პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

სოფელ აბასთუმანში . . .

23 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ასოციაცია "ტოლერანტმა" პროექტის "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება "თვითრეპატრიაციის" პრევენცია”, ფარგლებში სოციალური კლიპების პრეზენტაცია და საახალწლო საჩუქრების გადაცემა მოაწყო.

პრეზენტაციას სოფელ აბასთუმანში მცხოვრები რეპატრირებული მესხები ესწრებოდნენ. კლიპების ჩვენების შემდეგ სკოლის პატარა დარბაზში, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ძლივს იტევდა საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა იმ რეპატრირებულმა მესხმა ბავშვებმაც მიიღეს, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ. მათ მოწვეულ სტუმრებს ლექსები, სიმღერები და მინი სკეჩები წარუდგინეს.

. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის განმარტებით ბავშვებს არ უჭირთ ქართული ენის სწავლა და დიდი მონდომებით მოამზადეს ლექსები და სიმღერები.
"გვყავს რამდენიმე ბავშვი რომლებსაც უჭირთ ქართულად მეტყველება მაგრამ ისინი ძალიან იყვნენ მონდომებულები რომ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა",- განმარტავს ნინო ველიჯანაშვილი.
საახალწლო ღონისძიების შემდეგ სკოლის ყველა მოსწავლეს ასოციაცია "ტოლერანტმა" ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.
"უკვე რამდენიმე წელია რაც "ტოლერანტი" ყველა თავის ცენტრში ახალი წლის წინა დღეებში აწყობს ღონისძიებებს და თოვლის ბაბუასთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს. გარდა სოფელ აბასთუმანისა გვინდა საჩუქრები გორში, იანეთსა და ნასაკირალშიც ჩავიტანოთ",- განმარტავს ასოციაცია "ტოლერანტის" წარმომადგენელი ნინო ზუმბაძე.