პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ბავშვთა დღე რეპატრიანტი ბავშვებისთვის

img 17701ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა” ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რეპატრიანტ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გაულამაზა.
1 ივნისს დილით ასოციაცია ,,ტოლერანტის” წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანიდან 13 ბავშვი ახალციხეში ჩამოიყვანეს.

ქალაქში ბავშვებს საბარგო სადგურზე მცხოვრები პატარებიც შეუერთდნენ. ისინი ერთად გაემართნენ ახალციხის ცენტრალურ პარკში, სადაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართებოდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ტოლერანტმა” ბავშვებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დასათვალიერებლად ექსკურსიაც მოუწყო.

ბავშვები ქალაქში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსაც დაასწრეს.

საზეიმო კონცერტზე მონაწილეობის სურვილი რეპატრიანტმა ბავშვებმაც გამოთქვეს. პატარებმა მაყურებელს ლექსები, ,,გავიზრდები საქართველოში!’’, ,,გაზაფხული” წაუკითხეს და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
.
,,პარკში ერთი ლექსი ვთქვი, მაგრამ ისე ძალიან ბევრი ვიცი”, – ამბობს ათი წლის აბას მეხრიევი.

პარკში პატარებმა ბევრი იხალისეს და იმხიარულეს.

,,ძალიან კარგად გავერთე. პატარა გოგონები მღეროდნენ და მათ მოვუსმინე”, - გვითხრა რვა წლის შუშა ბასეტოვმა.

პარკში გართობის შემდეგ ბავშვები სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. მუზეუმის დათვალიერებამდე ასოციაცია ,,ტოლერანტის” წარმომადგენლებმა პატარებს პიკნიკი მოუწყეს. პარკში დაღლილი ბავშვები სიამოვნებით შეექცეოდნენ ხაჭაპურს, ლიმონათსა და ნაყინს, თან ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

მუზეუმში ბავშვებმა საქართველოს ისტორიიდან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს. ისინი ინტერესით უყურებდნენ გიდს, უსვამდნენ სხვადასხვა კითხვებს, სურდათ, რაც შეიძლება ბევრი გაეგოთ თავიანთი ქვეყნის შესახებ.

,,ყველაზე მეტად მუზეუმი მომეწონა, ბევრი საინტერესო და ახალი რამ გავიგე”, – ღიმილით გვითხრა დღის ბოლოს 11 წლის რებია გოჩალიევმა.

ასოციაცია ,,ტოლერანტმა” კიდევ ერთი ლამაზი და თბილი დღე აჩუქა პატარებს.