პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ცხოვრება მიტოვებულ ავტობუსში

თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, მიტოვებულ ძველ ავტობუსში უკვე რვა წელია ყურაძეების ოჯახი ცხოვრობს.

უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულ ავტოფარეხებსა და უწესრიგოდ დაყრილ ჯართს შორის გზას ვიკვლევთ. ძველ დაჟანგულ ავტობუსს ფანჯრებზე ჭრელი ფარდა აქვს ჩამოფარებული. ავტობუსის გვერდზე ხის მაგიდები დგას წყლის ჭურჭლით. უკან კი ორ ძელზე გაბმულ თოკზე სარეცხია გაფენილი. კარებში შუახნის ბავშვიანი ქალი დგას. .
„მობრძანდით“-გვიღიმის ის. ეს იამზე ხასაიაა წლინახევრის შვილიშვილთან ერთად.

ავტობუსი ღია ტიხარით ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ ნაწილში ორი ხის ნარი და მაგიდა დგას ტელევიზორით, მეორე ნაწილში კი ღუმელი და სამზარეულოს კარადა. იმის გამო რომ სკამი არ აქვთ ხის ნარებზე ვსხდებით რომელიც აქ საწოლის მაგივრობას წევს. დღისით ყველა ერთად ამ ავტობუსში იკრიბება. ძილის დროს კი ოჯახი იყოფა და ნაწილი დასაძინებლად გვერდით მდგომ მეორე ავტობუსში მიდის, სადაც ასევე ორი საწოლი და ღუმელი დგას.

„2003 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალიდან ჩამოვედი სამუშაოს საძებნელად. მანამდე კი ოზურგეთში ხუთი წელი პოლიციაში ვიმუშავე. ეს 90-იან წლებში იყო. თბილისში რომ ჩამოვედით ამ ავტოსადგომზე დავიწყე მუშაობა მანქანების შემკეთებლად და აქვე დავსახლდით ამ ავტობუსში “,- იწყებს თავისი ამბის თხრობას ბაირამ ყურაძე.

ყურაძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალში ყაბარდო-ბალყარეთიდან 1977 წელს ჩამოსახლდნენ . მრავალშვილიანი ოჯახს რძლები შეემატა, ოჯახის ზრდამ ყურაძეების შთამომავლების სხვადასხვა მხარეს გაფანტვა გამოიწვია. ასე მოხვდა შვიდი დედმამიშვილიდან ორი გორში, ორი ოზურგეთში, ერთი თბილისში, ერთი როსტოვში და ერთიც აბასთუმანში; „მამაჩემი ჩემს დასთან ერთად წინაპრების სოფელს დაუბრუნდა. ახლა ისინი აბასთუმანში ცხოვრობენ “,- გვიხსნის ბაირამი.

ბაირამი საქართველოს მოქალაქეა, ის და იამზე ხასაია 2003 წლიდან ცხოვრობენ ერთად . ჯვარი კი მას შემდეგ დაიწერეს როცა ბაირამი 2006 წელს ქრისტიანად მოინათლა. ამბობს რომ მანამდე ბიბლია ორჯერ წაიკითხა.

„ქართველობა მარტო გვარის დაბრუნება არ არის, ეს სარწმუნოების დაბრუნებაცაა. ვისაც აინტერესებს როგორ გამაჰმადიანდა სამხრეთ საქართველო, ვურჩევ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი წაიკითხოს“,- ყვება ის.
ბაირამ ყურაზე ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გურამ ფირცხალავამ მონათლა - „ქართველი თუ ხარ ბიჭო ქართულად მოგნათლავო“,- უთქვამს მას ბაირამისთვის.

პირველი ქმრიდან იამზე ხასაიას სამი შვილი ჰყავს, 14 წლის თინა, 21 წლის დათო და 20 წლის ქრისტინა ჭკადუები. თინა ჭკადუა 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას ინგლისური ენის გარდა ყველა საგანში მაღალი შეფასება აქვს; „უცხო ენის სწავლა მიჭირს, თუმცა ვიცი მომავალში პროფესიას წარმატებით რომ დავეუფლო აუცილებელია. მინდა ტურიზმის განხრით გავაგრძელო სწავლა სკოლას რომ დავამთავრებ“,- ამბობს ის.

ოჯახში ყურაძეების შთამომავალი არ იზრდება მაგრამ ბაირამ ყურაძის აზრით სხვისი შვილების შეფარება და გაზრდა დიდი ადამიანობაა; „მე ბედნიერი და ამაყი ვარ რომ ღმერთმა შემაძლებინა ეს ბავშვები შემეკედლებინა და მიმეცა რაც გამაჩნია“,- ამბობს ის.

ოჯახში მხოლოდ კაცები მუშაობენ. დათო და ბაირამი ავტოსადგომზე ავტომობილებს არემონტებენ. მათი დღიური გასამრჯელო ათ ლარამდეა.

„თინა ჯერ სკოლის მოსწავლეა. ქრისტინა კი დროებით უმუშევარი. ახლა ის სტუმრად ბაირამის მეგობართან არის ხაშურში. მე და ჩემი რძალი ბავშვს ვზრდით. გარდა იმ თანხისა რასაც დათო და ბაირამი დღიურად გამოიმუშავებენ, სოციალურ დახმარებას 174 ლარსაც ვიღებთ“,- ამბობს იამზე ხასაია.

ორი წლის წინ დათომ ტელეფონით ქუთაისში მცხოვრები 18 წლის თეონა მელაძე გაიცნო და მალევე ცოლად მოიყვანა, დაიბადა გურამ ჭკადუაც. შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა მაგრამ უცვლელი დარჩა პირობები. ოჯახმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით 2008 წელს განცხადებით მიმართა.

„განცხადების შეტანის შემდეგ პასუხისათვის სამინისტროს რამდენჯერმე მივაკითხეთ მაგრამ გვითხრეს რომ თანხები არ აქვთ და ჩვენი ბინისათვის სპონსორს ეძებენ. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. მადლობა ღმერთს რომ ჯამრთელი და წესიერი შვილები მყავს, ამ დროში ესეც დიდი სიმდიდრეა . სხვა მხრივ კი ღმერთია მოწყალე “,- იმედს იტოვებს იამზე ხასაია.

ოჯახს ვემშვიდობებით, ავტობუსის კარი ჭრიალით იღება და ჩვენ ისევ ავტოსადგომზე ვართ სადაც ჰიუნდაის, მერსედესის ჯიპებისა და სხვადასხვა მარკის უახლესი ავტომობილების შორის ჟანგიანი ავტობუსის მობინადრეები ღიმილით გვემშვიდობებიან....