პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

არქივი

ტოლერანტის" უცხოელი სტუმრები

28 მაისს ასოციაცია „ტოლერანტში“ უცხოელ სტუმრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ასოციაციას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის – პიტერ სემნების მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში - კამპო კანდი, ჯგუფის ხელმძღვანელი ვიცე–პოლკოვნიკი – ჰოკან რაპი, ამავე ოფისიდან ადგილობრივი ექსპერტი – გია აბაშიძე და ესტონელი ჟურნალისტი – ჯაანუს პირსალუ ეწვივნენ. სტუმრები დაინტერესდნენ „ტოლერანტის“ საქმიანობით. „ტოლერანტის“ მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ, ასოციაციის თანამშრომელმა, გაზეთ „ფესვების“ რედაქტორმა უჩა ბლუაშვილმა სტუმრებს დაწვრილებით გააცვნეს ის საქმიანობები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს. უცხოელებმა ასოციაციისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს და შეხვედრის სურვილი კვლავ გამოთქვეს.

ტოლერანტის" საჩუქრები ბავშვებს

IMG 07741 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ტოლერანტმა“ რეპატრიანტ ბავშვებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. ორგანიზაციის ოფისში მოწვეულ პატარებს ასოციაციის თანამშრომლები საჩუქრებით დახვდნენ. სკოლამდელმა პატარებმა სათამაშოები და ტკბილეული მიიღეს. უფროსებს სასკოლო ნივთები ერგოთ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სტუმრებს „ტოლერანტის“ დირექტორმა მიულოცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თანამშრომლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის რეპატრიანტ ბავშვებს შეხვდნენ. პატარებმა მილოცვები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. შეხვედრას უფროსებიც ესწრებოდნენ.

წლიური ანგარიში

სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“ გამოსცა „წლიური ანგარიში“ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა – დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაიწყო 2007 წელს და დამთავრდა 2009 წელს. ანგარიშში მოთხრობილია პროექტის მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. ანგარიშში ინფორმაცია მოწოდებულია ქართულ–ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია საზოგადოებისთვის.

ქართული ენის კაბინეტის პრეზენტაცია

2009 წლის 18 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის კაბინეტის პრეზენტაცია. კაბინეტი შეკეთდა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხ რეპატრიან-ტთათვის“ ფარგლებში, პროექტი განახორციელა სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკომისიის, „ტოლერანტის“, მესხ რეპატრიანტთა წარმომადგენლები. ქართული ენის კეთილმოწყობილ კაბინეტში ქართული ენის მასწავლებლის ნინო ველიჯანაშვილის დახმარებით ადგილობრივმა და რეპატრიანტმა მოსწავლეებმა ერთობლივად წარმოადგინეს ლიტერატურული ღონისძიება. მაჰმადიანმა მესხებმა ქართული ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს დიდი მადლიერება და სიხარული ახალი კაბინეტის გამო. ქართულად ამეტყველებული პატარების ემოციები უფროსებსაც გადაედოთ და ცრემლების შეკავება უჭირდათ.

ორი კვირა აწყურის ბანაკში

2009 წლის 14 ივლისს 45 ბავშვი აწყურის საზაფხულო ინტეგრაციულ ბანაკში გაემგზავრა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხ რეპატრიანტთათვის“ ფარგლებში ბავშვებს ორიკვირიანი დასვენების საშუალება მისცა.
ზაფხულის ცხელ დღეებს ბავშვები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკში გაატარებენ. მონაწილეთა ჯგუფი ძალიან მრავალფეროვანია. ერთად დაისვენებენ რეპატრიანტი მოზარდები ახალციხიდან, აბასთუმნიდან, გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალიდან, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთიდან, ადგილობრივი ქართველი და სომეხი მოსწავლეები. ჯგუფს შეუერთდა ორი დეპორტირებული მესხი აზერბაიჯანიდან. ჯგუფისთვის შეირჩა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ახალგაზრდების ინტეგრაციას ისახავს და რომელიც ერთნაირად საინტერესო და სახალისო იქნება ყველასთვის.

შეხვედრები რეპატრიანტთა დასახმარებლად

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი, რეპატრიანტთა წარმომადგენლები მამუკა ხუციშვილი და ოლადდინ ხამდიევი შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თედორაძეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს ირაკლი კოკაიას. საუბარი შეეხო საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტების პრობლემებს, სირთულეებს, რომელთაც ისინი აწყდებიან საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში დოკუმენტების არქონა ან მოუწესრიგებლობა რეპატრიანტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის:
მოკლებულნი არიან სოციალურ დახმარებებს, რომელიც ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს, ცხოვრობენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, აწყდებიან დაბრკოლებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეხვედრაზე რეპატრიანტებს განემარტათ, რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, აეხსნათ მათი მოთხოვნების შესაბამისობა კანონთან.
ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორმა ცირა მესხიშვილმა რეპატრიანტთა დახმარების მიზნით ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. სოზარ სუბარისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია:„ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ რეპატრიანტების ესოდენ მძიმე და გაურკვეველი მდგომარეობა და დაგვეხმაროთ, რათა მათ უახლოეს ხანებში შეძლონ მოქალაქეობის მიღება, უკიდურეს შემთხვევაში განემარტოთ და მიეწოდოთ დამაჯერებელი და ობიექტური არგუმენტები შესაბამისი უწყებებიდან მოქალაქეობის უარის მიღების მიზეზებზე“.

„კათარზისი“ და „ტოლერანტი“ მადლიან საქმიანობას ერთად აგრძელებენ

საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია ,,კათარზისის’’ დაფუძნებიდან 20 წელი შესრულდა. ორი ათეული წლის მანძილზე უპოვართა მეოხის, ჰუმანური ასოციაციის საქმიანობა საქვეყნოდ ცნობილი გახდა.
რეპატრიანტთა საჭიროებების, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გამომდინარე სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორმა თხოვნით მიმართა „კათარზისის“ რაიონულ ორგანიზაციას. „ტოლერანტის“ მიმართვას საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სერგო მიქუტიშვილი დიდი გულისხმიერებით გამოეხმურა. რეპატრიანტებმა მიიღეს როგორც საჭირო მედიკამენტები, ისე ტანსაცმელი. მეტიც, სერგო მიქუტიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლებიც ითვალისწინებს სისტემატურ გასვლებს რეპატრიანტების ოჯახებში მათი საჭიროებების შესასწავლად, მათ დასახმარებლად.

მორიგი სტუმრობა რეპატრიანტთა საჭიროებების შესასწავლად

2009 წლის 10 აგვისტოს „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფი ეწვია აბასთუმანში მცხოვრები რეპატრიანტების ოჯახებს. ეს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი მესხი რეპატრიანტებისათვის“ ფარგლებში დაგეგმილი მორიგი ვიზიტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მაჰმადიანი მესხების პრობლემებისა და საჭიროებების კიდევ ერთხელ გაცნობა–აღწერას. „ტოლერანტის“ თხოვნით შემოვლაში მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი სერგო მიქუტიშვილი. რეპატრიანტებს ადგილზე გაეწიათ იურიდიული კონსულტაციები, უფასოდ გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.

 

რეპატრიაციის შესახებ კანონის დასამარება

გამოქვეყნებულია ჟურნალ  “კავკასკი აქცენტში” #1, 2010 წელი.

მარატ ბარათაშვილი

2009 წლის 31 დეკემბერს რეპატრიაციის სტატუსის მაძიებელი დეპორტირებული მესხების დოკუმენტების მიღების ვადა ამოიწურა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვამაყობ ჩემი ქვეყნით. მიყვარს და ყველანაირად ვიცავ მას. როცა ხელისუფლება ჩემი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მე მას მხარს ვუჭერ. თუ ის ჩემზე ცუდად მუშაობს, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვთქვა ამის შესახებ. ...

როდესაც ისტორიული ფაქტები ისეთი არ არის, ან სულაც არ არის ისეთი, როგორიც გვსურს რომ იყვნენ, პოლიტიკოსები მიმართავენ მითებს. ეს არც ახალია და არც ჩვენს პოლიტიკოსებს მოუგონიათ. ეს პრაქტიკა დიდი ხანია, არსებობს. ქვემოთ ნახსენები მითის საავტორო უფლებები კი ჩვენს პარლამენტარებს ეკუთვნის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოდის და დიდი წარმატებით ახლანდელ დროშიც ცოცხლობს. ასე, რომ არსებობს ცხოველი მითი იმის შესახებ, რომ მესხების გასახლება მოხდა საქართველოს სსრ-ის ხელისუფლების გარეშე, რომ ამის შესახებ მათ გაიგეს მხოლოდ ბოლო მომენტში, რომ მათ სურდათ შეწინააღმდეგებოდნენ ამას, მაგრამ ვერ შეძლეს.

ვრცლად: რეპატრიაციის შესახებ კანონის დასამარება

არქივი-ტოლერანტელებმა რეპატრიანტ ახალგაზრდებს გაბედნიერება მიულოცეს

2009 წლის 15 აგვისტოს რეპატრიანტებმა კიდევ ერთი ახალი ოჯახის შექმნა აღნიშნეს. მაკარიძე ვაჰიდინისა და რაჰიმოვა ნაიდას ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან. სტუმართა შორის იყვნენ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ ტოლერანტის“ წარმომადგენლებიც. წყვილებმა უხვად მიიღეს უამრავი გულითადი მილოცვა. რეპატრიანტების ბედნიერების თანამონაწილე იყო სამეზობლო – ადგილობრივი ქართველებიც და სომხებიც. ეს ახალციხეში გამართული რეპატრიანტთა პირველი ქორწილი იყო.

„ტოლერანტი“ კიდევ ერთხელ ულოცავს ახალგაზრდებს გაბედნიერებას, უსურვებს სამშობლოში მშვიდობიან ცხოვრებას, სიხარულსა და გამრავლებას.