პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,ტოლერანტი“ - მეკვლე ნასაკირალში

კლიპების პრეზენტაცია. საახალწლო საჩუქრები ბავშვებს და მხიარულების პიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში.
24 დეკემბერს ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქართული ენისა და კულტურის ცენტრში მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში გადაღებული სოციალური კლიპების პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაციას სოფელში მცხოვრები რეპატრირებული მესხები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის კლიპში გადმოცემული რეპატრიანტის სტატუსის მიღებამდე არსებული თანამდევი პრობლემები ნასაკირალის მოსახლეობას არ აქვს, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან მაინც დიდი ინტერესით მიიღეს კლიპი.
. ,,მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი”

სანამ ქართული ენისა და კულტურის ცენტრში კლიპების პრეზენტაცია მიმდინარეობდა ეზოში ბავშვები საახალწლო ლექსებს იმეორებდნენ და თოვლის ბაბუას სტუმრობას სულმოუთქმელად ელოდებოდნენ.
ქართული ენისა და კულტურის ცენტრში კი კედელზე გაკრულ კონვერტში - ,,ჩვენი საახალწლო სურვილები“ წავიკითხეთ;
აიშა ხოზრევანიძე, 12 წლის - მე მინდა, რომ თოვლის ბაბუამ საჩუქარი მომიტანოს.
მარინა მუსტაფაევა, 11 წლის - ჩემი საახალწლო სურვილი არის, რომ ახალი წელი ჩემს ოჯახს და ყველას ძალიან ბედნიერი ქონდოდეს.
ნიაზ ბექაძე, 8 წლის - ჩემი ახალი წლის სურვილი არის რომ თოვლის ბაბუამ მანქანა მომიტანოს, კიდევ სათამაშოები და კიდე სხვა საჩუქრები მომიტანოს.
სუზანა მუსტაფაევა -10 წლის - მე მინდა, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუა მოვიდეს და ყველას საჩუქრები დაგვირიგოს და კიდევ 2012 წელი ყველა ადამიანისთვის ბედნიერი იყოს. ბევრი სურვილები მაქვს, მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და დიდი დიზაინერი გავხდე.
ირაკლი ხოსაძე, 6 წლის - მინდა თოვლის ბაბუამ საჩუქრები მომიტანოს.
პატარებს სურვილები ნაწილობრივ აუხდათ. ასოციაცია ,,ტოლერანტმა’’ იზრუნა და თოვლის ბაბუამ ნასაკირალში მცხოვრებ ყველა რეპატრირებულ მესხ ბავშვს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
იყო დიდი მხიარულება, პატარების გაცისკროვნებული თვალები და უამრავი სამადლობელო სიტყვები.