პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

როგორ ცხოვრობენ თვითრეპატრირებულები სამცხე-ჯავახეთში

მათი ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა მათგანის ბედი ერთ ღამემ შეცვალა. რეპატრირებულ მესხების ოცნების ქვეყანა და მწარე რეალობა.
1944 წლის 15 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის 220 სოფლის მაჰმადიანი მოსახლეობა მატარებლის ეშელონამდე მიიყვანეს და საბარგო ვაგონებში შეყარეს. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი (ძირითადად, ქალები და ბავშვები) გზაში სიცივით და შიმშილით დაიღუპა, ისინი ცენტრალურ აზიაში ჩაიყვანეს და უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში უკან დაბრუნების უფლების გარეშე ჩაასახლეს.
მესხთა დეპორტაცია სსრკ თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ოქტომბრის # 6279 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. რეპატრირებული მესხი რეიზ მანზულოვი იგონებს - ,,ცხრა და-ძმა ვიყავით, ყველაზე პატარა მათ შორის მე. ღამე იყო, დედამ ბარგი შეკრა და ფეხით ვიარეთ წნისამდე. იქიდან კი პირდაპირ ტაშკენტში გაგვისტუმრეს“.

 

ზანა გორხაროვი ექვსი წლის იყო, როცა საქართველოდან გადაასახლეს - „შუაღამით, ვიწექით და მაშინ მოვიდნენ უცხო კაცები, შემოვიდნენ და დრო მოგვცეს რა დროშიც სახლი უნდა დაგვეტოვებინა, ავიყარეთ მთელი ოჯახი და წავედით, არავინ იცოდა სად მივდიოდით“, -იხსენებს ის.
. გასახლებულთა 90 პროცენტი ეთნიკური ქართველი იყო, დანარჩენები _ მაჰმადიანი ქურთები, ჰემშილები (გათურქებული სომხები), და საკუთრივ თურქები (თარაქამები).
2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. დეპორტირებული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი რეპატრიანტის სტატუსით. ორი წლის განმავლობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შევიდა 5 841 განცხადება. განცხადებების განხილვის შემდეგ დეპორტირებულები მიიღებენ რეპატრიანტის სტატუსს, რის შემდეგაც სამართლებრივ საფუძველზე შეეძლებათ სამშობლოში დაბრუნება.
სამცხე-ჯავახეთში რეპატრირებული მესხის 26 ოჯახი და სულ 133 ადამიანი ცხოვრობს.
აქედან 54 ადამიანს რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აქვს შეტანილი საბუთები. 17 ადამიანს კი საბუთები არც შეუტანია. ამ ეტაპისთვის 54 ადამიანიდან სტატუსი მხოლოდ მიღებული აქვს ხუთს.
თვითრეპატრირებულები 2008-2009 წლებში საქართველოში საკუთარი ინიციატივით შემოვიდნენ . ისინი თბილისში, ახალციხეში, აბასთუმანში, გორში ცხოვრობენ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი რეპატრირებული მესხების თვითრეპატრიაციას ასე ხსნის: ,,ვათანის” წარმომადგენლები ეუბნებოდნენ მათ, რომ მოდით საქართველოში, იყიდეთ ბინები და დასახლდითო. ვერ აცნობიერებენ მესხები, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუცია აქვს”.
მაჰმადიანი მესხების ორგანიზაცია ,,ვათანი” ახალციხეში 2008 წლიდან მუშაობდა, თუმცა ოფიციალურად ოფისი 2009 წელს წელს გაიხსნა და მალევე დაიხურა კიდეც.
თვითრეპატრირებულებს საქართველოში უამრავი პრობლემა დახვდათ. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად ვერ იღებენ ვერანაირ სოციალურ დახმარებას, ვერ იღებენ პენსიას, ახალგაზრდების დიდი სურვილის მიუხედევად ვერ მსახურობენ ქართულ ჯარში, ვერ იფორმებენ ბინებს, მიწებს.
რაჰიმოვები
რაჰიმოვების (ისტორიული გვარი დემეტრაძე) ოჯახი საქართველოში 2009 წლის ბოლოს აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა და ახალციხეში ,,ტავარზე“ დასახლდა.
ხუთსულიანი ოჯახი წინაპრების ნანატრ სამშობლოს დაუბრუნდა.
,,ისინი ცხოვრობდნენ საქართველოზე ოცნებაში და ისე მოკვდნენ. საფლავები მინდა გადმოვიტანო, ჯერ ვერ ვახერხებ, ვნახოთ, მომავლის იმედი მაქვს” - ამბობდა მაშინ მაჰამმად რაჰიმოვი.
ყველა ნივთი, რაც კი რაჰიმოვებს საქართველოში მოჰქონდათ, საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზე” დაატოვებინეს. ოჯახს არ ჰქონდა საწოლები და იატაკზე უწევდათ დაწოლა, სანამ მეზობლები არ დაეხმარენ. რაჰიმოვებმა ვერ შეძლეს მიწის გაფორმებაც. ნახევრად გაძარცული ნივთები კი ,,წითელი ხიდიდან” ისევ აზერბაიჯანში დააბრუნეს მაჰამმად რაჰიმოვის სიმამრთან.
თავს გადახდენილი ფაქტის მიუხედავად, მაჰამმად რაჰიმოვი საქართველოს დატოვებას მაინც არ აპირებდა ,,მიყვარს ჩემი სამშობლო. წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ ფლატედან ვართ და იქაც აუცილებლად ჩავალ”.
თუმცა რაჰიმოვება ვერც სახლის გაფორმება და ვერც მიწის ნაკვეთის ყიდვაც ვერ შეძლეს. მიწის გარეშე ისინი უბრალოდ ვერ იარსებებდნენ და იძულებული გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ და აზერბაიჯანში დაბრუნებულიყვნენ.
გოჰაროვები
გოვჰაროვების ( ისტორიული გვარი თურმანიძე ) ოჯახიც ახალციხეში ,,ტავარის“ დაახლებაში ცხოვრობს
ოჯახი შვიდსულიანია, მათ რეპატრიანრტის სტატუსზე საბუთები აზერბაიჯანში შეიტანეს, თუმცა ამჯერადაც სტატუსი ოჯახის არცეთ წევრს არ მიუღია.
ოჯახის მთავარი პრობლემა ახლა აზერბაიჯანში წასული უფროსი 73 წლის მაჰმუდ გოვჰაროვია. მაჰმუდ გოვჰაროვი აზერბაიჯანში ექიმთან სამკურნალოდ ამა წლის 26 თებერვალს წავიდა. უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა. . .
ათი თვის მანძილზე მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა უშედეგოდ. მოხუცი უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს, როგორც ოჯახს აუხსნეს საბაჟო რეჟიმის დარვევის გამო. მოხუცი უკვე ერთ წელია ოჯახში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს.
რეპატრიანტის სტატუსის მიღებას ელოდება ყველა მესხი ოჯახი - ალბათ ამით ბევრი პრობლემები მოგვეხსნება - ასეთია მათი მოლოდინი.