,,სამშობლო, რომელიც შორია’’
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 12:45
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2072
ტკივილით სავსე ისტორიები, მატარებლის გუგუნს გაყოლილი სევდა სამშობლოზე და წინაპრების აღთქმული საოცნებო მიწა.
ფილმი სახელწოდებით - ,,სამშობლო, რომელიც შორია“ მაყურებელმა უკვე იხილა. დოკუმენტური ფილმის პრემიერა 17 ნოემბერს, თბილისში კინოსახლში შედგა.
მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ასახულია დეპორტაციის ისტორია, რეაპტრიანტთა და ,,თვითრეპატრირებულთა“ ყოფა - მდგომარეობა.
იყო სავსე დარბაზი და მძაფრი ემოციები. იყო აპლიდისმენტები და სამადლობელო სიტყვები.
,,ფილმში კარგადაა გაშლილი და გადმოცემული ჩვენი პრობლემა. ძალიან ავღელდი“, - თქვა რეპატრირებულმა მესხმა როზა გოჩაძემ.
პრემიერას როზა გოჩაძის მთელი ოჯახი ესწრებოდა - თუიღუნაშვილების სამი თაობა დიდ ეკრანზე აკვირდებოდა წინაპრების ისტორიას და მათი შთამომავლების ახლანდელ ყოფას.
,,ასეთი ფილმები, ასეთი პროპაგანდა და ბრძოლა იმისთვის, რომ დაბრუნებდნენ დეპორტირებული მესხები აუცილებელია. მე დარწმუნებული ვარ ქართველობა თავისას იზამს და ისინი ნელ-ნელა ისწავლიან ენას, მიიღებენ ჩვენს კულტურას. სამწუხაროდ ამისთვის მზად ჩვენ თვითონ არ ვართ. მინდა ეს პროპაგანდა ბოლოს და ბოლოს იქცეს იმ ძალად რაც ხალხს დააბრუნებს. მადლობა ვინც ამ ფილმზე იმუშავა“, - განაცხადა კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.
,,არაჩვეულებრივი ფილმი იყო. მოხიბლული ვარ იმით, რომ თქვენ ქართველებს შეგიძლიათ ასე უბრალოდ ღიად, გულთბილად ისაუბროთ და მოიგონოთ ეს ყველაფერი. ჩვენთან ხანდახან ამჯობინებებ პრობლემებზე გაჩუმდნენ. გილოცავთ ყველას ასეთი არაჩვეულებრივი ფილმის შექმნას“, - უთხრა ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში მყოფ საზოგადოებას აზერბაიჯანის ორგანიზაცია ,,ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოების“ თავმჯდომარე ავაზ ჰასანოვმა.
,,ფილმი, საინტერსო გამოვიდა როგორც სანახაობრივი ისე ფაქტოლოგიური მასალის მიწოდების თვალსაზრისით. ასეთი ფილმები საჭიროა რათა ჩვენს საზოგადოებაში დაიძლიოს მაჰმადიანი მესხების მიმართ ჯერ კიდევ არსებული ნეგატიური განწყობა და ეს ფილმი ამ მისიას შესანიშნავად ასრულებს. შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ეს ფილმი ამ თემისადმი მიძღვნილი სხვა ფილმების მსგავსად დაზღვეული არ არის ცალმხრივობისგან. მასში არ არის წარმოდგენილი დეპორტირებულთა მეორე - პროთურქულად განწყობილი ნაწილი. ასეთი ნაწილი კი ნამდვილად არსებობს და მისი ასახვის გარეშე მაყურებელს ცალმხრივი გაიოლებული წარმოდგენა ექმნება პრობლემაზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ მსგავსი ფილმები საჭიროა ჩვენს საზოგადოებაში არსებული ნეგატური განწყობის დასაძლევად“, - ამბობს პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი.
,,დეპორტირებული მესხების პრობლემები კარგად არის ნაჩვენები. მადლობა ,,ტოლერანტს“ და ყველას ვინც ფილმის გადაღებაზე იმუშავა“, - განაცხადა საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის დირექტორმა ალექსანდრე ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ გასულ წელს დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე მუშაობა. გამოცხადდა კონკურსი, რომლის შემდეგაც გამოვლინდა საუკეთესო სცენარი. სცენარის ავტორი მარინე გერმანიშვილი და ფილმის დამდგმელი რეჟისორი სანდრო ვახტანგოვია.
,,გავიცანით უამრავი მესხი როგორც აქ ასევე აზერბაიჯანში. მართლაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ხალხის ერთ ღამეში გადასახლება და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული დიდი პრობლემები. სწორედ ამ თემის ირგვლივ არის შეკრული ფილმიც“, -გვითხრა სანდრო ვახტანგოვმა.
გადაღებები მიმდინარეობდა ჯერ თბილისში - გლდანის საერთო საცხოვრებელი, ოკუპაციის მუზეუმი, შემდეგ იყო ოზურგეთი - ნასაკირალი, აბასთუმანი - ახალციხე -ვალე - სოფელი კლდე, აზერბაიჯანი.
დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში მოხდა.