პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

რეპორტაჟი აბასთუმნიდან

,,ბევრი კითხვა და ბუნდოვანი მომავალი“

ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ აბასთუმანში ბასატოვების ოჯახის სტუმრები ვართ. ცენტრალური სამანქანო გზიდან საკმაოდ მოშორებულ ორსართულიანი სახლის ეზოში შესულებს მასპინძელი გვეგებება. ორი წლის ფეხშიშველა ბიჭი კი უცხო ხალხის დანახვაზე სახლისკენ გარბის და გვემალება.

სახლში შესულს პირველი რაც თვალში გხვდება ღუმელზე შემოდგმული ტრადიციული თუნგი და პატარა მაგიდის ირგვლივ შემოწყობილი წითელი ბალიშებია. დიასახლისი რაიფა ბასატოვა ამაოდ ცდილობს დარცხვენილი პატარა ბიჭის მაგიდის ქვემოდან გამოყვანას. ეს ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ორი წლის იუსუფ ბასატოვია.

. ,,საქართველოში ჯერ ჩემი მშობლები და და-ძმა ჩამოვიდნენ, ორი წლის შემდეგ მე ჩემი ცოლ-შვილით. ყველა ამ სახლში ერთად ვცხოვრობთ, ახლა მარტო ჩვენ ვართ, ლოცვაზე არიან წასულები ",- გვეუბნება ჰუსეინ ბასატოვი.

ჰუსეინს სამი შვილი ჰყავს, ამბობს რომ ეკონომიურად არ უჭირთ. ბასატოვები მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევენ. ოჯახის მთავარი პრობლემა მოქალაქეობის არქონაა.

,,ჩემები ჩამოვიდნენ თუ არა მოქალაქეობა მალევე მიიღეს, მე და ჩემ ცოლს კი ოთხჯერ გვითხრეს უარი, ხუთი წელია აქ ვცხოვრობთ და მოქალაქეობას არ გვაძლევენ. აქაური კანონები არ ვიცი, თურქეთში კი თუ ორი წელი ქვეყნიდან გაუსვლელად ცხოვრობ მოქალაქეობას გაძლევენ",- წუხს ის.

ჰუსეინის მამა, იუსუფ ბასატოვი საქართველოში ცოლ-შვილით შვიდი წლის წინ ჩამოვიდა და სოფელ აბასთუმანში დასახლდა. ის 1936 წელს ადიგენში დაიბადა. რვა წლის ასაკში კი 1944 წელს მშობლებთან ერთად აზერბაიჯანში გადასახლდა. სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 2005 წელს შეძლო.

ჰუსეინ ბასატოვი შიშობს, რომ მას როგორც მოქალაქეობის არმქონეს შეიძლება საქართველოს დატოვება მოუწიოს. ფიქრობს შვილების მომავალზეც, რადგან მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში ბავშვები სკოლის ატესტატს ვერ აიღებენ.

,,მეშინია ისეთი კანონი არ გამოვიდეს, რომ საქართველო არამოქალაქეებმა დავტოვოთ. რამე რომ გვჭირდება სოფლიდან გასვლასაც ვერიდები, მამაჩემი მიდის და მოაქვს. რა იქნება ხვალ არ ვიცი. ბავშვები სკოლას დაამთავრებენ, მაგრამ ატესტატს ვერ აიღებენ",- ამბობს ჰუსეინ ბასატოვი და ამატებს- ,,რატო გაგვასახლეს დღესაც არ ვიცით, ვინაა დამნაშავე ?პოლიტიკური მიზნით გაგვიშვეს აქედან თუ რამე დავაშავეთ? ბევრი კითხვა და ბუნდოვანი მომავალი გვაქვს ".

საუბრის დროს ჰუსეინი ცოლს თვალით ანიშნებს და ჩაის სამზადისიც იწყება. ბაბუის მოსახელე იუსუფმა დრო იხელთა და მაგიდაზე დადებულ უცნაურ ,,სათამაშოს" ფოტოაპარატს წაეტანა.

,,სოფლელებთან კარგად ვართ, ხან მე ვეხმარები ხან ისინი მეხმარებიან. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს სომხებთანაც და ქართველებთანაც კარგი მეზობლობა გვაქვს",- აგრძელებს საუბარს ჰუსეინი.

ოჯახს ვემშვიდობებით და მოვდივართ, გვაცილებენ. ეზოდან გასულ, უკვე ,,ნაცნობ" სტუმრებს პატარა იუსუფი ხელს გვიქნევს და სახლისკენ გარბის.