ფესვებისგან მოწყვეტილნი
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 13:08
- ავტორი: inga
- გადასვლები: 1904
გზა აწმყოდან წარსულისკენ!
ახალციხიდან დასავლეთ საქართველომდე საკმაოდ გრძელი და დამღლელი გზაა, თუმცა იმ დღეს განცდებმა თითქოს დაამოკლა ის.
ვიცოდით, რომ გველოდნენ, გველოდნენ მესხები!
13 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” იანეთსა და ნასაკირალში მცხოვრები მესხების მოსანახულებლად გავემგზავრეთ.
გზა, მართლაც ძალიან გრძელი აღმოჩნდა. ამინდი მარტის შესაბამისი: წვიმდა, თოვდა, ზოგჯერ მზე გამოანათებდა. ასეთი ცვალებადობა ადამიანის გონებაშიც სხვადასხვა ემოციებს იწვევს ხოლმე.
მგზავრობა ბევრს არ უყვარს, მაგრამ როგორც ყველაფერს მასაც აქვს თავისი ხიბლი და ხშირად მეტად საინტერესოც – ადამიანებს დაფიქრების საშუალებას აძლევს. ზიხარ მანქანაში, უყურებ წამის უსწრაფესად როგორ იცვლება პანორამა ფანჯრის მიღმა და ფიქრობ, ოცნებობ.
ვუყურებდი როგორ იბურებოდა სამარშრუტო ტაქსის ფანჯრები და წარსულისკენ მივექანებოდი ფიქრებით.
1944 წელი. დეპორტაცია. ადამიანები ერთ ღამეში აყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, გამოაძევეს სახლებიდან და... გაასახლეს. თავადაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, რატომ მიდიოდნენ, არ იცოდნენ რა ელოდათ მომავალში. და, ახლა, ისინი კვლავ აქ არიან, თავიანთ სამშობლოში, თავიანთ ახლობლებში.
იანეთის IX უბანი
IX უბანი გეტოს ასოციაციას მიტოვებს და არასასიამოვნო შეგრძნებას ბადებს. აქ მხოლოდ მესხები ცხოვრობენ, იზოლირებულად.
გადასახვევიდან ვიწრო ხეივანში შედიხარ (ალბათ რა ლამაზი იქნება აქაურობა ზაფხულში?!), ორივე მხრიდან ხეების მწკრივია. მათ მიღმა კი გაშლილი მინდორი.
ხეივნის ბოლოში იწყება იანეთელი მესხების დასახლება, მარცხნივ მოსჩანს სკოლა. იქ მალე ,,ტოლერანტის” საინფორმაციო ცენტრის რეკონსტრუქცია დასრულდება.
სახლები, ეზოები, ყველაფერს სევდა ურევია, ყველაფერს წარსულის ელფერი დაჰკრავს. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მესხებიც იბრძვიან, იბრძვიან თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის.
სკოლაში ყოფნისას ადგილობრივი მესხი ადვოკატ რეზო კაჭკაჭიშვილთან გასასაუბრებლად მოვიდა. პრობლემები ჰქონდა, ახალდაბადებულ შვილიშვილს მოქალაქეობას არ აძლევდნენ.
ყველაფერი ერთ დიდ ცხოვრებისეულ ტრაგედიას ქმნის, რომელიც 1944 წელს დაიწყო და გვინდა ჩვენ ეს, თუ არა დღემდე გრძელდება. ძნელია არ შეხვიდე ამ ხალხის მდგომარეობაში, არ გაითავისო მათი სურვილი იყვნენ თავიანთი სამშობლოს სრულუფლებიანი წევრები.
ვუყურებ ამ ხალხს და სულით ხორცამდე ვგრძნობ, რას ნიშნავს ქართველობა, რა ფენომენია ეროვნება, სამშობლოს სიყვარული... სისხლის ყივილია, ალბათ!
სამწუხაროდ, ძალიან ციოდა, წვიმდა და ვერ მოვახერხეთ მივსულიყავით ოჯახებში, მოგვენახულებინა ისინი და მოვფერებოდით, დაგვენახვებინა, რომ ისინი საჭირონი არიან.
გაიცანით, ეს ალიხან ყურაძეა!
იანეთიდან ნასაკირალისკენ გავემართეთ. ბუნება აქაც ლამაზია. გზის ბოლოს პატარა დაღმართი ჩავიარეთ და დაიწყო უბრალო სახლები, ლამაზი, მოვლილი ეზოებით. ერთ-ერთ ასეთ ეზოში, მესხი იოსებ ხოზრევანიძის სახლთან თემი დაგვხვდა. აქაც საინფორმაციო ცენტრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
გახარებულებმა სახლში შეგვიპატიჟეს. მცირე მისალმებისა და ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ თემს ერთი მესხი გამოეყო, სახელად ალიხან ყურაძე. მან საკმაოდ ბევრი ისაუბრა მესხებზე, ზოგადად ქართველებზე, პოლიტიკაზე, პრობლემებზე.
,,80-იან წლებში ზარზმაში ვიყავით. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდი იყო და ეკლესია არ ფუნქციონირებდა. ეკლესიის ეზოს ღობესთან დარაჯი დაგვხვდა. ეზოში შესვლისას ღობესთან დაგდებული ჯვარი დავინახეთ, რომელიც ადრე ეკლესიის წინ იყო აღმართული. დავინტერესდით ჯვარი რატომ ეგდო ღობესთან, დარაჯს ძალიან გაუკვირდა, რადგან მიხვდა, რომ მუსლიმანები ვიყავით. მერე მე ავუხსენი, რომ ეს ეკლესია ჩემი დიდი პაპის აშენებული იყო და სანამ ჩვენ დეპორტაციაში აღმოვჩნდებოდით ეს ჯვარი ეკლესიასთან იყო აღმართული და გვაინტერესებდა რატომ აღმოჩნდა ის ჩვენი წასვლის შემდეგ აქ. ამით მსურს ვთქვა ის, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ ბევრის აზროვნება შეცვალა, მათ შორის ქართვლებისაც. ბევრ თქვენგანს დაავიწყდა, რომ ჩვენც ქართველები ვართ, დაავიწყდა 1944 წელი. მეც კომუნისტი ვიყავი 30 წლის განმავლობაში, მაგრამ გააჩნია როგორი. 1979 წლიდან ვცხოვრობ საქართველოში, მაშინ აქ 45 ოჯახი გადმოსახლდა. უკვე რამდენი წელია ვცდილობ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენც ქართველები ვართ და არა თურქები ან უბრალოდ მესხები.” (სტილი დაცულია)
ალიხან ყურაძე რუსულად საუბრობდა. მას ყველა გულდასმით უსმენდა, ყველა აღიქვამდა ცვლილებას მის ხმის ტემბრში, რაც მღელვარებით იყო გამოწვეული. თემის მოხუცი წევრების სახეზე უეცრად გადაირბენდა წარსულის აჩრდილი, რომელიც მათ თვალებში სევდანარევ სიხარულს ტოვებდა. რატომ უხაროდათ? ალბათ, იმიტომ, რომ ყველანაირი გაჭირვების მიუხედავად, მაინც თავიანთ სახლებში იყვნენ, თავიანთ მიწაზე.
,,ალბათ, ყველას გახსოვთ ნოდარ ჭითანავა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ერთხელ მიღებაზე ვიყავი მასთან და უეცრად მკითხა: ,,ჩვენ რომ ნება დავრთოთ, სავარაუდოდ რამდენი დეპორტირებული მესხი დაბრუნდება საქართველოში”-ო. მე კი ვუპასუხე: ჩემი ნება რომ იყოს, ჩემი ერის ერთ ფრჩხილსაც კი არ დავტოვებდი უცხო ქვეყანაში. მთავარი ის არის თქვენ როგორ მიგვიღებთ და შეგვითვისებთ-მეთქი. ჩვენმა ხალხმა დეგრადირება განიცადა, ძალიან დაიტანჯა. მათ არ იციან რისთვის ან რატომ გაასახლეს. ბოლშევიკური პროპაგანდა ყველანაირად ეცადა მოვწყვეტილიყავით ჩვენი ფესვებისგან. რუსეთის მაშინდელ მთავრობას ასე სჭირდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. ახლა კი სხვა დროა, გადავიარეთ ის საშინელი პერიოდი და ყველანარად ვეცადეთ ცნობიერებაც შეგვენარჩუნებინა. უნდა შევიგნოთ ყველამ, რომ ჩვენი ფესვები საქართველოშია. ჩვენ ხალხს დღემდე აქვთ ჩუმად ქართული პასპორტები. ერთხელ, ერთმა მათგანმა თავისი ქართული პასპორტი მაჩვენა და თან მითხრა, ჩუმად ვმალავ, მეშინია არ გამიგონ და ქრისტიანი არ ვეგონოო”, - საუბრობს ალიხან ყურაძე. (სტილი დაცულია)
ვუყურებ ამ ადამიანებს, ქალებს, კაცებს, ბავშვებს და ერთდროულად სხვადასხვა ემოციით ვივსები. მიხარია, რომ ისინი დღეს აქ არიან, მაგრამ ამავე დროს მტკივა, რადგან წარმოუდგენლად ძნელია იყო შენს სამშობლოში და აღგიქვამდნენ უცხოდ. როცა უსმენ, ხვდები, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვთ მათ ცხოვრებაში ჩვენთვის თითქოს არაფრისმთქმელ, უბრალო დეტალებს. მათი ცხოვრება სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება, რომლებსაც სიხარული და ზოგჯერ კი ტკივილი მოაქვს თითოეული მათგანისთვის.
მათი შემხედვარე პირველად ხვდები, რომ სიტყვა პატრიოტიზმი მეტყველების უბრალო აქსესუარი არ არის. ცნობილმა ინგლისელმა როკ-მუსიკოსმა ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა, რომ დაფასება დაკარგვასთან ერთად მოდის. ამ ადამიანებმა დაკარგეს სამშობლო, დააფასეს ის და ახლა, უკან დაბრუნებულები უფრო დიდი ენერგიით არიან ავსებულნი. შეიძლება სწორედ ასეთ ტანჯვასა და ერთდროულად სიყვარულში გამოიხატება ერის მთელი მისტიციზმი. მათ დაავიწყდათ ენა, დაკარგეს სარწმუნოება, მაგრამ ცნობიერება ვერც ერთმა იდეოლოგიამ ვერ შეუცვალა.
უკან ვბრუნდებით. რაღაც მახრჩობს, ალბათ, ცრემლებია. მტკივა, ალბათ, სისხლის ყივილია ისევ! მიხარია, ალბათ, იმედია!
მანქანის ფანჯრიდან მესხები ჩანან, შეჯგუფულები, ხელს გვიქნევენ, უხარიათ, იმედიანად არიან...
თეონა ჟუჟუნაძე, იანეთი - ნასაკირალი