უნდა დაბრუნდნენ თუ არა მაჰმადიანი მესხები საქართველოში
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 13:06
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2009
მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის წინაშე ვალდებულება აიღო სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების საკითხი მწვავედ დადგა. საზოგადოება ამ საკითხს იმთავითვე არაერთგვაროვნად შეხვდა.
420 ათასამდე მესხიდან საქართველოში დაბრუნების სურვილი 60 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. თუმცა ამ დრომდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლებულ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში 7 ათასამდე განაცხადია შესული. 1969-2010 წლებში 200 - მდე ოჯახი უკვე ჩამოსახლდა საქართველოს რამდენიმე რაიონსა და სოფელში.
სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე გამოქვეყნებული კვლევებიდან ჩანს, რომ პროცენტულად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ არის თანახმა მათი ჩამოსახლების. მაგალითად ინტერნეტ საიტ წწწ.ფორუმ.გე მიმდინარე გამოკითხვას - უნდა დაბრუნდნენ თუ არა მაჰმადიანი მესხები საქართველოში? 104 ხმიდან 63 ფიქრობს რომ არ უნდა დაბრუნდნენ.
შევეცადეთ მსგავსი კვლევა ახალციხის მოსახლეობის მცირე ნაწილზეც გაგვეკეთებინა და გაგვერკვია რას ფიქრობენ ადგილობრივები ამ საკითხზე.
ინგა ბასილიძე ორი შვილის დედაა, ის ამბობს რომ წინაპრებისგან გადმოცემით მაჰმადიან მესხებზე ბევრი ცუდი სმენია და ამიტომ არ აქვს სურვილი მათი აქ ჩამოსახლების.
,,როცა აქ ცხოვრობდნენ ადგილობრივ ქართველებს აწიოკებდნენ, ეგენი თავისას არ მოიშლიან, ბაბუაჩემისგან კარგი მაგ ხალხზე არაფერი მსმენია და ამიტომ არ მინდა რომ ჩამოსახლდნენ",- ამბობს ის.
,,მაჰმადიანები თუ არიან მესხები როგორ არიან? - კითხულობს ანდრიაწმინდელი მედგარ ინასარიძე - მაგათი შიშით გარეთ ქალი და ბავშვი ვერ გამოდიოდა, როგორ უნდა ვისურვო მათი აქ დაბრუნება, ეგენი რომ მასიურად ჩამოვიდნენ მეორე აფხაზეთი და ოსეთი განმეორდება",- მიაჩნია მას.
რესპოდენტების ერთი ნაწილისთვის სტატუსი ,,მაჰმადიანი მესხი" - მიუღებელი და გაურკვეველი აღმოჩნდა.
"ხომ არასწორია ტერმინი ,,სომეხი მესხი" , ასევე არასწორია თურქი და მაჰმადიანი მესხი, ეგენი არიან თურქები და სწორი ფორმა მათი მოხსენიების არის ეს",- ამბობს ახალციხის მკვიდრი გოჩა წიკლაური.
,,დაკარგული ქართველები"- ასე მოიხსენიებს მაჰმადიან მესხებს ნიკოლოზ გარსევანიშვილი. მისი აზრით მაჰმადიანი მესხები გათურქებული ქართველი თაობებია, რომელთაც არ იციან საკუთარი ისტორია და ამის გამო მათი უმრავლესობა თავს ქართველად არ თვლის.
,,ისტორიის არცოდნის გამო ბევრი მათგანი თავს თურქად მიიჩნევს ეს არის დაკარგული და გაუბედურებული თაობა, ისინი ვინც ფიქრობენ რომ თურქები არიან აქ არაფერი ესაქმებათ",- ამბობს ნიკოლოზ გარსევანიშვილი.
16 გამოკიითხულ რესპონდენტს შორის ზურაბ ჭანკოტაძე იმ უმცირესობას წარმოადგენს, რომლებიც ფიქრობენ რომ მაჰმადიანი მესხები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.
,,ბევრი კარგი ადამიანი გადაასახლეს, კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან. დაბრუნების შემთხვევაში მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია უნდა მოხდეს ",- ამბობს ის და ამატებს - როგორც ვიცი იანეთში მათ სკოლაც კი აუშენეს, ეს არ არის კარგი, შესაძლებელია გარკვეული დროის შემდეგ ტერიტორიების ამბიციებიც კი გაუჩნდეთ", -მიაჩნია მას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, როგორც საქართველოს მთელ რიგ სოფლებში ფუნქციონირებს ქართული საჯარო სკოლა. როცა ზემოაღნიშნული სოფელი გაშენდა შესაბამისად სოფელში გაიხსნა სკოლაც. (ასოციაცია ,,ტოლერანტი”)
გოდერძი თაბუნიძე იმ დროს იხსენებს როცა ჯარში მუგარეთიდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხი გვარად ტაბიძე გაიცნო.
,,1955 წელს ჯარში წავედი, სამსახური რუსეთში მომიწია. რომ გავიგე ტაბიძის შესახებ გამიხარდა რომ ქართველი მარტო მე არ ვიქნებოდი. გაცნობისთანავე მითხრა რომ ის მუგარეთიდან შუა აზიაში გადასახლებული იყო", - ყვება გულისტკივილით.
,,ისინი ქართველები არიან და მათ უნდა იგრძნონ. ჩვენ მათ მივიღებთ ",- ამბობს იზოლდა მურვანიძე.
54 წლის მედიკო ტაბატაძეს მაჰმადიან მესხებზე ბებიის მონაყოლიდან ცუდის მეტი არაფერი ახსოვს. ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბებია შვილიშვილებს უყვებოდა ,,თურქების" შემოსევების დროს როგორ იმალებოდნენ ბაკურიანის ტყეში.
,,ტყიდან დაბრუნებულებს სახლები გაძარცვულები ხვდებოდათ, მაჰმადიან მესხებს ახლა ეძახიან თორემ მაშინ მათ ყველა თურქებით მოიხსენიებდა",- ყვება მედიკო ტაბატაძე.
16 გამოკითხული რესპოდენტიდან მაჰმადიანი მესხების საქართველოში ჩამოსახლებას მხოლოდ სამი მათგანი შეხვდა დადებითად. რამდენიმემ ისიც კი აღიარა რომ მაჰმადიანი მესხების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება წინაპრებისგან შემორჩენილი გადმოცემები გახდა.
რა თქმა უნდა ეს არ არის ფართო საზოგადოებაზე გაკეთებული სრულყოფილი კვლევა, თუმცა შევეცადეთ საზოგადოების მცირე ჯგუფის გამოკითხვით გარკვეული წარმოდგენა შეგვქმნოდა თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ერთობ აქტუალურ თემაზე.