პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

რეპატრირებული ქალები ფსიქოლოგს ხვდებიან

19 მაისს პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“, ფარგლებში ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი რეპატრირებულ მესხ ქალებს შეხვდა. სამ საათიანი შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათის იყო, მეორე და მესამე ნაწილი კი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო. განხილული იყო შემდეგი საკითხები; რა არის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, რას უნდა ველოდოთ ფსიქოლოგისგან, როგორ ვმართოთ ნეგატიური ემოცია, როგორ ვმართოთ სტრესი, ნეგატიური ბლოკებისგან განთავისუფლება და სხვა.
„ ყველაზე მეტი სტრესის მართვაზე ვიმუშავეთ. ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი მსგავს თემებზე სამუშაოდ, თუმცა მათ უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა ამ საკითხებზე “,- განმარტა ფსიქოლოგმა მანანა სვიმონიშვილმა.

საკუთარ პრობლემებზე საუბრისას, როგორც ფსიქოლოგი ამბობს უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლებში სხვადასხვა პრობლემა გამოიკვეთა, პირველ შემთხვევაში სოციალური სახის, მეორე შემთხვევაში კი საკუთარი თავის რეალიზაციის.
„მათ სურთ თავიანთი თავის და შესაძლებლობების რეალიზაცია, სურთ ქონდეთ საკუთარი შემოსავალი და მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ იყვნენ დაკავებულები“,-ამბობს ფსიქოლოგი.
შეხვედრით კმაყოფილი იყო ნარგიზა სულეიმანოვა; „ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს პრობლემებზე, აქამდე არასდროს მქონია ფსიქოლოგთან ვიზიტი და მის რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ რადგან ეს ჩემთვის აუცილებელია“,- გვითხრა მან.