პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

საჩუქარი ისტორიკოსთა ასოციაციისგან

,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ" სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტს” საჩუქრად წიგნები ,,როგორ ვიცხოვროთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში " და ,,ისტორიკოსი", სულ 114 ეგზემპლარი გადასცა. 

ასოციაცია საზოგადოებრივ საწყისებზე 1997 წელს დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობაა. საამისოდ ორგანიზაციას როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კადრები- პროფესორები, მასწავლებლები ტრენერები და ექსპერტები ჰყავს შემოკრებილი.

,,ტოლერანტი" უკვე ერთი წელია რაც ,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან” თანამშრომლობს. მონაწილეობა აქვს მიღებული ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციებსა და სემინარებში. სწორედ ამ თანამშრომლობის მაგალითია აღნიშნული გამოცემებიც, რაც პარტნიორული ურთიერთობების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. 

გამოცემები ,,როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში" და ჟურნალი ,,ისტორიკოსი" მომზადებულია პროექტის ,,ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით" ფარგლებში. წიგნში ,,როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში" მოცემულია 29 სამუშაო გაკვეთილი ისტორიის ინტერაქტიული სწავლებისათვის, თემებზე მრავალეთნიკური საქართველო, ოჯახი და ყოველდღიური ცხოვრება, მიგრაცია და რელიგია.
ასოციაციის მეორე გამოცემაში ,,ისტორიკოსი" შესულია ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები როგორიცაა საერთაშორისო სიახლეები ისტორიის სწავლებაში, ქართველ ისტორიკოსთა საერთაშორისო ურთიერთოები, რელიგია, კულტურა და სხვა.
სამომავლოდ იგეგმება ორივე ეგზემპლარის რუსულ ენაზე თარგმნა, რაც აზერბაიჯანში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს ინფორმირებულობის კუთხით დიდ სამსახურს გაუწევს.
,,ტოლერანტი" მომავალშიც გეგმავს ასოციაცისთან თანამშრომლობას. ახალ გამოცემებს კი ყველა იმ მუსლიმ მესხს გადასცემს ვინც ისტორიის სასწავლო კურსში არის ჩართული.
ასოციაცია ,,ტოლერანტი" დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ნანა ციხისთავს, ,,ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას", ჟურნალ ,,ისტორიკოსის" რედაქტორს ოლივერ რაისნერსა და ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ძვირფასი საჩუქრისათვის.