პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

მუსლიმი მესხების შვილები, ვინ არიან ისინი და რა სურთ მათ

მუსლიმი მესხებისთვის მიწათქმოქმედება და მესაქონლეობა თავის გადარჩენისა და არსებობის ერთ-ერთი საშუალება იყო წლების მანძილზე. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცვლის გამო ბავშვები ვერ ახერხებდნენ სკოლის დამთავრებას და სწავლას თავს ანებებდნენ. ამის შემდეგ კი ისინი ავტომატურად ერთვებოდნენ საოჯახო საქმეებში. ,,მარჯვე ხალხია, სხვისი ბოსტნეული რომ ყვავის ეგენი უკვე მოსავალს იმკიან", - ხშირად ამბობენ მათზე ადგილობრივები.

საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ უმეტესობა მუსლიმი მესხების შვილების ქართული ენის შესწავლას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს. გადავწყვიტეთ გაგვერკვია მათი სურვილები, მიზნები და სამომავლო გეგმები. უნდათ თუ არა დაეუფლონ პროფესიას და გახდნენ წარმატებული მოქალაქეები. ვინ არის თაობა, რომელიც მათი სახით მოდის.

. 10 წლის ფრიდონ შამშედოვი რამდენიმე თვეა რაც ოზურგეთიდან სოფელ აბასთუმანში გადმოვიდა საცხოვრებლად, ის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში ერთ-ერთ კარგ და წარჩინებულ მოსწავლედ ითვლება. ფრიდონი თავს არ ზოგავს იმისთვის რომ კარგი ნიშნები მიიღოს და სწავლაში წარმატებები ქონდეს. მას დიდი მიზნები აქვს, უნდა რომ სწავლა გააგრძელოს და პოლიციელი გამოვიდეს.

,,ძალიან მომწონს პატრულის მანქანები და პოლიციელის ფორმა. მეც მინდა პოლიციელი გამოვიდე და პატრულის მანქანა ვმართო",- ამბობს ფრიდონ შამშედოვი.

ფრიდონის დედა გურჯამალ მურსალოვას უხარია უმცროსი შვილის წარმატებები და გული წყდება, რომ მისმა უფროსმა შვილმა სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. 24 წლის ვენერა მურსალოვამ სწავლას თავი მეოთხე კლასში დაანება; ,,საქართველოს დატოვება იძულებით ბევრჯერ მოგვიწია, ჯერ ყაბარდო-ბალყარეთში გადავბარგდით, მერე როსტოვში. სულ მოგზაურობაში ვიყავით და ამის გამო ყველაზე მეტად ვენერა დაზარალდა. მას საშუალო განათლებაც არ აქვს და ძალიან მწყდება გული",- ამბობს გურჯამალ მურსალოვა.

ბინალი გავჰაროვმა მხოლოდ ათი კლასი დახურა და სწავლას თავი დაანება. ახლა მხოლოდ ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დადის, რომელიც პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის" პრევენცია” ფარგლებში ხორციელდება. უჭირს ქართულად ლაპარაკი, თუმცა სწავლისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს.

,,სწავლა აღარ მინდოდა და დავანებე. მე უკვე ვმუშაობ და ჩემი შემოსავალიც მაქვს სწავლის დრო აღარ მრჩებოდა",- ამბობს ის.

ბიჭების უმეტესობას პოლიციელის მანქანა და აღჭურვილობა ისე ხიბლავს რომ კითხვაზე ,,რა სურს გამოვიდეს" პასუხი ერთი აქვთ - პოლიციელი.

,,ქურდობა რომ მოხდება ქურდებს დავიჭერ და ხალხს დავიცავ, მაგრამ ჯერ საქართველოს მოქალაქე უნდა გავხდე ",- ამბობს 11 წლის აბასი მეხრიევი.

ნაზირ ნაზიროვი 19 წლისაა ის საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდა, სკოლა აზერბაიჯანში დაამთავრა და მას თბილისში სამედიცინოზე უნდა სწავლის გაგრძელება, ამისთვის კი იცის რომ ჯერ ქართული ენის კარგად შესწავლა მოუწევს.

,,მინდა რომ კარგი კარდეოლოგი გავხდე და ჩემს ხალხს დავეხმარო. ახლა ქართულში ვემზადები და დაახლოებით ორი ან სამი წლის შემდეგ ვცდი გამოცდების ჩაბარებას და იმედი მაქვს რომ სწავლას შევძლებ",- ამბობს ნაზირი.

16 წლის ფლორა ფაზლიევა ახალციხეში საბარგო სადგურზე ცხოვრობს. მან რამდენიმე უცხო ენა რუსული, აზერბაიჯანული, თურქული და ცოტა სომხური იცის, სწავლობს ქართულ ენასაც; ,,ყველაზე ძალიან თურქული ენა მომწოს, სკოლას რომ დავამთავრებ თურქული ენის მასწავლებელი გავხდები", - ამბობს ის.

17 წლის მარიამ ნიაზოვას დიდი მიზნები და სურვილები აქვს, ის ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მარიამს უნდა რომ გარემო სადაც სწავლობს უკეთესი იყოს მისთვისაც და მისი მეგობრებისთვისაც. უნდა რომ მისი სკოლა გარემონტებული და კეთილმოწყობილი იყოს ისე როგორც ქალაქის სკოლებშია.

,,რა პროფესიასაც არ უნდა დავეუფლო კარგი მოქალაქე და პროფესიონალი დავდგები, ამაში დარწმუნმებული ვარ. მინდა ქართველ ხალხს გამოვადგე. ყველამ ერთად ტკბილად ვიცხოვროთ, რელიგიისა და ეროვნების ნიშნით ერთმანეთი არ უნდა გამოვარჩიოთ ",- ამბობს ის.