პარასკევი, 29 მარტი 2024

სამშობლოს სტუმრები

,,რას ფიქრობს საქართველო უნდა წაგვიყვანოს ჩვენ თუ არა, - კითხვა, რომელიც აზერბაიჯანში, საათლის რაიონის სოფელ ნასიმიკენდში მცხოვრებ დეპორტირებულმა მესხმა, მურად შახბაზ ოღლიმ (ყაყუნაშვილი) დასვა საქართველოშიც აქტუალურია.

17 ნოემბერს თბილისში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური განვითარების ინსტიტუტში (CIPDD) ასოციაცია ,,ტოლერანტის’’ ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა თემაზე – რეპატრირებულთა უფლებები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დემოკრატიის დ კავკასიური განვითარების ინსტიტუტის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადამიანის უფლებთა ცენტრის, სტუდია ,,რეს“, აზერბაიჯანის ორგანიზაცია - ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება წარმომადგენლები და რეპატრირებული მესხები.

თავდაპირველად შეხვედრაზე ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ის პრობლემები და ქეისები გააცნო, რომლებიც ასახავდნენ რეპატრირებულთა ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველში.

,,პრობლემატურია ,,თვითრეპატრირებული’’ მესხების მიერ ბინადრობის მოწმობების მიღების საკითხი. მმართველი ორგანოების მიერ ექმნებათ ხელოვნური ბარიერები, არ ეძლევათ ბინადრობის მოწმობები დაუსაბუთებელი დასკვნების საფუძველზე, არადა სასამართლოში ჭიანურდება გასაჩივრება ეკონომიკური პირობების გამო მათ არ შეუძლიათ. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი გამარტივებული წესით. მისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ბარიერი ისიცაა, რომ ძირითადად სხვა რესპუბლიკიდან, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან არ ხდება დროულად იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეობის მიღებისათვის“, - განაცხადა ცირა მესხიშვილმა.

მისივე თქმით საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და საქართველოში დაბრუნებაში, რის გამოც მიღებული იქნა კანონი ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, რისი სარგებლობის უფლება რეპატრირებულ მესხებმაც გამოიყენეს, მაგრამ დღემდე არც ერთ მათგანს, ვინც შეიტანა განცხადება თანამემამულის სტატუსის შესახებ, პასუხი არ მიუღია, ხოლო ვინც მიიღო, ისიც უარყოფითია.

,,თვითრეპატრირებულების’’ მდგომარეობა უაღრესად არასახარბიელოა განათლების სისტემაშიც. საქართველოს კანონის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ“ განათლების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანების 4-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად უჩერდებათ მოსწავლის სტატუსი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე, ვინაიდან არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ამავე დროს არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ვაუჩერის საფასური უჩერდებათ მოსწავლის სტატუსი. ამჟამად ასეთი 20-მდე ბავშვია, რომლებიც სწავლობენ ქართულ საჯარო სკოლებში და ვერ იხდიან სწავლის საფასურს ვაუჩერის სახით, არადა ისინი ვაუჩერებით სახელმწიფოსაგან არ ფინანსდებიან, რის გამოც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის 3-ე ნაწილი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1 დამატებითი ოქმი, მუხლი 2, ევროსაბჭოს სოციალური ქარტიის 10-ე მუხლი ბავშვთა უფლებათა კონვენციის 28-ე მუხლის 1 პუნქტი. სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია ,,ტოლერანტი’’-ს მიერ 2-ჯერ იქნა გაგზავნილი თხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, - განუმარტა საზოგადოებას ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა.

,,თვითრეპატრირებულების’’ მდგომარეობა ასევე არასახარბიელოა სამედიცინო დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის , სახელმწიფო საზღვრის გადალახვის, ქონების გაფორმების, საყოფაცხოვრებო თუ სხვა საკითხებში. ხელოვნურად ექმნებათ ბარიერები თვითრეპატრირებულ მესხებს ქონების შეძენასთან დაკავშირებით - ითქვა შეხვედრაზე.
კერძოდ, (ნოტარიუსებსა და საჯარო რეესტრებში) საჯარო რეესტრებში არ ხდება ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების გადაფორმება. ნოტარიუსები თავს არიდებენ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებას. უარი ეთქმევა ზოგიერთ თვითრეპატრირებულს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისათვის, სადაც დასკვნაში, რომელიც გაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საფუძვლად მითითებულია საქართველოს კანონი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი.

,,გართულებულია ასევე რეპატრირებული მესხების გვარის აღდგენის პროცედურა და მასთან დაკავშირებული ხარჯები მესხთა ეკონომიკურ შესაძლებლობეს აღემატება. ეს კი ართულებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში უქმნის დამთრგუნველ კომპლექსებს და ხელს უწყობს მათ გაუცხოებას . თქვენი მოწვევის მიზანი დღევანდელ კონფერენციაზე ერთ-ერთი ისიცაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები იქნებ ერთობლივი ძალისხმიერი ქმედებებით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას, - განაცხადა ცირა მესხიშვილმა.

ასოციაცია ,,ტოლერანტის“ იურისტმა ნელი ღონღაძემ დამსწრე საზოგადოებას პრობლემის კონკრეტული მაგალითი მოუყვანა და დაწვრილებითაც გაშალა - დარღვეულია სოფელ კლდეში მცხოვრებ თვითრეპატრირებულ რეიზ მანზულოვის სამოქალაქო უფლებები. იგი 2008 წლიდან ცხოვრობს საქრთველოში, როგორც თვითრეპატრირებული. მას თავის დროზე შეტანილი აქვს განცხადება რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შესახებ და განცხადება საერთოდ არ არის აღრიცხული. მან 2009 წელს სოფელ კლდეში შეიძინა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. მიიღო საჯარო რეესტრიდან ამონაწერი საკუთრების უფლებაზე, მაგრამ რამდენიმე ხანში გაურკვეველი მიზეზებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მიკუთვნებს შესახებ, ვინაიდან იგი არ იყო საქართველოს მოქალაქე, ვერ შეიძენდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს.
ყველასთვის ცნობილია ის სტიქიური უბედურება, რაც დაატყდა 2012 წლის ზაფხულში როგორც კახეთს, ასევე სამცხე-ჯავახეთს. გაანადგურა ნათესები, საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სადგომებს გადაეხადა სახურავი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ როგორც სტიქიური უბედურებისაგან დაზარალებულს, უარი უთხრა რეიზ მანზულოვს, ვინაიდან იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამდენად ვერ დაეხმარებოდნენ საცხოვრებელი სახლის გადახურვაში ან შიფერის გადაცემაში. ასევე დარღვეულია რეიზ მანზულოვის შვილის, მუსტაფა მანზულოვის ინტერესები. იგი ახალციხის #2 საჯარო სკოლის მე-8-ე კლასის მოსწავლეა. მან შეიტანა განცხადება თანამემამულის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან სამომავლოდ მიეცეს საშუალება ატესტატის აღებისა და საქართველოში სწავლის გაგრძელებისათვის. საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით 2012 წლის 5 ოქტომბერს #1000289645 მუსტაფა მანზულოვს უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ, სადაც საფუძვლად მითითებულია საქართველოს კანონი: ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორულ ორგანიზაციების შესახებ“, მე-9 მუხლის 1 ნაწილი. აღნიშნული საფუძველი კი ითვალისწინებს: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

- მუხლი 1.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია:
- ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ განხორციელებული ქმედების შესახებ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზაბშეუწონლობის თაობაზე;
- ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა;
- გ) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა.
- მუსტაფა მანზულოვს, რომელიც მე-8 კლასის მოსწავლეა არ შეიძლება ჰქონდეს განხორციელებული საქართველოს ინტერესების საზიანოდ რაიმე ქმედება. მას არ ჰქონდა არანაირი ყალბი დოკუმენტი თანამემამულის სტატუსის მისაღებად. ასევე მა თანამემამულის სტატუსის მიღებისათვის ყველა დოკუმენტი ჰქონდა წარდგენილი, რასაც ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტი.
ამდენად, დასკვნა-გადაწყვეტილება თანამემამულის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია და კიდევ ერთხელ ილახება ადამიანის უფლებები.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილი მედიის ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.
,,ვფიქრობ, რომ მასმედია უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემების გაშქებაში. ქართველი ერი არის საოცრად ტოლერანტი ერი და როდესაც მასთან მივა ეს პრობლემა, რომ ქვეყანაში ასე უკანონო და არასამართლებრივი ფორმაა განხორციელებული, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის. ხელი უნდა შეწყოს მათ დაბრუნებას თუნდაც დემოგრაფიული კუთხის გათვალისწინებით. კავკასიელ ერებს შორის რელიგიისს პრობლემა არასდროს არ მგდარა და მე დარწმუნებული ვარ ახლაც არ მოხდება. უბრალოდ ხალხი არ არის ინფორმირებული მესხებზე, მათ პრობლემებზე და ისინი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა რჩებიან, ამიტომაც საჭიროა ჩაერთოს მედია, რადგან სახელმწიწო პოლიტიკის გვერდით მედიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, - დასძინა მექა ხანგოშვილმა.

შეხვედრა განხორციელდა მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ასოციაცია ,,ტოლერანტი”.

პარტნიორი ორგანიზაციები - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური განვითარების ინსტიტუტი ( CIPDD ) და აზერბაიჯანის ორგანიზაცია - ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება.