ხუთშაბათი, 25 აპრილი 2024

არქივი

საახალწლო შეხვედრა აბასთუმანში

26 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თანამშრომლები აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრიანტებს ესტუმრნენ. შეხვედრა აბასთუმნის საჯარო სკოლის ქართული ენის კაბინეტში გაიმართა.

ასოციაციის დირექტორმა ცირა მესხიშვილმა აბასთუმანში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ისაუბრა პროექტში მიმდინარე საქმიანობებზე, რომლებიც ახალი წლიდან კვლავ გაგრძელდება და რეპატრიანტები ძველებურად ისარგებლებენ “ტოლერანტის” სხვადასხვა მომსახურებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც. ისინი სტუმრების წინაშე წარდგნენ სიმღერებითა და ლექსებით, რომლებიც ისწავლეს „ტოლერანტის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ქართული ენის გაკვეთილებზე. განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება გამოიწვია დეპორტაციის 65 წლისთავისადმი მიძღვნილმა კლიპმა. იგი ასოციაცია „ტოლერანტმა“ პროექტის „საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში გადაიღო. კლიპის მთავარი გმირები აბასთუმნის მცხოვრებნი არიან. ამის გამო კლიპმა კიდევ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა. ბავშვებსაც დაუფასდათ შრომა. „ტოლერანტის“ თანამშრომლებმა მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი

10 დეკემბერს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე:„რა ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ“. ტრენინგს მაჰმადიანი მესხები, ძირითადად მოზარდები ესწრებოდნენ. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში. გამართეს პრეზენტაციები. ტრენერი თამარ ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ რეპატრიანტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი ტრენინგები. მათ ცოტა რამ იციან ამ კუთხით, თუმცა აქვთ დიდი ინტერესი.

ქართული ენის შემსწავლელი კურსები

 

 

სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტში“ ქართული ენის კურსები რეპატრიანტთა ახალი ჯგუფისთვის მიმდინარეობს. ჯგუფი სხვადასხვა ასაკის მსმენელებისაგან შედგება.
გაკვეთილებიც შესაბამისი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. მეცადინეობები კვირაში სამჯერ ტარდება. მსმენელები დიდი გულისყურით და მონდომებით ისმენენ ქართული ენის გაკვეთილებს.

ფილმმა „ერთი კენჭი სამშობლო" პრიზი დაიმსახურა

2009 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გაიხსნა მართლმადიდებლური ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი". ფესტივალი მიაძღვნა საქართველოსათვის თავგანწირული ყველა ადამიანის დიად ხსოვნას", ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება".
19 ოქტომბერს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ჩვენება ფილმისა „ერთი კენჭი სამშობლო". ფილმი, რომელიც მაყურებელს მესხ რეპატრიანტთა სამშობლოს გარეთ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრებაზე მოუთხრობს, პროფესიონალთა ჯგუფმა გადაიღო ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა – დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.ფესტივალში მონაწილეობდენ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო და ტელეკომპანიები და ასევე კერძო პირები.
ფესტივალში მონაწილეობდენ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო და ტელეკომპანიები და ასევე კერძო პირები.

ვრცლად: ფილმმა „ერთი კენჭი სამშობლო" პრიზი დაიმსახურა

მუშავდება რეპატრიანტთა მონაცემების კომპიუტერული ბაზა

ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს რეპატრიანტთა მონაცემების კომპიუტერულ ბაზაზე მუშაობა. უკვე განხორციელებული პროექტების ფარგლებში გროვდებოდა ბაზისთვის დაჭირო ინფორმაცია. ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაო ჯგუფი პირადად ეწვია, აღწერა და გაეცნო საჭიროებებს, შეისწავლა რეპატრიანტთა ხელთ არსებული ინფორმაცია.ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა ახალდაბრუნებულ მესხებს. ყველა მოძიებული ინფორმაცია შედის მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.

ამოქმედდა „ცხელი ხაზის“ 24–საათიანი მომსახურება

ასოციაცია „ტოლერანტში“ ამოქმედდა „ცხელი ხაზი“. ოცდაოთხი საათის განმავლობაში რეპატრიანტებს შეუძლიათ დარეკონ მათთვის მნიშვნელოვან თუ პრობლემურ ნებისმიერ საკითხზე. „ცხელი ხაზის“ ოპერატორი მიიღებს, დააფიქსირებს ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს კონსულტაციას ან საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისათვის გადასცემს პროექტის მართვის ჯგუფს.

„ცხელი ხაზის“ ნომრებია: 855-29-38-83

8(265)-2-05-86

გაიხსნა ქართული ენის კაბინეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში გაიხსნა ქართული ენის კაბინეტი. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში გაარემონტა და სათანადო ტექნიკით აღჭურვა სკოლის ერთი საკლასო ოთახი. სკოლაში ადგილობრივებთან ერთად რეპატრიანტი ბავშვებიც სწავლობენ. ამიერიდან აბასთუმნის სკოლის მოსწავლეებს ნათელი, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო სასწავლო მასალით უზრუნველყოფილი კაბინეტი ექნებათ, რაც გააორმაგებს მშობლიური ენის შესწავლის მოტივაციასა და სურვილს.

შეხვედრა რეპატრიანტებთან

 „ტოლერანტის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორში მცხოვრებ რეპატრიანტებს

2009 წლის 23 თებერვალს ასოციაცია „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრებ რეპატრიანტებს ესტუმრა. შეხვედრა თბილ და სასიამოვნო გარემოში გაიმართა. საუბარი რეპატრიანტთა საჭიროებებს, მათ პრობლემებს შეეხო. მესხებმა გულწრფელად ისაუბრეს და „ტოლერანტთან“ თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

გაიმართა რეპატრიანტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2009 წლის 26 მარტს სამტრედიის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის, მათი რეპატრიაციის პროცესებისადმი, სამშობლოს გარეთ და სამშობლოში გატარებული წლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე მესხეთიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ მიიწვიეს. წარმოდგენა, გაჯერებული დიდი სითბოთი, ამ გრძნობას სხვებსაც უზიარებდა. მონაწილეებმა შეძლეს ეჩვენებინათ, როგორ უყვარდათ თავისი სამშობლოს შვილები, როგორ ესმოდათ და სისხლხორცეულად შეიგრძნობდნენ მესხთა ბედს.
ასოციაციის დირექტორმა ცირა მესხიშვილმა სკოლას და ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

,,ფესვების" მე-17 ნომერი

გამოვიდა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ყოველთვიურ გაზეთ „ფესვების“ მე–17 ნომერი, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო სიახლესთან ერთად მკითხველს შეუძლია გაეცნოს შემდეგ სტატიებს:

• „თანმიმდევრულობა და გულწრფელობა წარმატებას განაპირობებს“ – სტატიაში პროექტის დირექტორი ცირა მესხიშვილი წარმოადგენს და განიხილავს პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისათვის“ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ პროექტით ასოციაცია საქმიანობის კიდევ უფრო სერიოზულ ეტაპზე გადადის.
• სტატიაში სახელწოდებით – „აქ ყველგან ჩვენი მიწაა – ქართული“ – გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მცხოვრები რეპატრიანტი სეფად დურსუნოვი ძალზე საინტერესოდ მოგვითხრობს მათი გადასახლების ტკივილიან ისტორიას და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ყოფას.
• საინფორმაციო შეხვედრა „ტოლერანტში“ – „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფს მიაჩნია, რომ რეპატრიანტთა ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სწორედ მათი ინფორმირებით უნდა მოხდეს, ამიტომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაცია ხშირად მართავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. ამ სტატიაში გაეცნობით მორიგი, სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრის დეტალებს.
• „ჩვენი საქართველო“ – სტატიაში მოთხრობილია 2009 წლის 26 მარტს სამტრედიის პირველ საჯარო სკოლაში გამართული მესხი რეპატრიანტებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ. ღონისძიებაზე მესხეთიდან სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენლები მიიწვიეს. მონაწილეებმა შეძლეს ეჩვენებინათ, როგორ ესმით და სისხლხორცეულად შეიგრძნობენ მესხთა ბედს.