწყობის ანარეკლს წარმოადგენს. მასში ჩვენი ხალხის უმძიმესი ისტორიაა დალექილი. ამიტომაც არ არის და ვერც იქნება ეს დამოკიდებულება ნეიტრალური, მით უმეტეს კეთილგანწყობილი. ამის გამო კი არ უნდა ვიბუტებოდეთ, მას გაგებით უნდა ვეკიდებოდეთ და პრაქტიკულ მუშაობაში ვითვალისწინებდეთ. ეს კი ამ განწყობის დასაძლევად მუშაობასაც გულისხმობს.

ამ თვალსაზრისით წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ ,,ტოლერანტის” დაკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმი _ ,,სამშობლო, რომელიც შორია,” რომლის პრეზენტაციაც, იმავე დღეს, კინოს სახლში გაიმართა. ფილმში მაღალმხატვრულად ნაჩვენები უკვე რეპატრირებული მოსახლეობის პატრიოტული განწყობა მაყურებელში ნამდვილად აღძრავს დღეს ესოდენ საჭირო დადებით ემოციებს მაჰმადიან მესხთა მიმართ.ცხადია, ასეთი ფილმი ხელს შეუწყობს მაჰმადიანი მესხების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ადგილობრივ მოსახლეობაში, მათ შორის საჯარო სამსახურში მყოფ იმ მოხელეებშიც, რომლებსაც ასეთი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არ გააჩნიათ.

ამასთან, ფილმში წინა პლანზე წამოწეულია დეპორტირებული მოსახლეობის ლოიალური განწყობა ქართული სახელმწიფოსადმი, რაც სიმართლეა, მაგრამ არა სრული. ამ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი განაწყენებულია საქართველოზე, რადგან თვლის, რომ სწორედ საქართველო და ქართველები (სტალინი, ბერია) არიან დამნაშავე მათ გასახლებაში. დეპორტირებული მოსახლეობის ამ ნაწილის წარმოდგენაში მესხეთი თურქეთის ნაწილად აღიქმება, თავად მესხები კი თურქებად, რომლებიც, ისტორიის რომელიღაც ეტაპზე ქართველებმა გააქართველეს და გააქრისტიანეს. მათი ასეთი ანტიქართული განწყობა ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რაც, როგორც უკვე ითქვა, აისახება კიდეც მათ დამოკიდებულებაზე მაჰმადიანი მესხებისადმი. ამიტომაც, ობიექტურობისთვის აჯობებდა ფილმში ეს წინააღმდეგობრივი განწყობა სრულად ასახულიყო, რაც მას რეპატრიანტების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თვალშიც კი მეტ დამაჯერებლობას შესძენდა.

,,ტოლერანტს” რეპატრირებულ მოსახლეობასთან მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი დაუგროვდა. ეს გამოცდილება საშუალებას გვაძლევს არ შემოვიფარგლოთ თვითრეპატრიაციის პრევენციის პრობლემატიკით (რასაც ახლანდელი პროექტი ითვალისწინებს) და აქტიურად ვიმუშაოთ დეპორტირებულთა დამახინჯებული ცნობიერების გამოსწორებაზე. ეს მათ ცნობიერებაზე იდეოლოგიურ ზეწოლას კი არა (თუმცა, ასეც რომ იყოს, ეს ჩვენი მხრივ, ადრე სხვათა მიერ განხორციელებული ზეწოლის გამაწონასწორებელი ნაბიჯი იქნებოდა), არამედ მხოლოდ მათთვის დაბალანსებული, ობიექტური ფაქტების მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ ასეთ პირობებში ექნებათ საშუალება რეპატრირებულებს ნათლად გაერკვნენ თავიანთ წარსულში და გააკეთონ სათანადო დასკვნები. საკითხისადმი ასეთი მიდგომა დააჩქარებს რეპატრიანტთა თავისუფალ, ნებაყოფლობით ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში. ეს კი მთლიანად შეესაბამება როგორც რეპატრიანტთა, ისე ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უჩა ბლუაშვილი