პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

გიორგის უფლება

რეპატრირებულ მესხს გიორგი მანზულოვს მოსწავლის სტატუსი კი აღუდგა, მაგრამ გასულის წლის მსგავსად ის წელსაც მეშვიდე კლასის მოსწავლეა. .
თავდაპირველად პრობლემის გასარკვევად და შვილის დასახმარებლად ასოციაცია ,,ტოლერანტს“ გიორგი მანზულოვის მამამ მომართა.

,,გიორგი კლასში ჩატოვეს, მერვეში არ გადაიყვანეს, ისევ მეშვიდე კლასშია. რა ვქნა? დამეხმარეთ“, - გვითხრა რეიზ მანზულოვმა.

გიორგი მანზულოვი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მას და მის მსგავსად მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეებს მოსწავლის სტატუსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ.

 

გასულ წელს ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი წერილი გაუგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, უშიშროების ეროვნულ საბჭოს. დაიწერა არაერთი სტატია, თუმცა პრობლემა ვერ მოგვარდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც იურისტები ამბობდნენ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება არ შეესაბამებოდა არც საერთაშორისო აქტებს და არც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს და ასევე განათლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითაც -35 -ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით; - ,,სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილ წესით. დაწყებით და საბაზო განათლება სავალდებულოა“. აქედან გამომდინარე მინისტრის ბრძანებით დაირღვა ადამიანის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების უფლება. პრობლემის მოგვარება ამა წლის თებერვლამდე ვერ მოხერხდა.

2013 წლის თებერვლის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეებს აღუდგათ მოსწავლის სტატუსი.
გიორგი მანზულოვი სტატუსის შეჩერების გამო კი იგივე კლასში ჩარჩა.

,,ბავშვი არ სწავლობდა ამ ხნის განმავლობაში, ამას ჩარჩენა არ ქვია. ბრძანება იყო სტატუსის შეჩერების შესახებ, წელს ჩაირიცხა ისევ მეშვიდე კლასში, ეს ბავშვი ხომ სწავლობდა თებერვლამდე, ანუ ჩაეთვალა თებერვლამდე სწავლა, ახლა კი მეშვიდე კლასში განაგრძო ისევ სწავლა თებერვლიდან. რადგან უნდა დაასრულოს მეშვიდე კლასის სრული კურსი. ან კიდევ ბავშვს აქვს საშუალება ექსტერნის წესით გამოცდები ჩააბაროს, რომელიც იქნება დაახლოებით ერთ-ორ თვეში და თუ ჩააბარებს და დაძლევს პროგრამას გადავა შესაბამის კლასში“, - გვითხრა სოფელ კლდის სკოლის დირექტორმა, მალხაზ ბლუაშვილმა.

რეპატრირებული მესხი ბავშვები ახალციხის №2 და №4 საჯაროს სკოლაშიც სწავლობენ, თუმცა ისინი კლასიდან კლასში ჩვეულებრივ გადავიდნენ, როგორც ახალციხის № 2 საჯაროს სკოლის დირექტორმა მარინა ზედგინიძემ განგვიმარტა- ,,სკოლის შიდა განცხადების საფუძველზე მოხდა ბავშვების კლასიდან კლასში გადაყვანა“.

,,სხვა სკოლებმა კანონი დაარღვიეს ეტყობა“, - ამბობს მალხაზ ბლუაშვილი.

დაირღვა თუ არა მოსწავლის უფლება და მეშვიდე კლასში მჯდომი გიორგი როგორ შეძლებს მერვე კლასის პროგრამით გამოცდის ჩაბარებას სკოლის დირექტორი ვერ საუბრობს.