პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,აქ ხომ სამშობლოა“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოსული რეპატრირებული მესხი ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს.

მასპინძელი ჭიშკართან შემოგვეგება. სახლი ორსართულიანია, ფანჯრის რაფაზე ლამაზ ქოთნებში ოთახის ყვავილები ჩანს. გრძელი დერეფნით მისაღებ ოთახში შევდივართ, ერთ კუთხეში აკვანი დგას, აკვანში პატარა სოფოს სძინავს.
ბერიძეების ოჯახში ვართ.
ბერიძეები აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოვიდნენ. ოჯახში, ოჯახის უფროსი ლადო ბერიძე, მეუღლე გულო ბერიძე და მათი შვილები თემური და თამარი, რძალი სარა და შვილიშვილები ნატალია და სოფო ცხოვრობენ. სოფოს სძინავს, ნატალია კი საგანგებოდ გამოპრანჭულა, დიდი თმისამაგრიც გაუკეთებია თავზე და არ გვშორდება.

ბერიძეების ოჯახი პირველია იმ მრავალრიცხოვან ოჯახებს შორის სადაც სტუმრობისას მეუბნებიან რომ პრობლემები არ აქვთ. სასიამოვნოდ მიკვირს.
,,ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველაფერს ვუმკლავდებით“, - ამბობს ოჯახის უფროსი დიასახლისი გულო ბერიძე.
ოჯახის სამი წევრი დასაქმებულია; გულო ბერიძე ექთანია, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობს, მეუღლე რკინიგზაზე, ვაჟიშვილი კი თარჯიმანია.
,, ვმუშაობთ. ნელ-ნელა ყველაფერი ავაწყვეთ. ახალციხეშიც ვცხოვრობდით, ბოლოს აქ გადმოვედით სოფელში“, - გვეუბნება დიასახლისი.
ბერიძეების ოჯახი პირველი ოჯახია იმ რეპატრირებულ მესხებს შორის, რომლებიც აზერბაიჯანიდან სამცხე-ჯავახეთში დაბრუნდნენ და თავიანთ ისტორიულ სოფელში დასახლდნენ. ახლაბერიძეების ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა.
,,ვიცოდით რომ ყველაფრის მიტოვება და სხვაგან დამკვიდრება ძნელი იქნებოდა, მაგრამ აქ ხომ სამშობლოა, ამიტომაც ჩამოსვლის სურვილმა ყველაფერი გადაწონა და წამოვედით. მოსახლეობა კეთილგანწყობილი დაგვხვდა. მოჰქონდათ საჭმელი, ფქვილი ვედროებით“, - იხსენებს წლების წინანდელ ამბებს დიასახლისი.
,,გადმოცემით ვიცი იმ ტრაგედიის შესახებ რაც წინაპრებმა განიცადეს. ბაბუას და ბებიას ოცნება საქართველოში ჩამოსვლა იყო. ოცნება აუხდათ, ჩამოვიდნენ. სულიც სამშობლოში დალიეს “, - ამბობს თამარ ბერიძე.
საშიკო და ანზორ ბერიძეები სოფელ მუგარეთში არიან დასაფლავებულები.
საუბრის დროს პატარა სოფოც იღვიძებს. ღია ცისფერ თვალებს აფაფხულებს და გვიცინის. ნატალია ლექსს გვიყვება.
ამასობაში ოჯახში სუფრას შლიან, დიასახლისის მიერ სახელდახელოდ დაცხობილ ,,ჩებურეკებს“ წითელი ღვინოც მოყვება და სამშობლოს სადღეგრძელოც ისმება.