ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ტრენინგი თემაზე „შშმ პირთა მშობელთა და ახლობლების ცნობიერების ამაღლება“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დისკრიმინაცია საზოგადოების წევრების მხრიდან რეალურად ყოველდღიურად ხდება. რაზეც უამრავი ფაქტი მეტყველებს. ადამიანთა უმრავლესობა ერიდება მათთან სიახლოვეს და ურთიერთობას, რადგანაც მათი აზროვნება დამყარებულია სტერეოტიპებსა და მითებზე. მათგან უმეტესს ისინი ებრალება, რადგან ჰგონიათ, რომ უბედურები და შრომისუუნარონი არიან. მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანს ფიზიკური შეზღუდულობა აქვს, მას გონებრივი შეფერხებაც უსათუოდ ექნება და ყველა შემთხვევაში ქველმოქმედებას საჭიროებს. თუმცა, ქველმოქმედება ყოველთვის როდის ეხმარება მათ. საქველმოქმედო აქციები, რომლებიც შშმ პირებს უმწეოებად წარმოაჩენს, რიგ შემთხვევაში კი არ დაეხმარება მათ, არამედ პირიქით - ხელს შეუშლის ამ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამიტომაც, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. .

სწორედ ამ ჩანაფიქრით იყო გაჯერებული შეხვედრა-ტრენინგი თემაზე „შშმ პირთა მშობელთა და ახლობლების ცნობიერების ამაღლება“, რომელიც მიმდინარე წლის 5 მაისს ქ.ახალციხის #7 საჯარო სკოლის ტრენინგ დარბაზში შედგა თემაზე „შშმ პირთა მშობელთა და ახლობლების ცნობიერების ამაღლება“, რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ ეგიდით ჩატარდა შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვიმოქმედოთ ერთად“ პროექტის ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები, ინკლუზიური განათლების სფეროში კვალიფიციური ექსპერტები: #7 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე, ფსიქოლოგი დალი ასპანიძე და პედაგოგი მანანა იაძე, რომლებსაც გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
ტრენინგი საკმაოდ დატვირთული, შინაარსიანი და სასარგებლო გახლდათ. მონაწილეებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: განვითარების დარღვევები და მათი სახეები, ბავშვთა შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმიის მნიშვნელობა, სწავლების მულტიმოდალური მიდგომა და სტრატეგიები. გათამაშდა როლური თამაშები, რითაც განმტკიცდა მიღებული ცოდნა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შშმ ბავშვების მშობელთა გამოცდილების გაზიარება. მათ პრეზენტაციებში იყო სევდიანი ისტორიები, რომელიც დამაფიქრებელია და სათანადო დასკვნის გაკეთების საჭიროებას მოითხოვს საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, წვეულებაზე მიწვეული მშობელი წინასწარ გააფრთხილეს მასპინძლებმა, რომ შშმ ბავშვი არ წაეყვანათ სტუმრად, რის შემდეგაც გულნატკენმა მშობელმა თვითონაც უარი განაცხადა მიპატიჟებაზე. განსაკუთრებით სამწუხარო ისტორია უკავშირდება მეტყველების დარღვევის მქონე (ენაბლუ) ბავშვს, რომელიც თანაკლასელების დაცინვამ და შეურაცხყოფამ ნერვიული შეტევები განუვითარა. შემაძრწუნებელი და სასტიკი გახლავთ აგრეთვე იმ მშობლის ქმედებაც, რომელიც მონდომებით ცდილობდა შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ბავშვის კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობდა. ეს დაუჯერებელი ისტორიები რეალობაა და ჩვენი საზოგადოების არასათანადო განათლების ნაყოფი გახლავთ.
განგაშის ზარია შემოსაკვრელი, ყველამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ეს ადამიანები ჩვენზე ნაკლებნი არანაირი თვალსაზრისით არ არიან. რომ შშმ პირები იმაზე უფრო შრომისუნარიანები, თბილები და მოსიყვარულენი არიან, ვიდრე შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს. უბრალოდ, მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ, უნდა დავანახოთ, რომ მათაც საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიან წევრებად ვთვლით, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს. როდესაც ხედავენ, რომ მათდამი შენც კეთილგანწყობილი ხარ, არ გეცოდება ან, არ გეშინია მათი, ყველანაირად ცდილობენ, რომ გასიამოვნონ და საკუთარი შესაძლებლობები დაგანახონ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მათ კატეგორიას შეუერთდეს. არავინ იცის, თუ რა მოგველის ხვალ.
ტრენინგის დასარულს მოწვეულმა მშობლებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „კედელი“, რომელიც მაყურებელს არწმუნებს, რომ ნებისყოფის, უდიდესი სურვილის და მონდომების წინაშე მარცხდება უმეტესი ადამიანური შესაძლებლობის შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგს დაესწრო და მიესალმა დონორი ორგანიზაციის, შვეიცარიის საელჩოს ატაშე ქალბატონი ალექსანდრა ჰაფილგერი.
ემოციებით და მნიშვნელოვანი ინფორმაციით დატვირთული დღე დასრულდა. ჩვენი სტატიის მიზანი კი, ის გახლავთ, რომ მკითხველი ჩაუღრმავდეს დასმულ საკითხებს და ხელი შეუწყოს მის გვერდით მცხოვრები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ნელსონ მანდელა ბრძანებს: “მთავარი საქმე არ უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მიმართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ ''უნარიანი'' ხალხის მფარველობა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების გაცნობიერება; გააზრება, თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხოვრება; აღიარება, რომ ჩვენს შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვნების კიდევ ერთი სიმდიდრეა''.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანი ღვთის შვილები ვართ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.