პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

პრობაციონერების გადამზადება იწყება

23 აპრილიდან პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ პრობაციონერებისათვის პროფესიული გადასამზადებელი კურსები იწყება. ოცდაათამდე მსჯავრდებული თავისივე შერჩეულ კურსებზე პროექტის „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“, ფარგლებში უფასოდ გადაემზადება. ამ ეტაპზე კი მათი რეგისტრაცია და ჯგუფებად დაკომპლექტება მიმდინარეობს.
„თქვენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხართ და თქვენი მონდომებითა და შემართებით სხვებს მაგალითი უნდა უჩვენოთ“,- უთხრა პრობაციონერებს პროექტის ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა. .
პრობაციონერებმა დაათვალიერეს და გაეცნენ სასწავლო კაბინეტებს. არჩეული სპეციალობებიდან პროცენტული რაოდენობით შემდუღებლის და ელექტრიკოსის სპეციალობების დაუფლების მსურველები სჭარბობს.
„ძალიან გამიხარდება თუ ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებთ , შეიძლება უმაღლეს დამთავრებულმა ვერ შეძლოს დასაქმება, მაგრამ კარგი ხელობის მცოდნეს ეს პრობლემა არასდროს აქვს“, - თქვა „ოპიზარის“ დირექტორმა ბელა ავალიშვილმა პრობაციონერებთან შეხვედრისას.