ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ტრენინგი პედაგოგებისთვის

img 248815–17 ივლისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,, თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში“ პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა იყო - ,,ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“.
სემინარს უძღვებოდნენ ,,ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების“ ტრენერები - ნათელა მელიქიძე და ნინო ზუმბაძე.
ტრენინგს ათი პედაგოგი ესწრებოდა. მასწავლებლები მოწვეულები იყვნენ იმ მუნიციპალიტეტების სკოლებიდან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ რეპატრირებული მესხები;

გორის მუნიციპალიტეტის წითელი უბნის საჯარო სკოლიდან ორი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლიდან ორი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლიდან ორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის ორი და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის ერთი პედაგოგი.

,,გავითვალისწინეთ, რომ მსმენელები პირველად ესწრებოდნენ ამ ტიპის ტრენინგს და არ იცნობდნენ ინტერაქტიური სწავლების მეთოდებს, ვესაუბრეთ კომუნიკაციური სწავლების არსზე (ენის სწავლება=კომუნიკაციური სწავლება). განვმარტეთ - იმისათვის, რომ ბავშვი ჩაერთოს სამეცადინო სიტუაციაში, მას უნდა შევთავაზოთ შინაარსიანი საკომუნიკაციო სიტუაცია სწავლების პროცესში. მათ უნდა მოუნდეთ რაიმეს მოსმენა, წაკითხვა, თქმა, დაწერა. გავაანალიზეთ კომუნიკაციური სწავლების მახასიათებლები: შინაარსიანი საკომუნიკაციო სიტუაცია, მოსწავლის სასიცოცხლო ინტერესები, მსმენელის აქტიურობა, ენობრივი გარემოს შექმნა, მასწავლებელი-რეჟისორი. ეს ყველაფერი რომ თვალსაჩინო ყოფილიყო, ჩავუტარეთ უცხო ენის გაკვეთილი (,,რა გსურთ დაბადების დღეზე?’’). რამდენიმე მითითება მივეცით საგაკვეთილო თამაშისათვის-პატარას ახალი ლექსიკური ერთეულები ისე უნდა შემოესწავლოს, რომ გახალისდეს“, - გვითხრა ნათელა მელიქიძემ.

,,ტრენინგის მეორე დღე ,,ენის ათვისების ეტაპებით’’ დავიწყეთ. შევავსეთ ტესტი- როგორ ვითვისებთ ენებს და რას ენიჭება უპირატესობა მეორე ენის შესასწავლად. მსმენელებს ავუხსენით, რომ ქართული ენის სწავლებისას მეცადინეობის დასაწყისში ყურადღება გასამახვილებელი სამეტყველო უნარ-ჩვევებიდან მოსმენისა და ზეპირმეტყველების განვითარებაა, რომ არაა აუცილებელი პატარამ შეკითხვაზე სრული პასუხი გაგვცეს, ჩვენთვის მისი სწორი რეაქციაც მისაღები უნდა იყოს, რომ ალაპარაკება შემდგომი ეტაპია და ,,დუმილის პერიოდიც’’ არსებობს, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის შესაძლებლობები საგაკვეთილო პროცესში“, - განმარტა ნინო ზუმბაძემ.

ტრენერებმა იზრუნეს ტრენინგზე მოწვეული პედაგოგების პორტფოლიოს შექმნაზე და საჩუქრად გადასცეს გამომცემლობა ,,საიმედოს’ მიერ მომზადებული ,,მასწავლებლის გზამკვლევი“ მეთოდიკური მითითებანი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროცესში (თბილისი, 2007 წელი). სემინარზე განხილული იქნა კრებულში გაწერილი გაკვეთილის ნიმუშიც (,,ბურდღუნა დათვი’’).
ტრენინიგის დასასრულს პედაგოგებმა შეფასებები გააკეთეს:
- ძალიან საჭირო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო.
- სასურველია ასე მნიშვნელოვანი და მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად ჩატარდეს.
- თვალსაჩინოებებმა და დისკუსიამ უფრო საინტერსო გახადა სემინარის მსვლელობა.
- ტრენინგი ჩემთვის მეტად საჭირო იყო, რადგანაც მიხდება მუშაობა მესხ ბავშვებთან, რომლებმაც ქართული ენა არ იციან.
მასწავლებლების მხრიდან იყო კეთილი სურვილებიც - ,,ასოციაცია ,,ტოლერანტს“ ვუსურვებ ახალ-ახალ წარმატებებს იმ დიდი პატრიოტულ საქმიანობაში, რასაც ემსახურება“.
სემინარის დასასრულს პედაგოგებმა ფილმი ,,ერთი კენჭი სამშობლო“ ნახეს. დაათვალიერეს ქალაქი და დაესწრნენ ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს - ,,ბერნანდ ალბას სახლი“.