პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,ქართულის გაკვეთილები მომწონს”

dscn0782სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახალი პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია”, ფარგლებში რეპატრირებული მესხებისთვის ქართული ენის გაკვეთილებს ახორციელებს.

ქართულის ენის გაკვეთილები საბარგო სადგურის დასახლებაში კვირაში ორჯერ ტარდება.

ასოციაცია ,,ტოლერანტი” რეპატრირებული მესხის სულეიმანოვი იუსუფის სახლში ერთ ოთახს ქირაობს გაკვეთილებისთვის.

 

,,მსგავსი გაკვეთილები ,,ტოლერანტის” სხვა პროექტის ფარგლებშიც ტარდებოდა, ამიტომ არ მიჭირს ბავშვებთან ურთიერთობა. სწავლება მთლად ანბანიდან არ დამიწყია, თუმცა არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებმაც ანბანით დაიწყეს და ამ ორი თვის მანძილზე კარგი შედეგიც აქვთ”, - გვითხრა ქართული ენის პედაგოგმა ნინო ზუმბაძემ.
.
ქართული ენის გაკვეთილზე ცხრა მოსწავლე დადის. ბავშვები ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობენ, თან პარალელურად ასოციაცია ,,ტოლერანტის” მიერ ორგანიზებულ გაკვეთილებსაც ესწრებიან. გაკვეთილებს ბავშვებთან ერთად ოჯახის დიასახლისი ნარგიზი სულეიმანოვაც ესწრება.

როცა ჩვენ გაკვეთილზე მივედით ნინო მასწავლებელი ბავშვებს რიცხვით სახელს და საათის ცნობას ასწავლიდა. მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ინიშნავდნენ რაღაცეებს, პასუხობდნენ კითხვებზე.

,,წიგნი ,,თავთავი”, რომელსაც ვიყენებ ინტერაქტიულ მეთოდებზეა აგებული. გაკვეთილები თამაშ-თამაშით მიმდინარეობს და ბავშვებსაც უადვილდებათ ახალი მასალის აღქმა, უფრო ხალისით სწავლობენ ენას. მეხმარება ისიც, რომ უმეტესობას შეუძლია ქართულად საუბარი და მოსმენა”, - აგვიხსნა ნინო ზუმბაძემ გაკვეთილების ჩატარების სპეციფიკა.

,, ქართულის გაკვეთილებიც ძალიან მომწონს და ნინო მასწავლებელიც, ბევრ ახალ რამეს ვგებულობ, რასაც სკოლაში არ მასწავლიან”, - გვითხრა მეშვიდე კლასელმა გულსარა ნაზიროვამ.

ასოციაცია ,,ტოლერანტის” მიმდინარე პროექტის ერთ-ერთ მიზანს ცენტრებში ქართული ენის ინტენსიური და დაჩქარებული სწავლება წარმოადგენს.

,,ბავშვები მოტივირებულები არიან, რომ რაც შეიძლება ჩქარა და კარგად ისწავლონ ქართული ენა. ეს მათ ინტეგრაციას უფრო მეტად შეუწყობს ხელს”, - გვითხრა ქართული ენის მასწავლებელმა.

პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში ასოციაცია ,,ტოლერანტის” მიერ ქართული ენის გაკვეთილები რეპატრირებული მესხებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც ტარდება, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ აბასთუმანში, სამტრედიის მუნიციპალიტეტ სოფელ იანეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალში.