შაბათი, 24 სექტემბერი 2022

უშედეგო ლოდინი

73 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი გასული წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანში თვალზე სამკურნალოდ წავიდა. უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო.

ერთი წლის მანძილზე მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა ვერ შეძლო. მოხუცი უკან ოჯახში მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ამ პრობლემის მოგვარებით თავიდანვე იყო დაინტერსებული.
გოვჰაროვების ოჯახმა და ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ დასახმარებლად არაერთხელ მიმართა სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს.

 

ამა წლის 23 იანვარს კი ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მდგომარეობაში გასარკვევად და დასახმარებლად წერილი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

24 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი მოვიდა, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად თავართქილაძე აწერს ხელს და სადაც ვკითხულობთ - ,,მაჰმუდ გოვჰაროვს (დაბადებული 1938 წლის 15 ივნისს, აზერბაიჯანის მოქალაქე) საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ).

რას გააკეთებს გოვჰაროვების ოჯახი, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი უკვე გაგზავნილი აქვთ მომავალი გვიჩვენებს. მაჰმუდ გოვჰაროვი ექვსი წლის იყო როცა საქართველოდან გაასახლეს. 73 წლის მოხუცს ბავშვობაში დარჩენილი სამშობლოში დაბრუნება უკვე ოცნებად ექცა.