საშინელი ,,მოგზაურობა“
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 10:26
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2410
ისინი პატარები იყვნენ როცა გაასახლეს, თუმცა 14 ნოემბრის ღამე თითოეულ მათგანს განსაკუთრებით ახსოვს. 78 წლის წინანდელ ისტორიას ისინი თავად გიამბობენ.
ახმედ ალლადინ ოღლი ალადდინოვი- მე, ახმედ ალადდინ ოღლი ალადდინოვი დავიბადე ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბანში 1935 წელს.
1944 წელს ჩვენს წინააღმდეგ სტალინის გადაწყვეტილებით დაიწყო ფართომასშტაბური გენოციდი. 14 ნოემბრის ღამეს რუსმა ჯარისკაცებმა ყველანი სახლებიდან გამოგვყარეს, არ ჰქონდა მნიშვნელობა ქალს, ბავშვს, ავადმყოფს, მოხუცს. უფლება მოგვცეს მხოლოდ საბუთების, ტანსაცმლის და ცოტაოდენ საჭმლის წაღებაზე, შეგვგკრიბეს 220 სოფელი. ყველა შეშინებული იყო, ტიროდნენ, ცრემლი იღვრებოდა როგორც მდინარე. მოგვიანებით გავიგეთ რისთვის შეგვაგროვეს სოფლის მოედანზე. ხალხს როგორც პირუტყვს ისე ჰყრიდნენ სატვირთო ვაგონებში. ერთ ღამეში ძალით აგვყარეს სახლებიდან.
გვექცეოდნენ სასტიკად, დაუნდობლად. ბოლოს გაურკვეველ მიმართულებით წაგვიყვანეს. რაც მთავარია ბევრი მამაკაცი არ იყო დაბრუნებული ფრონტიდან. მატარებლით 70 საათი შეუჩერებლად ვიმგზავრეთ, ხოლო თვე-ნახევარი მივდიოდით თურქმენეთის მიმართულებით. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდებოდა ვაგონში. ხალხი ვერ უძლებდა მძიმე პირობებს და მასიურად იხოცებოდნენ. მკვდრებს გაჩერებაზე პირდაპირ თოვლში ყრიდნენ ჯარისკაცები. 120 ათასიდან 17 ათასი ახალციხელი დაიღუპა ამ საშინელ „მოგზაურობაში“. პროდუქტი არ გვყოფნიდა. იყო ყინვა. როდესაც შუა აზიაში ჩავედით ახლობლები, ნათესავები დაგვაშორეს და სხვადასხვა რაიონებში დაგვასახლეს. 12 წლის მანძილზე უფლება არ გვქონდა ერთმანეთი გვენახა. ყოველდღე უნდა გამოვცხადებულიყავით სოფლის საბჭოში. ომის დამთავრების შემდეგ ბევრ ჩვენ თანამემამულეს სოფლები დაცარიელებული დახვდათ, მათ აცნობეს, რომ ოჯახები შუა აზიაში გადასახლებაში არიან. ზოგიერთ მათგანმა ოჯახი მონახა, ზოგს ამომწყდარი დახვდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ შიში და მუქარა შემცირდა. სოფლიდნ სოფელში გადასვლის აკრძალვა გაუქმებული იქნა.
1959 წლიდან ვცხოვრობ აზერბაიჯანში, საათლის რაიონის სოფელ სოფელ შირინბეგში, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია. ცრემლებს ვერ ვიკავებ როცა ვიხსენებ ბავშვობას,საქართველოში გატარებულ წლებს.
ფიტნეტ კოჩალიევას მოგონებები - დავიბადე 1939 წელს, ადიგენის რაიონის სოფელ ზანავში. მამას ერქვა ასლანი. 1941 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ყველა მამაკაცი ომში გაიწვიეს. ჩემი ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევდა, მახსოვს როგორ გაგვიკეთა მამამ ცელი, რომ მოგვეთიბა. ბავშვობა მხიარულად გავატარე, სიძნელეებს ვერ ვამჩნევდი. 1944 წლის 14 ნოემბერის ღამე, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის ვიყავი კარგად მახსოვს. მთელი ოჯახი სიმინდს ვარჩევდით. გვითხრეს, რომ ორ საათში ყველაფერი შეგვეგროვებინა.მანქანები მოსული იყო, ჯარისკაცები ძალიან დაუნდობლად გვექცეოდნენ. დიდი და პატარა ყველა ტიროდა. ჩაგვიყვანეს სოფელ აწყურში. მე მაშინ დიდად არაფერი მესმოდა, მიხაროდა კიდევაც მანქანაში რომ ჩამაჯინეს. სამშობლოს გარეშე დარჩენას არავის ვუსურვებ. ჩვენ დავუბრუნდებით მშობლიურ მიწას.
მირდასა კერიმოვას მოგონებები - როცა გაგვასახლეს სამი წლის ვიყავი. ვცხოვრობდით ადიგენის რაიონის სოფელ ზაზალოში. მეხსიერებაში გასახლების დღე ძალიან ბნელად ჩამრჩა. მახსოვს როგორ მოგვადგა მანქანები ,,პოლუტონკა“. ჩვენს სახლთან სტადიონი იყო. ყველა იქ შეგკრიბეს. გვექცეოდნენ როგორც პირუტყვებს. ჩაგვიყვანეს ახალციხეში, იქიდან კი ვაგონებით გაგვამგზავრეს გაურკვეველი მიმართულებით. მამაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ გზაში ბევრი დაიღუპა სიცივისა და შიმშილისგან. ჭორები დადიოდა, რომ ყველას ზღვაში ჩაგვახჩობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყაზახეთში გაგვასახლეს მძიმე კლიმატურ პირობებში. ჩვენთან მოქმედებდა კომენდანტის საათი. ყოველ დილას და საღამოს ვცხადდებოდით კომენდატურაში. მიმძიმს ყველაფერის გახსენება, ეს ხომ მთელი ცხოვრებაა.