ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

დეპორტაციის 69 -ე წლისთავი

შვიდი ათეული წელი დეპორტაციიდან და ისევ სამშობლოში დაბრუნების მოლოდინი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69 -ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება მოაწყო. .
1944 წლის 15 ნოემბერს, ღამით სამხრეთ საქართველოს ხუთ რაიონში საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია: მესხეთის 220 სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ადამიანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეჰყარეს სატვირთო მატარებელში და შუა აზიის გზას გაუყენეს. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა სიცივით, შიმშილით, უჰაერობითა და ანტისანიტარიით. გამცილებელი ჯარისკაცები მათ გვამებს მიმქროლავი მატარებლიდან პირდაპირ გზაზე ისროდნენ.

მესხები ჩაასახლეს უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში, უკან დაბრუნების უფლების გარეშე. დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის № 6279 დადგენილებით, მაშინ, როდესაც მესხი მამაკაცები მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ.
გასახლებულთა 92% ეთნიკური ქართველი იყო, დანარჩენები - ქურთები, ხემშილები, თარაქამა და ყარაფაფახები.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ,,სამშობლო, რომელიც შორია“. ფილმი, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ,,დეპორტირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“, ფარგლებშია გადაღებული და მოგვითხრობს დეპორტაციაზე, წინაპრების მიერ გადმოცემულ ზღაპრულ ქვეყანაზე, მაჰმადიანი მესხების საქართველოში ცხოვრებაზე და აზერბაიჯანში დარჩენილების ოცნებებზე.
ასევე მოეწყო მაჰმადიანი მესხების ყოველდღიურობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, მაჰმადიანი მესხები.
გოვჰაროვების ოჯახისთვის დეპორტაცია ჯერ არ დამთავრებულა. სამი წლის წინ საქართველოდან აზერბაიჯანში სამკურნალოდ წასული ოჯახის უფროსი ახლაც ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა ისევ უშედეგოდ.
დეპორტაცის 69 -წლისთავი წელსაც ცრემლით დასრულდა.