შაბათი, 04 მაისი 2024

საახალწლო შეხვედრა აბასთუმანში

26 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თანამშრომლები აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრიანტებს ესტუმრნენ. შეხვედრა აბასთუმნის საჯარო სკოლის ქართული ენის კაბინეტში გაიმართა.

ასოციაციის დირექტორმა ცირა მესხიშვილმა აბასთუმანში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ისაუბრა პროექტში მიმდინარე საქმიანობებზე, რომლებიც ახალი წლიდან კვლავ გაგრძელდება და რეპატრიანტები ძველებურად ისარგებლებენ “ტოლერანტის” სხვადასხვა მომსახურებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც. ისინი სტუმრების წინაშე წარდგნენ სიმღერებითა და ლექსებით, რომლებიც ისწავლეს „ტოლერანტის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ქართული ენის გაკვეთილებზე. განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება გამოიწვია დეპორტაციის 65 წლისთავისადმი მიძღვნილმა კლიპმა. იგი ასოციაცია „ტოლერანტმა“ პროექტის „საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში გადაიღო. კლიპის მთავარი გმირები აბასთუმნის მცხოვრებნი არიან. ამის გამო კლიპმა კიდევ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა. ბავშვებსაც დაუფასდათ შრომა. „ტოლერანტის“ თანამშრომლებმა მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.