„ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 11:32
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2322
2016 წლის დასაწყისში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის, „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“, განხორციელება. პროექტს ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“-ს, და საზოგადოება „ბილიკი“-ს წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდი უძღვება. მისი მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველომ უნდა გააძლიეროს „ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემა, დაიცვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, დანერგოს დემოკრატიული პრინციპები და უზრუნველყოს კანონისა და კარგი მმართველობის უზენაესობა“. აღნიშნული პროექტი დაეხმარება ქვეყანას შესაბამისი ვალდებულებების განხორციელებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და სკოლებში უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებაში.
პროექტს ორი ძირითადი მიზანი:
- საჯარო სკოლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ნაადრევი ქორწინებების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირების მიზნით.
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.
პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე და იგი ფარავს სამ რეგიონს: ქვემო და შიდა ქართლი, და სამცხე-ჯავახეთი. ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს ეთნიკური უმცირესობების ბავშვების საგანმანათლებლო, პერსონალურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების, ინოვაციური იდეებისა და კრეატიული საგანმანათლებლო მიდგომების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ნაადრევი ქორწინების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის აქტივობებში მშობელთა ჩართვაც. ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები დაეხმარება მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ახალი უნარების ათვისებაში, ახალი მიდგომების დანერგვასა და ცოდნის გაღრმავებაში,რაც მათ ბავშვთა უფლებების დაცვაში, სასკოლო სერვისებისა და გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები შერჩეულ რეგიონებში განახორციელებენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ინიციატივებს.პროექტი ითვალისწინებს მუდმივი საკომუნიკაციო მექანიზმის შექმნას სამოქალაქო საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის, რაც პოლიტიკის შემუშავებაში ფართო საზოგადოების ჩართულობას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება გაზიარებულ იქნება როგორც ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.