პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

შეხვედრა პროექტის ასისტენტებთან

ასოციაცია ,,ტოლერანტში" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების უფლების დაცვა მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამცხე ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან პროექტის ასისტენტები და იურისტი ესწრებოდა. შეხვედრის დასაწყისში განხილული იყო პროექტის მიზანი, ვადები და განხორციელების გეგმები.

„პროექტის მიზანია პირობითი მსჯავრდებულების პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართვა მათი სრულფასოვანი რესოციალიზაციისათვის“,- განმარტა ასოციაცია „ტოლერანტის“ თავჯდომარემ ცირა მესხიშვილმა.

შეხვედრაზე ასისტენტებმა მომავალი სამუშაო გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც პირობითი მსჯავრდებულთათვის მოიძებნება პროფესიული სასწავლებლები, სადაც ისინი მათთვის სასურველ პროფესიას მათ შორის სამშენებლო, ავტომობილის შემკეთებლის, ელექტროტექნიკის , ხის ოსტატის, შემდუღებლის, მეთუნეობის,საიუვილერო, ტანსაცმლისა და მანქანების შალითების მკერავის, ტურისტული გიდის, სტილისტ ვისაჟისტისა და სხვა პროფესიებს დაეუფლებიან.

„უნდა მოიძებნოს პოტენციური დამსაქმებლები რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში და გადამზადებულ პრობაციონერებს დაასაქმებენ “,- თქვა შეხვედრაზე ასოციაცია „ტოლერანტის“ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები აქტიური ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ცნობიერების საკითხებზე. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციასა და თანატოლი პირობითი მსჯავრდებულების საზოგადოებაში რესოციალიზაციას.

„სასწავლო კურსს შესაბამისი პროფილის ექსპერტები გაუძღვებიან. რომლის შერჩევასაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი “,- განმარტა ცირა მესხიშვილმა.